GE

რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია

ზოგადი განათლების სისტემაში ნომერ მეორე გამოწვევად განათლების სამინისტრო სასწავლო რესურსებს ასახელებს და ამბობს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის ორგანიზებას საკუთარ თავზე იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების მწვავე კრიტიკა მრავალი წლის განმავლობაში ისმოდა, რასაც განათლების სამინისტრო, სულ მცირე, ბოლო ათი წლის მანძილზე არ ეთანხმებოდა, დღეს ზოგადი განათლების რეფორმის ავტორები წერენ:

„თავისუფალმა საბაზრო მექანიზმებმა და კონკურენციის ხელშეწყობის პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო ისეთი მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების შექმნა, რომლებიც მოსწავლეს მისცემს თითოეული საგნისთვის აუცილებელ საბაზო ცოდნას, განუვითარებს სისტემური აზროვნებისა და ღრმა გაგების უნარს. დღეს სახელმძღვანელოთა ნაწილი მოსწავლეს მხოლოდ ფრაგმენტულად აწვდის სასწავლო მასალას. სასწავლო რესურსები მოკლებულია შინაარსობრივ მთლიანობასა და სისტემურ თანმიმდევრობას, რაც ვლინდება საფეხურებსა და საგნებს შორის სუსტი კავშირებით და ინტეგრაციის დაბალი ხარისხით. სახელმძღვანელოები უმეტესწილად ჩამოშორებულია სახელმწიფოებრივი ხედვისა და ეროვნული იდენტობის ღირებულებით საფუძვლებს. ამასთან, ერთსა და იმავე კლასში, ერთსა და იმავე საგანში გვაქვს რამდენიმე სახელმძღვანელო, რაც ვერ უზრუნველყოფს ვერც ერთიან მიდგომას და ვერც სწავლის საერთო ხარისხს“.

ამ მოსაზრების წაკითხვისას, შესაძლოა იფიქროთ, რომ რომელიმე გარე შემფასებლის კვლევიდან ამონარიდი შემოგთავაზეთ, თუმცა არა, ეს სიტყვები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ზოგადი განათლების სისტემის ეროვნული რეფორმის პროექტში წარმოგვიდგინა.

და როგორ ხედავს გივი მიქანაძის უწყება მრავალწლიანი პრობლემის მოგვარებასა და იმ სახელმძღვანელოების “გაპატიოსნებას”, რომლებიც წლებია, კრიტიკას ვერ უძლებს?

აი გადაწყვეტა, რომელსაც რეფორმით გვთავაზობენ და შედეგად სისტემური და განახლებადი რესურსების შემოთავაზებას გვპირდებიან – ყველა სკოლაში და ყველა საფეხურზე ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი.

„განხორციელდება სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა, რაც გულისხმობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან სახელმძღვანელოების შემუშავებას, იმ პრინციპით, რომ უზრუნველყოფდეს ცოდნის სიღრმეს, სისტემურ აზროვნებასა და ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირებულებების გააზრებას. გარდა ამისა, სახელმძღვანელო იქნება მუდმივად განახლებადი და მოქნილი, რაც საშუალებას მისცემს განათლების სისტემას დროულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს.

ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის შემოღება უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემისთვის – გარანტირებულად გაზრდის ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, გაამარტივებს მოსწავლის ადაპტაციას მობილობის პროცესში, უზრუნველყოფს სწავლის საფეხურებსა და საგანთა შორის ძლიერ კავშირებს. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე მიღწეული შედეგების შედარებითობას.

ვინაიდან ცოდნის მოცულობა და ტექნოლოგიები დინამიკურად იცვლება, სასწავლო პროცესი უფრო მეტად შეიძენს ინტერაქტიურ, შემოქმედებით და მრავალმხრივ კომუნიკაციურ ხასიათს. გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ბეჭდური სახელმძღვანელო, არამედ ვიდეო რესურსები, ციფრული სიმულაციები, კვლევითი ამოცანები, მონაცემთა რეალური ანალიზი, ვირტუალური პლატფორმები და სხვა თანამედროვე შესაძლებლობები“.

კითხვაზე ვინ დაწერს განათლების სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, ვინ არიან ან ვინ იქნებიან ის ახალი ავტორები, რომლებიც წიგნებს წინამორბედებზე უკეთ დაწერენ, განათლების სამინისტრო არ გვეუბნება. ამაზე საპასუხოდ განათლების მინისტრს არც მეტი, არც ნაკლები 4 პირდაპირი ეთერის ფორმატი ჰქონდა.

ავტორებზე პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა მინისტრს არ გამორჩენია გამომცემლობების კრიტიკულ რეაქციებზე რეაქტიული პასუხი გაეცა: “გამომცემელთა მხრიდან პრეტენზიები გასაკვირი არ არის, ეს მოსალოდნელი იყო”.

„სამინისტრო როდესაც თვითონ იღებს თავის თავზე ამ უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობას, აქ უკვე გამომცემლების კომპონენტი, ფაქტობრივად, ნელ-ნელა მილევად რეჟიმში გადადის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთი რაღაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მზად ვართ კონკრეტულ ავტორებთან თანამშრომლობისთვის, იმ ღირებულებითი კომპონენტის გათვალისწინებით, რაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარეა და ეს პროცესი, რომელიც ახლა იწყება, მათი, განსაკუთრებით, ავტორების, ექსპერტების ჩართულობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ შეავსებს და გაამდიდრებს ამ პროცესს.

„გამომცემლებს აქვთ უფრო ბიზნესინტერესი ამ კომპონენტთან მიმართებით. ჩვენ გამოვდივართ საზოგადოების, ხალხის, ქვეყნის ინტერესიდან, რა არის ღირებული, რა არის ხარისხიანი, რა არის ის მასალა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ჩვენი შვილები იმ პრინციპით აღიზარდონ, რა მოლოდინიც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს. უმეტესობა მათგანთან უკვე გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია დამყარებული და ისინი მზად არიან, ნებისმიერ მომენტში ჩაერთონ უკვე იმ პროცესში, რომ დაიწყონ ამ სახელმძღვანელოებზე მუშაობა. სახელმძღვანელოებზე მუშაობა ორი-სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. მოხდება ეტაპობრივად სახელმძღვანელოების ჩანაცვლება, უნდა მოხდეს მათი პილოტირებაც, შემდგომში კიდევ უფრო დახვეწაც და უკვე საბოლოო ხასიათით სასწავლო პროცესში შემოტანა. ამიტომ ეს პროცესი ორ-სამწლიან ეტაპს მოიცავს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ ოთხიდან ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში.

განათლების მინისტრი ამბობს, რომ სამინისტროს ჩართულობით მომზადებული სახელმძღვანელოები ცოცხალი ორგანიზმი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ დროდადრო, არსებული საჭიროებიდან, ახალი მეთოდოლოგიიდან თუ სხვა კომპონენტიდან გამომდინარე, შესაძლოა, მათში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

განათლების სამინისტრო ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის დანერგვას როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისთვის აანონსებს, თუმცა ამატებს: „კერძო სკოლებს აქვთ დამატებითი რესურსები, სხვადასხვა მიმართულება და, რა თქმა უნდა, ისინი გამოიყენებენ ამას თავიანთ სასწავლო პროცესში, თუმცა რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფუნდამენტურ საგნებს, რომლებზეც გვაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ის სახელმძღვანელოები იქნება ერთიანი სტანდარტით წარმოდგენილი როგორც საჯარო სკოლებში, ასევე კერძო სკოლებში“.

დიდ იმედს ვიტოვებთ, “ყურადღებით შერჩეული” ავტორების ფონზე, სამ კვირაში დაწერილი სახელმძღვანელოების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდება და არც მშობელი, არც მოსწავლე, არც პედაგოგი იტყვის, რომ მასალა შეუსაბამოა, უცხოეთში წასული ექსპერტები კი აღარ გვეტყვიან, რომ საქართველოს სასკოლო წიგნები “კრიტიკას ვერ უძლებს”.

ასევე იხილეთ:

8 გამოწვევა – განათლების მინისტრი ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას წარადგენს (ვიდეო)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური