რამდენად ქმედითია ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსი? – სასამართლომ ბავშვების პირველი დამოუკიდებელი სარჩელი არ მიიღო
საქართველოს პარლამენტის მიერ, ახლადმიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-13 მუხლი ითვალისწინებს, რომ მოზარდებს აქვთ უფლება, საკუთარი ინტერესების დასაცავად სასმართლოს, ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურას მიმართონ. ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა პრეცედენტი, როდესაც ბავშვებმა სასმართლოს მიმართეს, თუმცა მათი სარჩელი არ დაუშვეს.
საუბარია იმაზე, რომ 7, 11 და 17 წლის მოზარდებმა, 2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში დამოუკიდებლად მიმართეს სასამართლოს საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით. სარჩელი ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მხრიდან ბავშვების უფლებების დარღვევას ეხებოდა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოზარდებს მიუთითა, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა ბუნდოვანია და საჭიროა მიმართონ სასამართლოს სხვა კოლეგიას. სასამართლო ბავშვებს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში ასევე განუმარტა, რომ მოზარდებს აქვთ უფასო იურიდიული დახმარების მიღების უფლებაც
ბავშვის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოს უნდა ჰქონდეს უფრო ქმედითი მექანიზმი და თავად შესთავაზოს ბავშვებს ამგვარი დახმარება, ვინაიდან, ბავშვებმა შესაძლოა ვერ მოახერხონ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირება ტელეფონის არქონის ან გადაადგილების შეუძლებლობის გამო.
„მიგვაჩნია, რომ საჭიროა სასამართლომ იმსჯელოს ბავშვებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფრო ქმედითი მექანიზმების შემუშავებაზე, რა დროსაც ბავშვებთან სასამართლოს კომუნიკაცია მოხდება ბავშვებისათვის გასაგები ენით და მათ სასამართლო საკუთარი უფლებების დაცვაზე უარს არ ეტყვის იურიდიული ტექნიკის არქონის მიზეზით. მნიშვნელოვანია, გაეროს ბავშვთა უფლებებისა კონვენციით და საქართველოს „ბავშვის უფლებების კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვების სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ დარჩეს ფორმალურ ჩანაწერად და ამ უფლებით სარგებლობა ბავშვებმა რეალურად შეძლონ“, – ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“.
ბავშვის უფლებათა ახალ კოდექსში მოზარდების სამართლებრივი დავის უფლება შემდეგნაირადაა განმარტებული:
“ბავშვს უფლება აქვს, საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და ისარგებლოს მართლმსაჯულების ისეთი სისტემით, რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი, სწრაფი, სამართლიანი, თანამიმდევრული, მისი უფლებებისა და საჭიროებებისთვის მორგებული, ბავშვის ღირსებისა და პირადი ცხოვრების მიმართ პატივისცემის გამომხატველი”.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE