რას სთავაზობს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი სტუდენტებს საშემოდგომო მიღებაზე – სიახლეები და პროგრამების სია
კოლეჯის შესახებ
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი დაარსდა 2015 წლის 4 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სს “საქართველოს რკინიგზა“-სა და სსიპ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. კოლეჯის დაფუძნების უმთავრესი მიზანი იყო სარკინიგზო ინდუსტრიის ძირითადი სპეციალობების დუალური მეთოდოლოგიით სწავლება სს “საქართველოს რკინიგზასთან“ მჭიდრო თანამშრომლობით, რაც ჩვენს პროფესიულ სტუდენტს საშუალებას აძლევს საფუძვლიანად დაეუფლოს პროფესიას და გარანტირებულად დასაქმდეს.
კოლეჯში 2018 წელს ჩარიცხულმა პროფესიულმა სტუდენტებმა უკვე დაასრულეს თეორიული კომპონენტი და გადავიდნენ სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაზე სს ,,საქართველოს რკინიგზის“ საწარმოებში. მათ სს საქართველოს რკინიგზა უქმნის სწავლისა და მუშაობის საუკეთესო პირობებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი უზრუნველყოფილნი არიან მუშაობისა და სწავლის უსაფრთხო გარემოთი, პროფესიონალი ინსტრუქტორებით და ასევე წახალისებულები მინიმალური ხელფასებით.
იმისათვის, რომ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართულიყო 2019 წლის სექტემბერში, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით და DB Training, Learning & Consulting-ის შემოთავაზებით, პრაქტიკული კომპონენტის განსახორციელებლად გადამზადდა სს“საქართველოს რკინიგზის“ 40 ინსტრუქტორი, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო კოლეჯის მიერ პრაქტიკული სწავლების ხარისხის უზრუნველსაყოფად და, რაც მთავარია, კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვა დუალური სწავლების განხორციელების გერმანულ პრინციპებთან.
კოლეჯი მუდმივად ზრუნავს, პროფესიული განათლების მსურველებს შესთავაზოს ახალი და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლების შესაძლებლობა, ნებისმიერ ასაკში განათლების მიღება და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ევროპული სტანდარტების შესაბამის ეფექტურ სასწავლო პროგრამებს, სასწავლო მასალებსა და რესურსებს, გადამზადებულ პროფესიულ მასწავლებლებსა და ინსტრუქტორებს, განახლებულ ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას;
კოლეჯი ასევე ამყარებს ახალ კავშირებს პარტნიორ დამსაქმებელ ორგანიზაციებთან. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის 22 მაისს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“-სა და ა(ა)იპ სარკინიზგო ტრანსპორტის კოლეჯს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც პროფესიულ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, გაიარონ პრაქტიკული სწავლება და დასაქმდნენ მარაბდა-კარწახის რკინიგზაში.
უახლოეს მომავალში კოლეჯი ასევე პროფესიულ სტუდენტებს შესთავაზებს მეტროპოლიტენში დასაქმებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობას. არ შეიძლება განსაკუთრებულად არ აღვნიშნოთ, რომ ახალი საერთაშორისო სარკინიგზო მაგისტრალის ამუშავებას სჭირდება 1000-ზე მეტი პროფესიონალი კადრი, რომელთა მომზადებაში კოლეჯმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს.
პროფესიული განათლების საშემოდგომო მიღებისთვის კოლეჯში პროფესიულ პროგრამებში სიახლეა. პირველად მრავალი წლის განმავლობაში მეჩარხის პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას ვაძლევთ მოქალაქეებს. იმისათვის, რომ მეჩარხის საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხიანი განხორციელების შესაძლებლობა გვქონოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სრულად დააფინანსა კოლეჯი მეჩარხის სახელოსნოს რემონტისა და აღჭურვილობის შესაძენად. პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს დახვდებათ უახლესი ჩარხებითა და დანადგარებით აჭღურვილი სასწავლო გარემო და ადგილზე გამოიმუშავებენ საჭირო კომპეტენციებს, რაც მათ მომავალში ხელს შეუწყობს, როგორც საწარმოებში წარმატებულად დასაქმებისთვის, ასევე მისცემს შესაძლებლობას შექმნან საკუთარი საწარმო.
ასევე, კოლეჯი ცდილობს ქვეყანაში დამკვიდრებული სტერეოტიპის დანგრევას, რის მიხედვითაც გოგონების ადგილი არ არის სარკინიგზო ინდუსტრიაში. ამისათვის ჩვენ ჩართულები ვართ ყველა იმ ღონისძიებაში, რაც გვიმდიდრებს მეთოდებსა და ხერხებს, რომ გენდერული ბალანსი დავამყაროთ სასწავლებელში, ქალბატონებს შევუქმნათ სწავლის პირობები და დავეხმაროთ მათ სწორი პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვასა და სამუშაო ადგილი პოვნაში. კოლეჯისთვის დიდ პრიორიტეტს წარმოადგენს პროფესიული განათლების მასწავლებლების გადამზადება. ამ ეტაპზე კი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კოლეჯში დაწყებულია მათი გადამზადება. უნდა აღინიშნოს, რომ კოლეჯი ასევე ჩართულია ინტეგრირებული პროგრამების პილოტირების პროცესშიც.
რას სთავაზობს კოლეჯი პროფესიული განათლების საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხულ მომავალ პროფესიულ სტუდენტებს?
- რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე; ადგილის რაოდენობა – 25;
- რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი, სწავლის ხანგრძლივობა 22 თვე; ადგილის რაოდენობა – 15;
- რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა, სწავლის ხანგრძლივობა 22 თვე; ადგილის რაოდენობა – 10;
- სავაგონო მეურნეობა, სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე; ადგილის რაოდენობა – 34
- სარკინიგზო გადაზიდვები, (სრული ზოგადი განათლება) სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე; ადგილის რაოდენობა – 15;
- სარკინიგზო გადაზიდვები ( ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირებით) დაშვების წინაპირობა საბაზო განათლება – ადგილის რაოდენობა – 9;
- რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა, სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე; ადგილის რაოდენობა -12;
- სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე; ადგილის რაოდენობა -19;
- მეჩარხე, სწავლის ხანგრძლივობა 16 თვე; ადგილის რაოდენობა -15.
(R)
- ახალი პროფესიული პროგრამები და მზადება სრული ზოგადი განათლების ინტეგრირებისთვის – რკინიგზის კოლეჯი 2019 წელს აჯამებს by სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი
- სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, საქართველოში პირველად, მეჩარხის პროფესიული პროგრამა დაინერგა by სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი
- სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ტრენინგი „პროფესიულ მასწავლებელთა სამეწარმეო კომპეტენციის განვითარება“ დაიწყო by სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი