რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით
2024 წლის 1-ელი დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს ცვლილება, რომელიც „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა.
კერძოდ, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა მუხლი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა, რომელიც განმარტავს, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლებისას, საგანმანათლებლო დაწესებულებამ სწავლების პროცესში კონკრეტული აკრძალვის შესაბამისად უნდა იხელმძღვანელოს:
„დაუშვებელია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების/კოლეჯის საქმიანობის ფარგლებში ან/და ამავე დაწესებულების/კოლეჯის ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს ხელი არ მოაწერა, რასაც ხელისუფლებამ “არათანმიმდევრულობა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი” უწოდა.
ასევე იხილეთ:
რა ჩაითვლება ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციად – ცვლილება ბავშვის უფლებათა კოდექსში
- როგორია NAEC-ის მიერ ჩასატარებელ გამოცდებსა და კვლევებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ტარიფები – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა ცნობილია – სია by ARIS.GE-განათლება
- გაზრდილი ხელფასები განათლების სამინისტროში – როგორ ნაწილდება თანხები თანამდებობების მიხედვით 2025 წელს – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება