„ჩამონათვალი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა“ – სად მოაწყობთ შემეცნებით ექსკურსიას თბილისში
„თბილისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიებებისა თუ ექსკურსიების ლოკაციების ჩამონათვალი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა“, – ამის შესახებ თანამედროვე განათლების აკადემიის დაწყებითი კლასების სპეციალისტი, მანანა მაისურაძე EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება.
ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, რომ თბილისში, ბოლო პერიოდში, სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო ადგილები გაიხსნა, რომელმაც დედაქალაქიდან მოშორებით, რეგიონებში გასვლითი ექსკურსიებიც ჩაანაცვლა.
გამოცდილი პედაგოგი იმ დაწესებულებებს გვითვლის, სადაც ბოლო რამდენიმე წელია, თავადაც დაჰყავს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები.
სანამ ლოკაციებს გაგვაცნობდა, ჩვენს რესპონდენტს ვკითხეთ, რა არის ის მინიმალური თანხა, რომელიც ერთი ლოკაციისთვის მშობელს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს:
„როგორც გითხარით, საინტერესო და მრავალფეროვანი ლოკაციების ჩამონათვალი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.. აღნიშნული ლოკაციები მიმზიდველია იმით, რომ დამრიგებელს შეუძლია თემატურად დაგეგმოს ნებისმიერი გასვლითი აქტივობა.
რაც შეეხება საფასურს ვფიქრობ, რომ შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ მოსწავლეზე ღირებულება ბიუჯეტური არ არის, მაგრამ წლების მანძილზე უკვე არსებული ექსკურსიების ტრადიციებს თუ შევადარებთ, სადაც თითოეული მშობლის მიერ გაწეული კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯი ბევრად აღემატება ამ კონკრეტული ლოკაციების ხარჯებს, მივხვდებით, რომ სრულიად განსხვავებული ფორმატია და ღირებულებაც (40-50) ლარი უკვე მისაღებია.“, – აგვიხსნა ქალბატონმა მანანამ.
სოციალური საწარმო “კოდალა” – დასაქმებულები არიან შშმ პირები. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მუშაობის პროცესს. იყვნენ დამკვირვებლებიც და ამავდროულად, თავადაც ჩაერთონ კეთების პროცესში. საწარმო აქცენტს აკეთებს ხის ფაქტურაზე და იქ მისულ სტუმრებსაც ხეზე მოუწევთ მუშაობა. ჩემი ხმა კოდალას.
სოციალური საწარმო “ბაბალეში” – დაუნის სინდრომოს მქონე ადამიანები დაგხვდებიან და საკუთარი ხელით შექმნილ ნივთებს დაგათვალიერებინებენ. ასევე, ბაბალე გთავაზობთ ვორქშოფს.
სახელოსნო „ღილი” – მშვიდი და ფერადი ატმოსფეროა, თავად შექმნით ნივთებს.
საკონდიტრო „განჯინა” საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ინფორმაცია კონდიტერის პროფესიაზე და ასევე, საკუთარი ხელით შექმნათ საკონდიტრო ნაწარმი.
„არტლაბლენდი” – აქ თიხის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა თიხას თავად ზელენ და ამზადებენ საკუთარი ფანტაზიით. მზა ნივთი კი მოჭიქულ მდგომარეობაში გადაეცემათ ბავშვებს.
როგორც გავარკვიეთ, თბილისში მსგავსი ლოკაციები რაოდენობა, მოთხოვნიდან გამომდინარე, მზარდია.