რას წერენ ემიგრანტები საზღვარგარეთის სკოლის ფუნქციებსა და საკუთარ გამოცდილებაზე
15 წლის ლუკა სირაძის ტრაგედიამ არც ქვეყნის შიგნით და არც საზღვრებს გარეთ გულრილი არავინ დატოვა. სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტები სოციალურ ქსელებში წერდნენ ამა თუ იმ ქვეყნებში არსებულ განათლების სისტემებზე. საყურადღებოა, რომ მათ პოსტებში ძირითადი აქცენტი სწორედ სკოლის როლზე კეთდებოდა.
EDU.ARIS.GE გთავაზობთ რამდენიმე წერილს, რომელიც ემიგრანტების მიერ გავრცელდა.
ქართველი ებრაელი ანა შიმშილაშვილი: „რა დროს ეგაა, მაგრამ მოგიყვებით: დღეს ჩემი გოგონა 18 წლისაა, არა აქვს არც ფეისბუქი, არც ინსტაგრამი, ზოგადად დროის დაკარგვად თვლის, მაგრამ იყო დრო, ჰქონდა და ძალიან აქტიური მომხმარებელიც იყო, თინეიჯერების სხვადასხვა ჯგუფებში იყო გაწევრიანებული, მისი პაროლი მქონდა და მან იცოდა, რომ ყოველთვის ვამოწმებდი, აქეთ მთხოვდა ყურადღებას, შემოთავაზებული მეგობრების გადამოწმებას… ასე 12-13 წლის იქნებოდა როცა ვნახე რომ გვიანობამდე უკაკუნებდა კომპს. ჩემი ყურადღება მიიქცია. შევეკითხე: – რა ხდება? – რა ხდება და ჩრდილოეთიდან ერთმა გოგონამ დაწერა თავის მოკვლა მინდაო და უკვე რამდენიმე ღამეა ვესაუბრები, რომ სისულელე არ გააკეთოსო. მაშინ, ჩემი გოგონას დახმარებით, ინფორმაცია მიიღო სკოლამ, რომ ბავშვს სახლში ჰყავს მშობლები, რომლებიც სცემენ, სადღაც ჩრდილოეთში 12 წლის ბავშვი დაუკავშირდა სკოლას, სკოლამ კი ის გოგონა წამოიყვანა სახლიდან… წეღან ვკითხე, თუ იცის რამე მის შესახებ, მითხრა რომ ის უკვე ჯარშია და ბედნიერია და ის გოგონა დღესასწაულებზე უგზავნის მოლოცვებს…
შემდეგი შემთხვევა 15 წლის ასაკში იყო, შერმა სკოლის ფსიქოლოგთან დაიწყო სიარული, ვკითხე რა ხდებოდა, მითხრა რომ არაფერი, რომ ეს მას არ ეხება. არ ჩავეძიე ორი მიზეზის გამო: 1. არასდროს არ მატყუებს. 2. რამე რომ იყოს, სკოლიდან დამირეკავენ. გავიდა დრო და სულ ახლახანს გავიგე რატომ დადიოდა: თანაკლასელი ფილიპინელი ბიჭი არეული იყო, ვერ ერკვეოდა საკუთარ ორიენტაციაში, ნერვიულობდა, თავს ითრგუნავდა სირცხვილისგან, მან კი მიიყვანა ფსიქოლოგთან… ბოლოს ის ბიჭი ჰომოსექსუალია, მაგრამ საკუთარ თავთან მშვიდად მორგებული.
რისი თქმა მინდა, არ იფიქროთ, რომ ჩემი შვილია განსხვავებულია, არა, ნუ, შეიძლება სხვაზე უფრო ცოტათი ყურადღებიანი, მაგრამ აქ განათლების სისტემა, საბავშვო ბაღი, სკოლა, ფსიქოლოგები, სოც. მუშაკები, საზოგადოება – შეკრული მუშტია! აქაც ბევრი ხარვეზია, აქაც ბევრია გასაკეთებელი განათლების სისტემაში და აკეთებენ კიდეც… სულ აახლებენ! მაგრამ… მე სერიოზულად არა ერთხელ, უკვე მერამდენედ გთავაზობთ ისრაელის სისტემის ელემენტებს, თუ დაგაინტერესებთ კიდევ უფრო დეტალურად შეიძლება მოწოდება. რატომ ისრაელის? არ ვიცი ისრაელის მსგავსი ქვეყანა: თავზე რაკეტების ცვენა გქონდეს და მაინც ბედნიერი და ლაღი ბავშვობა გქონდეს! გამომიყენეთ, გამოგვიყენეთ, არ ვართ უცხოები, ეს სისტემა ზოგმა საკუთარ თავზე და ზოგმაც შვილებზე გავიარეთ. ხალხო, ვიძლევით, აიღეთ!
P.S. ისრაელში კერძო სკოლები არ არსებობს! ბავშვები უბნის სკოლებში დადიან, მინისტრის შვილი და დამლაგებლის ერთ მერხზე სხედან! სკოლაში ფეხით, ჟრიამულით ერთად მიდიან და არა დედიკოს ჯიპებით! ჩვენ ხომ ბავშვებს სიხარულს და ერთობას ჯერ კიდევ მაშინ ვუკლავთ, როცა ბავშვებს ჯიპებში ვკეტავთ? სადაა ის ხალასი ჟრიამული ბავშვების ქუჩაში? სკოლა რომ ლისზეა და ერთი ბავშვი ვაკეში ცხოვრობს, მეორე სოლოლაკში, მესამე თემქაზე, მეოთხე მთაწმინდაზე, მეხუთე საბურთალოზე და ა. შ. ამიხსენით, სკოლის შემდეგ ბავშვი როგორ გადაირბენს კლასელთან სათამაშოდ ან სამეცადინოდ? როგორ გეცოდინება ვისთან იზრდება შენი შვილი, თუ ბავშვები შენთან სახლში 5 წლიდან არ მოდიან და ერთად არ თამაშობენ? არც ერთი სკოლის ღონისძიება და ექსკურსია არ ჩამიგდია, მუდამ ვიყავი “თანმხლები” მშობელი, მივყვებოდი ექსკურსიებზე, ბავშვები დამიახლოვდნენ, კომფორტულად, თავისუფლად და ლაღად გრძნობდნენ თავს ჩემთან. იცით ეს რამდენს ნიშნავს? გადასასვლელებს კი თავად ნორჩი “ოქროს მორიგეები”- პატარა პატრულები არეგულირებენ ერთ უფროს -ნამდვილ პატრულთან ერთად სკოლამდე და სკოლის შემდეგ… სკოლა დაკეტილი სივრცეა, ბუზი ვერ შეფრინდება. მე, დედა, მივსულვარ სკოლის სასწავლო პროცესის დროს რამდენჯერმე და პირადობის გარეშე და სკოლის დირექციის თანხმობის გარეშე, ჭიშკარს ვერ გავცილებივარ! მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დაცვა/დარაჯი მიცნობს, მან ხელში საბუთი უნდა მიიღოს! მოკლედ, ყველაფერს ვერ მოყვები… დაგჭირდებით? აქ ვარ.. ერთი ისეთი პროგრამა მაქვს, ის ერთი შეცვლის ყველაფერს! ჰო, სასკოლო ფორმაც უბრალო, ყველაზე იაფფასიანი მაისურებია, მაიკები, უბრალოდ სკოლის ემბლემას დააბეჭდავთ… უბრალოება!!! (დღეს მაინც ხომ შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ქართველები და არა ნაც-ქოცები!) არ გაუმეოროთ ბავშვებს “ამ ცხოვრების დედაც”- არა! საკმარისია ვინც ფიქრობდა მასე და წავიდა! უთხარით ბავშვებს: სიცოცხლე გრძელდება!!!! დიახ, გრძელდება. სუიციდი ზოგჯერ ამ ასაკში გადამდებია! ნუ ეტყვით ამას ბავშვებს! ვირუსულად ვრცელდება! როდესაც გავიგებთ, რომ პრობლემა ამ ცხოვრებაში კი არა და ჩვენშია- მაშინ იქნება საშველი! ამ ცხოვრების? – არა! ცხოვრება მშვენიერია! ჩვენი დედაც!- ეს თუ ვერ გაგვიგია!“
გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი წერს, რომ სკოლა პასუხისმგებელია ოჯახთან ერთად ბავშვის არა მარტო განათლებაზე და სწავლულობაზე, არამედ მის ადამიანად ჩამოყალიბებაზე.
თაკო ცხადაძე: “საგანმანათლებლო სისტემაა შესაცვლელი! მე გერმანიის დაწყებითი კლასების სკოლაში ვმუშაობ და ყოველ დღე გაოცებული ვრჩები მასწავლებლების და მოსწავლეების ურთიერთობით და კომუნიკაციის მაღალი დონით. ბავშვები არ სხედან მწკრივებში ჯარისკაცებივით. მასწავლებლებს არ უწევთ ხმის აწევა. ყოველ ორშაბათს სხდებიან წრეში და ძალიან მოკლედ უყვებიან ერთმანეთს როგორ ჩაიარა შაბათ-კვირამ.
ყოველ პარასკევს ისევ სხდებიან წრეში და თითოეული აქებს ერთ თანაკლასელს იმ კვირაში რომელიმე კარგი საქციელისთვის.
კვირაში ერთხელ სხდებიან ისინი ისევ წრეში და ცდილობენ ყოველგვარი უთანხმოება, რომელიც ბოლო კვირის მანძილზე მოხდა კლასში, ახსნან.
დამნაშავე იხდის ბოდიშს, დაზარალებული ეუბნება, რომ აპატია (ან ჯერ ისევ ვერ პატიობს, ამას დამრიგებელი ინიშნავს რვეულში და შემდეგ კვირას ისევ ეკითხება “დაზარალებულს” გადაუარა თუ არა წყენამ და შეუძლია თუ არა ახლა მაინც აპატიოს დამნაშავეს).
თუ კონფლიქტი ერთი კლასის ფარგლებს სცდება, აუცილებლად ესაუბრება დამრიგებელი იმ მეორე მონაწილის დამრიგებელს და ხდება ბავშვების შერიგება.
მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სკოლის ყოველდღიურობაში. კლასებში აქვთ შემდეგი სახის მორიგეობა: იატაკის დაგვა! ყოველი დღის ბოლოს ორი ბავშვი ასუფთავებს იატაკს, ( ხვეტავს). იცით რატომ? იმიტომ კი არა რომ დამლაგებელი არ ჰყავთ! არა! არამედ, დამრიგებელი ეუბნება ბავშვებს, რომ უხერხულია ნაგავი დაუტოვონ დამლაგებელს იატაკზე დაყრილი! ისინი ალაგებენ ყოველი დღის ბოლოს სკამებს მაგიდებზე, რომ დამლაგებელს გაუიოლდეს საქმე! ისინი იცვლიან ფეხსაცმელს საკლასო ოთახის წინ, და შედიან კლასში საშინაო ფეხის წასადგმელი ფეხსაცმელით. (რასაც ჩვენში ხშირად “ჩუსტებს” ვეძახით.) მათ საკლასო ოთახში უდგათ 4 ნაგვის ურნა. რა თქმა უნდა, შესაბამისად ახარისხებენ ნაგავს! ყოველი დღის ბოლოს ორ მორიგე მოსწავლეს გააქვს ნაგავი ეზოში გადასაცლელად!
ისინი ყოველ დილით საუზმობენ ერთად საკლასო ოთახში (სახლიდან წამოღებული საუზმით) და იცით ამ დროს რა ხდება პარალელურად? დამრიგებელი უკითხავს წიგნს!!! მოსწავლეები სხედან განაბული და უსმენენ!
ბავშვები სწავლობენ ადრეულ ასაკში წესების მორჩილებას! ერთმანეთი პატივისცემას!
ბავშვები დადიან იმ სკოლაში, რომელიც ქალაქის იმავეა უბანშია, სადაც ბავშვი ცხოვრობს.
ბავშვები დადიან ფეხით ან ველოსიპედით და არა მანქანებით. (სხვათა შორის უფროსებიც ერიდებიან მანქანით 100 მეტრში წასვლას, ზოგავენ ფულს და უფრთხილდებიან გარემოს და ჰაერს (მაგრამ ქართველს და მითუმეტეს “უძერსკეს” თბილისელს ფული ხომ ბევრი აქვს და ჰაერიც უსუფთავესი აქვს).
სკოლა იწყება 7:50 წუთზე. გერმანიას საქმე ბევრი აქვს და არ სძინავს 9 საათამდე! (მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არსად გვეჩქარება). ანუ შესაბამისად, სკოლის მოსწავლე დგება ყოველ დილით არაუგვიანეს 7 საათისა. იცით, რომელ საათზე იძინებენ აქ 10-16 ასაკის ბავშვები? 20:00 საათზე. და უფრო პატარები? – 19:00 საათზე ! იმიტომ რომ გერმანელებმა იციან, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ და საკმარის ძილს მოზარდის ფსიქიკური და გონებრივი განვითარებისთვის!
არც ერთ ნორმალურ გერმანულ ოჯახში, არ სხედან ბავშვები ეკრანის წინ (აქ ითვლება ყველანაირი ეკრანი: ტელეფონი, კომპიუტერი და ტელევიზორი) ნახევარ საათზე ხანგრძლივი დროით!
ეჰ, რამდენს დაწერს კაცი! ნეტა ვინმეს მაინც ესმოდეს რამე ამ ჩვენს დაქცეულ ქვეყანაში. ჩვენმა ხალხმა უნდა ჩამოპრიხოს ეს მაღლა აწეული ცხვირები, გაახილოს თვალები და შეიგნოს, რომ ძალიან, ძალიან არასწორად ვზრდით თაობებს! და ჩვენ ვართ ყველაფერში დამნაშავე, რომ ყველაფერი უარესობისკენ იცვლება.
უამრავი დადებითი და კარგი რამ ხდება აქაურ სკოლებში და დიდი ბედნიერება იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, თუ ოდესმე ვინმე დაინტერესდება აქაური განათლების სისტემით და შეიგნებენ, რომ სკოლა პასუხისმგებელია ოჯახთან ერთად ბავშვის არა მარტო განათლებაზე და სწავლულობაზე, არამედ მის ადამიანად ჩამოყალიბებაზე”.
პოლიციის მხრიდან მოზარდზე ძალადობის გარდა, საზოგადოებაში პოლემიკაა იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა სკოლას ან განათლების სისტემას გრაფიტით კედლების დაზიანების ფაქტზე.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არ არსებობს მკაფიოდ შემუშავებული რეკომენდაციები ან წესები მსგავს სიტუაციებში სახელმძღვანელოდ, ვნახოთ როგორია აშშ-ის განათლების სისტემის საპასუხო რეაქცია სკოლებში გრაფიტის გამოჩენის შემთხვევებში:
მედეა გუგეშაშვილი,Hubert H Humphrey Program Fellow
• პირველი, რასაც სკოლა ამ დროს აკეთებს, არის გრაფიტის დაუყოვნებლივ მოშორება, განსაკუთრებით თუ ეს ზიზღის ენის ან აგრესიის შემცველია; ჩვენს შემთხვევაში იყო სუიციდური და დეპრესიული განწყობის მატარებელი, ანუ პირველი სიგნალი, რომ ბავშვს დახმარება სჭირდებოდა;
• ვანდალიზმის, განსაკუთრებით კი არააგრესიული შინაარსის გრაფიტის შემთხვევაში, სკოლა ცდილობს კამერების საშულებით თავად დაადგინოს რომელი მოსწავლე აკეთებს ამას;
• მას მერე რაც სკოლა თავად დაადგენს გრაფიტის ავტორს, ხდება სამუშაო ჯგუფის ფორმირება, მასში შედიან: სკოლის დირექტორი/მოადგილე/პედაგოგ(ებ)ი, მშობლები, ფსიქოლგი, სოცმუშაკი, სკოლის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები (მანდატური ექვივალენტი), სკოლის მედდა და ა.შ.
• დგება ბავშვის არა დასჯის, არამედ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გეგმა, განისაზღვრება კონკრეტული რეაბილიტაციის აქტივობები და მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები/ვადები;
• ყველა შესაბამის რეგულაციაში წითლადაა აღნიშნული, რომ მაქსიმალურად თავი უნდა აარიდოს სკოლამ ჩაერიოს პოლიცია და რომ ეს ბავშვზე დამანგრევლად ზემოქმედებს (პირდაპირი ციტატა “students can suffer permanent damage when they are criminally prosecuted for minor misbehavior”);
• პოლიციის ჩარევა ხდება უკიდურეს შემთხვევაში – განმეორებითი ვანდალიზმის, ზიზღის ენისა და აგრესიის, ასევე ძალადობის შეთხვევებში. ოღონდ ერთვება ნორმალური და ბავშვის უფლებების მცოდნე პოლიცია და არა ჯალათი, დამსჯელი რაზმი.
ა.წ.
- „ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან როცა ამოიღებ ილიას „ბენდიერ ერს“, განდეგილს“, გასაგებია თუ რა იდეით იმართება „განათლების“ სისტემა“ by სოციალური ქსელები
- „დირექტორმა მასწავლებელს ჰელოუინის შესახებ ინფორმაციული ხასიათის გაკვეთილის ჩატარება „არ ურჩია” by სოციალური ქსელები
- „ისაუბრეთ შვილებთან ან მოსწავლეებთან იმაზე, თუ რა არის ძალადობა“ – მენტორი მასწავლებლის მიმართვა by სოციალური ქსელები