რა სიმძიმით მიმდინარეობს ბავშვებში კორონავირუსი და რა არის მთავარი მათთან მიმართებაში
კორონავირუსის გავრცელებისთანავე გამოითქვა მოსაზრება, რომ ბავშვები ყველაზე ნაკლებად შედიოდნენ რისკჯგუფებში და მათი უმრავლესობა ვირუსს ადვილად გადაიტანდა. ეს მოსაზრება დროთა განმავლობაში ფაქტებითაც გამყარდა. ასევე, ქართველი პედიატრების ხშირად უსვამენ ხაზს, რომ ნაკლებია ისეთი შემთხვევები, როდესაც კოვიდინფიცირებული ბავშვის სტაციონალური მკურნალობაა საჭირო.
პედიატრის, პროფესორ თემურ მიქელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ბავშვების დაახლოებით 99 პროცენტში დაავადება მსუბუქი ფორმით, უსიმპტომოდ, ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს.
„როგორც ჩვენი, ასევე ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მონაცემებით, ვირუსი ბავშვებში მიმდინარეობს აბსოლუტურად მსუბუქად, დაახლოებით 99%-ზე მეტ შემთხვევაში მიმდინარეობს მსუბუქად, უსიმპტომო ფორმით ან საშუალო სიმძიმით. 0.8-0.7% შემთხვევაში გვჭირდება სტაციონალიზაცია და შესაბამისად, ისინი ითვლებიან კრიტიკულ პაციენტებად, ან ითვლებიან მძიმე პაციენტებად. ბავშვებთან პრობლემა არ უნდა შევქმნათ, უნდა ვმართოთ. პირველ რიგში, უნდა დავამშვიდოთ მშობელი, უნდა დავამშვიდოთ მოზარდი. ბოლო პერიოდში სულ არის საუბარი, რომ ჩვენი ექიმები, ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან განსხვავებით, ბოლო რამდენიმე ათეული წელია, ამ პაციენტებს ისედაც ონლაინ კონსულტაციებს უწევდნენ. ეს ონლაინ კონსულტაციები ახალი იყო ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვის, ეს ჩვენთვის ისედაც მიღებულია“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.
მისივე თქმით, ბავშვებთან მიმართებაში, მთავარია, დროული მონიტორინგი და პედიატრების მიერ მდგომარეობის სიმძიმის სწორად შეფასება.
თემურ მიქელაძემ ის სიმპტომები დაასახელა, რა დროსაც უნდა მოხდეს ბავშვის ჰოსპიტალიზაცია.
„ეს არის პირველ რიგში სუნთქვის სიხშირე, რომელიც ყველა დედამ იცის, შესაბამისად მისი თვლაც ყველამ იცის, თუ რა დროს უნდა მიმართოს ექიმს და როდის მოახდინოს მისი ჰოსპიტალიზაცია. მთავარია, ბავშვი არ იყოს მივარდნილი, არ იყოს გაუწყლოების ნიშნები და მაღალი ცხელება. სწორედ ეს არის ის კრიტიკული ნიშნები, რომლითაც ექიმმა შეიძლება, გადაწყვიტოს, ეს პაციენტი გადაამისამართოს, თუ არა“, – განაცხადა მიქელაძემ.
პედიატრი აღნიშნავს, რომ მართალია, ძირითად შემთხვევაში, ბავშვებში ინფექცია მსუბუქად ვითარდება, მაგრამ ისინი შესაძლოა, ოჯახის უფრო ასაკოვანი წევრებისთვის ინფიცირების გამავრცელებლები აღმოჩნდნენ.
1tv
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE