რას ფიქრობს განათლების სამინისტრო ბაგა-ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებაზე
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა საქართველოში ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ თემატური მოკვლევა ჩაატარა. მოკვლევის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ. მათ შორის ერთ-ერთი იდეაა ბაღების ვაუჩერული დაფინანსების შემოღება, რომლის პოზიტიურ შედეგებზე განათლების სამინისტროც საუბრობს.
კითხვაზე რამდენად უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის დაფინანსების არსებული მოდელი თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ყველა ბავშვისათვის და დაფინანსების როგორი მოდელია ყველაზე ოპტიმალური?
UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსება არათანაბარია, რაც უნდა შეცვალოს.
„სკოლამდელი განათლების დაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ხდება. თითოეული მუნიციპალიტეტი თავისი ბიუჯეტის ოდენობის, შესაძლებლობების და პრიორიტეტების მიხედვით ადგენს სკოლამდელი განათლების ბიუჯეტს, რაც განაპირობებს დიდ უთანასწორობას მუნიციპალიტეტებს შორის. შედეგად, იმის მიხედვით თუ სად ცხოვრობს ბავშვი, განსხვავდება მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი. მაგალითად, სკოლამდელი დაწესებულების სრულ შტატზე მომუშავე აღმზრდელის შრომის ანაზღაურება ზოგ მუნიციპალიტეტში 660 ლარს შეადგენს, ზოგ მუნიციპალიტეტში კი 130 ლარს.
„ასევე, დიდი უთანასწორობა გვხვდება საგანმანათლებლო და განმავითარებელ რესურსზე (სათამაშო, საბავშვო წიგნები, ხარჯვადი საკანცელარიო და სახელოვნებო მასალა) ხელმისაწვდომობის მხრივ: ზოგიერთი მუნიციპალიტეტი ასეთ რესურსებზე წელიწადში ერთ ბავშვზე ხარჯავს 1 ლარს ან ნაკლებს, სხვები კი – 50-ჯერ მეტს. მკვეთრად უთანასწორო დაფინანსების პირობებში ბავშვები თანაბრად ხარისხიან განათლებას ვერ იღებენ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან სკოლამდელი განათლებისთვის გამოიყოს მიზნობრივი ტრანსფერები მუნიციპალიტეტებისთვის. ამგვარი მხარდაჭერის გარეშე სისტემა ვერ დაძლევს უთანასწორობას ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კუთხით“, – ნათქვამია UNICEF საქართველოს მიერ პარლამენტის განათლების კომიტეტისადმი გაგზავნილ წერილში.
საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკაში“ კი ფიქრობენ, რომ არსებულ უთანასწორობას, სკოლამდელი დაწესებულებების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადაყვანა განმუხტავს.
„თანხები გამოყოფილია იმ ბავშვებზე, ვინც დადის მუნიციპალურ (საჯარო) საბავშვო ბაღებში. შესაბამისად, იმ სოფლების/დასახლებების მაცხოვრებელი ბავშვები, სადაც არ არის ბაღი, ან ბავშვები, რომლებიც კერძო ბაღებში დადიან, საჯარო დაფინანსებით ვერ სარგებლობენ. ჩვენი აზრით, საჭიროა ადრეული და სკოლამდელი განათლების როგორც პირდაპირი, ასევე, ე.წ. ვაუჩერული პრინციპით დაფინანსების შესაძლებლობა არსებობდეს. არჩევანი, შეიძლება, თავად მუნიციპალიტეტმა გააკეთოს. ვაუჩერული დაფინანსება გულისხმობს მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებაში სწავლების დაფინანსებას ბავშვზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით. მისი ოდენობა, გაცემისა და სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების წესი, განცხადების მიღების ვადები, ბავშვის დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში ვაუჩერის გადატანის წესი შესაძლებელია, რომ განისაზღვროს მუნიციპალიტეტის მიერ.
„ბაღების დაფინანსების წესი (გარდა იმისა, რომ ბაღები ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან) კანონში გაწერილი არ არის, რაც მუნიციპალიტეტს ფართო დისკრეციას უტოვებს ამ საკითხში. ვაუჩერული დაფინანსების სისტემა ბავშვებისა და მშობლებისთვის უფრო მოქნილს გახდის ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემას და გააფართოვებს მათ შესაძლებლობას, ისარგებლონ სასურველი დაწესებულებით; აგრეთვე, ის ემსახურება იმ კერძო დაწესებულებების წახალისების მიზანს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ავტორიზაციას და შესაბამისად, აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე“, – აცხადებენ “კივიტას გეორგიკაში“.
ორგანიზაციაში ასევე ფიქრობენ, რომ ვაუჩერული დაფინანსების მოდელი კერძო ბაღებსაც წაახალისებს.
„ამასთან, ეს მოდელი, ასევე, წაახალისებს არაკომერციული ბაღების, სკოლამდელი განათლების ალტერნატიული ფორმების დანერგვას, მათ შორის საჯარო-კერძო პარტნიორობის (Public-Private Partnership) ფორმით. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ვაუჩერის ოდენობის შესარჩევად გათვალისწინებული უნდა იყოს სხვაობა მცირე (სასოფლო) და დიდ (ქალაქის) ბაღებს შორის, ისე რომ ბავშვების რაოდენობის კომპენსირება მოხდეს შესაბამისი თანხის გაზრდით – ანუ მეტი თანხა ერთ ბავშვზე გათვლით სასოფლო ბაღებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის წერილში, რომელიც მან პარლამენტს გადაუგზავნა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის განათლების კომიტეტში განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს პასუხი მოიპოვება, რომელიც მიიჩნევს, რომ ვაუჩერულ დაფინანსებას გარკვეული პოზიტიური შედეგები ექნება.
„სკოლამდელი განათლების დაფინანსების სისტემა განსხვავებულია მუნიციპალიტეტების მიხედვით. არც ერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს ბავშვზე მიბმული დაფინანსების სისტემა და შესაბამისად არ გვხვდება კერძო სექტორის დაფინანსების ან თანადაფინანსების გამოცდილება. ვაუჩერული დაფინანსების შემოღებას ექნებოდა შემდეგი პოზიტიური მხარეები: 1. ავტორიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ, კერძო სექტორს აიძულებდა გაევლო ავტორიზაცია. 2. დიდ ქალაქებში განიტვირთება გადატვირთული ჯგუფები. 3. განვითარდება კერძოს სექტორი, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები. 4. სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, როგორც ეკონომიკური საქმიანობა, გახსნან სასკოლო მზაობის ჯგუფები. ვაუჩერული დაფინანსება შესაძლოა ფარავდეს განათლების კომპონენტსა და 1 კვებას. დამატებითი კვების ხარჯს შესაძლოა ყველას არც უფარავდეს სახელმწიფო. დაფინანსების მოდელები საჭიროებს შესწავლას და ქვეყნისთვის მისადაგებული გზის შერჩევას“, – ნათქვამია სამინისტროს წერილში.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE