GE

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სკოლის სასელექციო გამოცდები“ – საფრანგეთის ატაშე საქართველოში განათლების რეფორმას აფასებს

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ატაშემ განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსაწონია განათლების რეფორმის ის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს შეუმსუბუქდათ სკოლის გამოსაშვები გამოცდების ტვირთი, რადგან ისინი უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვისაც ემზადებოდნენ. თუმცა აქვე დასძენს, რომ მათ რეფორმების შემდეგაც აქვთ სკოლაში სასელექციო გამოცდები.

„საფრანგეთში, ისევე როგორც საქართველოში, არსებობდა სისტემა, როდესაც მოსწავლეებს სჭირდებოდათ როგორც სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება, ასევე უნივერსიტეტში ჩასაბარებელ გამოცდებზე გასვლაც. ამან საფრანგეთშიც გამოკვეთა იგივე პრობლემები, რაც თქვენთან. ერთი, რომ ძალიან დიდი დატვირთვა იყო მოსწავლეებზე ამ ყველაფრისთვის მოსამზადებლად და მეორე, რომ უთანასწორო მდგომარეობაში ვარდებოდნენ მოსწავლეები, როდესაც სკოლის გამოცდების პარალელურად უხდებოდათ დამატებით მომზადება, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ უნივერსიტეტის გამოცდებშიც.

„ამიტომ საფრანგეთში შევქმენით ერთიანი საგამოცდო სისტემა. რა თქმა უნდა, სკოლებში გვაქვს სასელექციო გამოცდები, მაგრამ ახლა საფრანგეთში არის ერთი გამოცდა, რომელიც აერთიანებს სკოლის დამამთავრებელ და უნივერსიტეტში ჩასაბარებელ გამოცდებს. გამოცდები უმეტეს შემთხვევაში ტარდება წერით, რაც არ გულისხმობს ტესტირებას და გვაქვს ზეპირი გამოცდა, ძირითადად უცხო ენებში“, – განაცხადა ელეონორა გარნიემ.

დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან  განაცხადეს, მიზანი ინფორმაციის გაცვლა და მომავალში მათი მხრიდან რეკომენდაციების შეთავაზება იყო.

„ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შეხვედრაზე გაგვიზიარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. ეს ეხებოდა ძირითადად კვლევებს, რომელიც ჩატარდა და რომელმაც გამოავლინა უთანასწორობა სწავლების ხარისხთან და შედეგებთან დაკავშირებით რეგიონებსა და დედაქალაქს შორის, დიდ ქალაქებსა და სოფლებს შორის. შეხვედრის განმავლობაში დამსწრე ორგანიზაციებისგან გაჟღერდა რეკომენდაციები, რაც დაეხმარება ზოგადად სიტუაციის გაუმჯობესებას და შემდგომში უკეთეს შედეგებს მოუტანს როგორც უნივერსიტეტებს, ასევე სისტემას“, – განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა.

როგორც ცნობილია, განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილმა ცვლილებებმა, მათ შორის „კატის“ გამოცდების გაუქმებამ სკოლებში, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. განათლების სამინისტრო გვარწმუნებს, რომ ცვლილებები უკეთესი შედეგების მიღწევას ემსახურება და ძალიან მალე დადებითი დინამიკა ხელშესახები გახდება.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური