GE

რა ვალდებულებები აქვს სკოლის მანდატურს 700 ლარად – თბილისში 20 ახალი ვაკანსია გამოცხადდა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა თბილისის სკოლებში 20 მანდატურის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა, მაგრამ სკოლების ჩამონათვალის დაკონკრეტებაზე 19 სექტემბერს უარი განაცხადეს.

მანდატურის ანაზღაურება 700 ლარით (ხელზე ასაღები) განისაზღვრება. რამდენად პროპორციულია მანდატურის ანაზღაურება მის ვალდებულებებთან?

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ კანონის მიხედვით, მანდატურის საქმიანობა შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს:

  1. ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება;
  2. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
  3. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება;
  4. ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა;
  5. მანდატურის, მანდატურის სამსახურისა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობა.

სამსახურის მსურველი პირები გაივლიან გასაუბრებას და შემოწმდება მათი ფიზიკური მზაობა, რის შედეგადაც შეირჩევა კადრები, რომლებიც შსს-ს აკადემიაში 2-თვიან მოსამზადებელ კურსებს გაივლიან.

ცნობისთვის, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნასამართლობის არმქონე და სახელმწიფო ენის მცოდნე საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, ასევე, პირს სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით და კანდიდატს, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააჩნია.

დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები 2022 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა გააგზავნონ. საჭირო დოკუმენტების სანახავად მიჰყევით ბმულს.

მოამზადა მერი ტაბატაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური