GE

რას ამბობენ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები

პირველი აბიტურიენტი, რომელმაც საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი საგამოცდო ცენტრი, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა დატოვა  ნინო დვალიშვილი აღმოჩდა.  საგამოცდო ტესტის შესავსებად მას დაახლოებით 1:30 საათი დასჭირდა.

,,რთული ნამდვილად არ იყო. ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი” შემხვდა და დავით გურამიშვილის ,,ანდერძი”. არც გრამატიკული ნაწილი არ ყოფილა რთული. მინიმუმ 70 ქულას ველოდები. რაც შეეხება გარემოს, ძალიან მშვიდ ვითარებაში წარიმართა პროცესი, დამკვირვებლებიც ძალიან კარგად გვექცეოდნენ,”- ასე შეაფასა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ნინომ Aris.ge-განათლებასთან საუბარში.

ტესტით და თავისი შრომით კმაყოფილი იყო  ალიკ  ბაკაევიც, როგორც მან Aris.ge-განათლებასთან საუბარში აღნიშნა, გრამატიკულ ნაწილში მოსული ტექსტის რედაქტირება ,,იმდენად  მარტივი იყო რომ არც კი ელოდა.” ალიკიც ფიქრობს, რომ მისი ქულა ქართულში 70-ზე მეტი იქნება.

,,ვერ ვიტყვი, რომ რთული გამოცდა იყო.  ქარჩხაძე და გურამიშვილი შემხვდა, ესეს ნაწილში ნაადრევი, არასრულწლოვანთა ქორწინება მოვიდა, დასარედაქტირებელი ტექსტიც ადვილი მეჩვენა. ასე რომ კმაყოფილი ვარ,”- აცხადებს თათია ნანობაშვილი.

გამოცდის პირველი ნაკადის გამომსვლელთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც გამოცდას ორი სიტყვით აფასებდა – „რთული იყო“. თუმცა სირთულის დაკონკრეტებისგან თავს იკავებდნენ.

გამოცდის მეორე სესიიდან გამოსული აბიტურიენტები, Aris.ge-განათლებასთან ამბობენ, რომ ტესტი საშუალო სირთულის იყო.

“დავით გურამიშვილის ნაწარმოებიდან შემხვდა ამონარიდი, როგორც პროგრამული, ისე არაპროგრამული. რაც შეეხება გრამატიკულ ნაწილს, ტექსტის კორექტირება ნამდვილად არ ყოფილა რთული. ესეზე კითხვა იყო მოცემული ადრეულ ასაკში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით – “იძლევა თუ არა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ამ პრობლემის მოგვარების საშუალებას”,- ამბობს ლევან კოხრეიძე.

“საგამოცდო სექტორში გარემო დაძაბული არ ყოფილა. ჰაკი აძბადან შემხვდა ამონარიდი და ვფიქრობ, რომ დავალებას კარგად გავართვი თავი”,- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნინო დოლიძემ.

“მინდა აბიტურიენტებს ვუთხრა რომ ტესტში, სადაც იქსების “X” დასმაა საჭირო, ე.წ პწიჩკები ✔არ დასვან. ეს შეცდომაა და მეთვალყურე აუცილებლად თავიდან გადააწერინებს. სწორედ ასეთი შემთხვევა იყო ჩემ სექტორში. ჩემი თავით კმაყოფილი ვარ, ჰაკი აძბა და დავით გურამიშვილიდან შემხვდა ამონარიდი და ვფიქრობ, კარგად დავწერე”,- ამბობს გვანცა ბერიძე, რომელმაც გამოცდა მუხიანის საგამოცდო ცენტრში ჩააბარა.

რაც შეეხება სოციალურ ქსელებში გამოთქმულ უკმაყოფილებას, რომ დავით გურამიშვილის ,,ანდერძი” არაპროგრამული იყო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ,,თხზულების ნაწილში ორი ტექსტი მოდის: ერთი პროგრამული და ერთიც არაპროგრამული, არჩევანს მათ შორის კი თავად აბიტურიენტი აკეთებს”.

კიდევ ერთი დეტალი, თითქმის ყველა აბიტურიენტმა, ვინც გამოცდიდან 2 საათში გამოვიდა მშობლისგან საყვედური მიიღო: ,,რა გეჩქარებოდა, ხომ გითხარი ბოლომდე იყავი და კარგად დაფიქრდი”.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ქართულის გამოცდას აბიტურიენტები ასევე ხვალ, 3 ივლისსაც ორ სესიად ჩააბარებენ. შაბათი და კვირა დასვენების დღე იქნება, 6 ივლისს კი საგამოცდო პროცესი ზოგადი უნარების გამოცდით განახლდება.

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა

ეკა წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური