GE

რა უთხრა პრეზიდენტმა სტუდენტებსა და ახალგაზრდებს სახელმწიფო დროშის შესახებ

“თქვენ ეს დროშა იქ უნდა მიიტანოთ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია. ჩვენი დროშა არის ჩვენი ძალის გამოხატულება და მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს – ეს არ არის მხოლოდ მატერიალური სიმბოლო, ჩვენ ყველას გვევალება დროშის პატივისცემა, ამავე დროს, უნდა ვგრძნობდეთ იმ პასუხისმგებლობას, რის გარეშეც ეს დროშა არაფერს ნიშნავს”, – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დროშის დღეს ახალგაზრდებს.

სახელმწიფო დროშის დღე პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში 14 იანვარს სტუდენტებთან ერთად აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის ეზოში დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სტუდენტებმა კი ორბელიანების ქუჩაზე საქართველოს გიგანტური დროშა გაშალეს.

პრეზიდენტმა სტუდენტებს უთხრა, რომ საქართველოს დროშა გვიცავს და იცავს ფასეულობებს, რაც გვაერთიანებს და მის დაცვაში ახალგაზრდების როლი მნიშვნელოვანია.

“დროშა წარმოადგენს ყველაფერს, რაც საქართველოს შეადგენს. მისი ღირებულებები, იდენტობა, მისი მრწამსი, მისი ბრძოლები წარსულში და მისი გამარჯვებები დღეს და ხვალ. ეს დროშა არის ჩვენი დასაცავი, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს და იცავს იმ ფასეულობებს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. დროშა ჩვენი ერთობის გარეშე კარგავს თავის ძალას, დანიშნულებას და ამიტომ, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ყველაფრის მიუხედავად მივაღწიოთ იმ ძალიან დიდ ძალას, რასაც ნებისმიერ სახელმწიფოში ხალხის ერთობა ჰქვია. და მე მინდა, რომ ახალგაზრდებს გითხრათ – ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია. თქვენ ეს დროშა იქ უნდა მიიტანოთ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, რომ ის ფასეულობები, რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოზე. თქვენ ყველას გესმით დღეს მე რაზე ვსაუბრობ და არ მინდა, რომ ვისაუბრო, მაგრამ გესმით კარგად. თქვენ დაიცავით ეს ქვეყანა და ამითი დაიცავთ ამ დროშას, ეს დროშა იქნება მუდმივად, მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვებას ვუსურვებ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური