GE

9 აპრილი, 2025

რას გვასწავლის 9 აპრილი – პედაგოგი ცხრა აპრილის ტრაგედიის 36-ე წლისთავზე წერს

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

ქუთაისის 36-ე და მე-17 საჯარო სკოლების მენტორი მასწავლებელი ნატალია თურქაძე ცხრა აპრილის ტრაგედიას თაობათა განათლების პრიზმაში განიხილავს და წერს რას გვასწავლის ეს უმძიმესი ისტორიული დღე:

“9 აპრილი გვასწავლის, რომ თავისუფლება და ეროვნული იდენტობა არა მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობაა, არამედ ცოცხალი ღირებულებები, რომელთაც ყოველდღიური დაცვა და გაძლიერება სჭირდებათ. ჩვენ, პედაგოგებს, განსაკუთრებული მისია გვაკისრია — მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ღირსების, ერთიანობისა და თავისუფლების ფესვებზე აგებული ღირებულებები”.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

36 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური