GE

პროფესიულ პროგრამებზე მიღების წესი იცვლება – როდის დაიწყება მსურველთა რეგისტრაცია

პროფესიულ სასწავლებლებში არსებულ პროგრამებზე მიღების წესები იცვლება და ის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კოლეჯებზე გავრცელდება. პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია კი, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში გამოცხადდება. 2021 წლის რეგისტრაციის შედარებით დაგვიანების მიზეზი პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა და დაგეგმილი ცვლილებებია.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ, 13 ივნისს, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ მოსამზადებელი პროცესი უკვე დაწყებულია და კოლეჯები მიმდინარე თვის ბოლომდე განსაზღვრავენ მისაღები კონტინგენტის ოდენობას.

პროფესიულ პროგრამებზე მიღება გამოცხადდება, როგორც ტრადიციულ, ასევე ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლის დასრულების შემდეგაც, კურსდამთავრებულები ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ. წელს ინტეგრირებულ პროგრამებს 1200-მდე ახალი ადგილი დაემატება.

„კოლეჯების მხრიდან ანკეტა -კითხვარების შევსების პროცესი გამოყოფილი ადგილების შესახებ, სავარაუდოდ დაიწყება ივნისის ბოლოს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და ივლისის პირველ რიცხვებში შეეძლებათ აპლიკანტებს დარეგისტრირება. ვერ ვიტყვით, რომ რეგისტრაციის შედარებით გვიან გამოცხადება, ინტეგრირებულ პროგრამებს უკავშირდება, ერთგვარად ესეც არის გარემოება და არა ერთადერთი. „პროფესიული განათლების შესახებ კანონმა“ განსაზღვრა ვალდებულება, რომ პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ყოფილიყო შემოღებული. აქამდე, კერძო პროვაიდერები არ იღებდნენ სტუდენტებს ერთიანი ტესტირების გზით და ეს საჯარო კოლეჯებისთვის და კერძოებისთვის აუცილებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სურდათ სახელმწიფო დაფინანსების მიღება. ეს დიფერენციაცია სისტემაში ვეღარ შენარჩუნდება იმიტომ, რომ ყველა სტუდენტი სტუდენტია და ყველა პროვაიდერი პროვაიდერია, ამიტომაც ახალი კანონის საფუძველზე, უკვე შემუშავდა პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის ახალი რეგულაცია. ახალი წესი არის ბევრად უფრო დეცენტრალიზებული, მაგალითად მხოლოდ მე-5 დონეზე რჩება ნაეკის მიერ ორგანიზებული ერთიანი პროფესიული ტესტირება და მე-3 და მე-4 დონეებზე თავად კოლეჯები დააადმინისტრირებენ მიღებას. ანუ, არსებითად იცვლება ჩარიცხვის და მიღების წესი და ეს წესი ძალიან მალე შევა ძალაში“, – განაცხადა კახაბერ ერაძემ.

პროფესიული განათლების შესახებ კანონმდებლობა საქართველოში რამდენიმე წელია შეიცვალა, თუმცა მისი აღსრულება დროში შეფერხდა. პარლამენტის განათლების კომიტეტში საკითხის განხილვისას აღნიშნეს, რომ მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები ჯერ კიდევ მიღებული არ არის, რისი მიზეზიც სხვადასხვა დაბრკოლება გახდა,  მათ შორის ერთ -ერთი იყო კორონავირუსის პანდემიის გავრცელება.

პროფესიული განათლების ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური