რა შემთხვევაში მიიღებენ ერთჯერად დახმარებას რეპეტიტორები და ძიძები
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის მიმოხილვის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის გამო, შექმნილი მდგომარეობის შედეგად, განათლების, ჯანდაცვისა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირები ნაკლებად დაზარალდებიან. თუმცა ეს პროგნოზები ფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებს ეხება, კერძო სექტორში თვითდასაქმებული ამბობენ, რომ მათ უკვე ნახეს ზარალი, თუმცა დახმარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა EDU.ARIS.GE-ს მკითხველებში, რომლებიც აცხადებენ, რომ პანდემიის შემდეგ განვითარებული მოვლენების შედეგად, უკვე დაზარალდა კერძო სკოლების პედაგოგების ნაწილი, რადგან მათ ხელფასები შეუმცირეს, ასევე სკოლების ტექნიკური პერსონალი, რომლებიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს და ასევე კერძო რეპეტიტორების ნაწილი.
ანა 20 წლისაა და ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს. სწავლის პარალელურად ის მოსწავლეებს კერძო გაკვეთილებს უტარებდა, თუმცა პანდემიის გამო, შემოსავლის ეს წყარო დაკარგა.
„გრაფიკი ისე მქონდა შედგენილი, რომ ლექციებზეც დავდიოდი და მოსწავლეებთანაც, პირად ხარჯებს ასე ვფარავდი. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთ-ერთი მოსწავლისგან 200 ლარი მეკუთვნოდა უნდა ჩაერიცხათ, დამირეკა მშობელმა, ბოდიშიო ვეღარ ვრიცხავო სამსახურები დავკარგეთო, რა უნდა მექნა? ჩხუბს ვერ დავუწყებდი. სურვილი მაქვს, როგორც თვითდასაქმებული დახმარების პროგრამაში მოვხვდე, მაგრამ დამადასტურებელი დოკუმენტები როგორ უნდა მოვიპოვო? ალბათ შეუძლებელია. ისიც მესმის, რომ შეიძლება ნებისმიერმა პირმა თქვას რეპეტიტორად ვმუშაობდიო და სახელმწიფოს გაუჭირდება სწორი დასკვნები გააკეთოს “, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
თუმცა ოჯახებში დასაქმებული რეპეტიტორების გარდა, ქვეყანაში არსებობენ კერძო მასწავლებლები, რომლებიც იურიდიულ პირებთან (სხვადასხვა მოსამზადებელ ცენტრებში) მუშაობდნენ და შემოსავალი ოფიციალურად უფიქსირდებოდათ, ასევე შექმნილი ჰქონდათ შპს და კერძო მოსწავლეებისგან თანხები ერიცხებოდათ, ასეთ პირები დახმარების მიღებას შეძლებენ.
სახელმწიფო იმ პირებისთვის, რომლებმაც COVID-19- ის პანდემიისგან გამოწვეული მიზეზებით სამსახურები დაკარგეს, ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს და ფიქსირებული ანაზღაურება ჰქონდათ, 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას გასცემს, იმ პირებს კი, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას გადასცემენ, თუმცა პირს შემოსავლების დადასტურება მოუწევს.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთჯერად დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას შეძლებენ. შესაბამისად, ფიზიკურ პირებთან დასაქმებულ მოქალაქეებს, რომელთა შორის რეპეტიტორები და ძიძებიც არიან, დახმარების მიღების შანსი თითქმის ნული აქვთ. თუმცა ის მასწავლებლები, რომლებიც ცენტრებში მუშაობდნენ ან შპს აქვთ და ძიძები, რომლებიც ასევე მიკრომეწარმეებად იყვნენ რეგისტრირებული, დახმარების მიღებას შეძლებენ.
„ძალიან ბევრი რეპეტიტორი გვყავს, რომელთა შემთხვევაშიც იურიდიული პირის მიერ დასაბუთება შესაძლებელია, ასევე ძიძების ნაწილი მიკრომეწარმეებად არიან რეგისტრირებულნი და შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ისინი მიიღებენ დახმარებას. იქმნება ონლაინ რეგისტრაციის პორტალი, სადაც თვითდასაქმებულს ან ადამიანს, შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია. ამ თვითდასაქმებულებს შორის არის ორი კატეგორია. ერთი – თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში ინდივიდუალურ მეწარმეებად, მცირე და მიკრო ბიზნესად, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული ყველა თვითდასაქმებული ავტომატურადაა გათვალისწინებული, როგორც ამ დახმარების მიმღები პირი. გაცილებით უფრო რთულია არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა იდენტიფიცირება. იმ ადამიანებს, რომლებიც ოფიციალურად არ არიან თვითდასაქმებულად რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში, თუმცა თვლიან თავს თვითდასაქმებულად, შესაძლებლობა ეძლევათ, რომ შეიყვანონ ონლაინ პორტალზე თავისი პირადი ინფორმაცია, ასევე მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა ტიპის საქმიანობაში იყვანენ ჩართული და რა შემოსავალი ჰქონდათ პანდემიამდე და წარმოადგინონ იურიდიული პირისგან მიღებული საბუთი, რომელიც მათ დასაქმებას ადასტურებს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
თვითდასაქმებულებს განაცხადის შევსება კომპენსაციისთვის 21 მაისიდან 1 ივნისამდე შეეძლებათ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE