რატომ არ გადაეცა ბაგების სტუდსაცხოვრებლის შენობები თსუ-ს, – ინტერვიუ ლადო პაპავასთან
პროფესორი ლადო პაპავა ბაგებში არსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლის გასხვისების საშიშროებას ხედავს. იგი გამოთქვამს ეჭვს, რომ ლისის ტბაზე აშენებული სტუდენტური საცხოვრებლის თსუ-სთვის გადაცემის პარალელურად, შესაძლოა, ბაგების კორპუსების პრივატიზაცია მოხდეს და ეს შენობები გაიყიდოს, ვინაიდან სტუდენტური საცხოვრებელი საკმაოდ პრესტიჟულ უბანში მდებარეობს.
ლადო პაპავა EDU.ARIS.GE-სთან სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემების შესახებ საუბრობს.
–ბატონო ლადო, თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემების შესახებ. გამოსწორდა თუ არა სიტუაცია ამ მხრივ?
-ნორმალურ საუნივერსიტეტო სივრცეში, რომელიც ცნობილია კამპუსის სახელწოდებით, არის თავმოყრილი სასწავლო კორპუსი და სხვადასხვა სტუდენტური დანიშნულების მქონე ობიექტები, მაგალითად, ბიბლიოთეკა, საერთო საცხოვრებელი, სპორტული მოედნები. სხვანაირად რომ ვთქვათ, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი არის იმ საერთო სისტემის ნაწილი, რომელიც მთლიანად უნივერსიტეტია.
ჯერ კიდევ კომუნისტურ წარსულში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა რამდენიმე საერთო საცხოვრებელი. ერთი იყო ვაკეში – ე.წ. სტუდქალაქი (ანუ სტუდენტური ქალაქი), რომელიც დაინგრა და იქ ეკლესია, ასევე, ძირითადად, საცხოვრებელი კორპუსები აშენდა. შედეგად უკვე მოძველებული სტუდქალაქი საერთოდ გაუქმდა. ასევე გაუქმდა ბაგებში მდებარე რამდენიმე საერთო საცხოვრებელი, სადაც 90-იან წლებში შევიდნენ იძულებით გადაადგილებული პირები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მხოლოდ 2 სტუდენტური საცხოვრებელი კორპუსი დარჩა ბაგებში.
იმ კორპუსებში ცხოვრობენ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ზოგიერთი სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები: ვისი და-ძმაც, მაგალითად, სწავლობს თსუ-ში, მაგრამ თვითონ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტია.
ბაგების სტუდენტურ საცხოვრებლებში, იმის გამო, რომ აშენებულია ძალიან დიდი ხნის წინ და პრაქტიკულად კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა, არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ იქ სტუდენტები. აღწერაც კი შეუძლებელია… ჩემი რექტორობის დროს, რამდენჯერმე ვესტუმრე ამ კორპუსებს, რომ გავცნობოდი სიტუაციას და შთაბეჭდილება მართლაც დამთრგუნველია!
–ბატონო ლადო, თსუ–ის რექტორობის დროს თქვენ ითხოვდით ბაგების სტუდენტური საცხოვრებლის უნივერსიტეტისთვის გადაცემას. რატომ არ დაუბრუნდა ეს შენობები თსუ-ს?
–ჩემი რექტორობის დროს დავდექით ორი პრობლემის წინაშე, ერთი – ფინანსური და მეორე უფრო რთული პრობლემა – სამართლებრივი იყო. რემონტისთვის თანხები შეიძლება მოიძიო, მაგრამ სამართლებრივად პრობლემა გადაუწყვეტელი აღმოჩნდა, ვინაიდან ეს ორი შენობა, რომლებიც ბაგებშია, არ არის გადმოცემული უნივერსიტეტის ბალანსზე. ამიტომ ნებისმიერი თანხა რომ დაეხარჯა იქ უნივერსიტეტს რემონტისთვის, იქნებოდა უკანონო. ეს შენობები ეკონომიკის სამინისტროს თავისი ბალანსიდან თსუ-ზე არ გადმოუცია. მიუხედავად ჩემი არაერთგზის თხოვნისა, კონკრეტულად ეს შენობები გადმოცემოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასე არ მოხდა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩემი რექტორობის დროს არაერთი ობიექტი გადმოეცა უნივერსიტეტს, რისთვისაც მაშინდელი მთავრობის მიმართ გამოვხატავდი მადლობას და ახლაც ამ აზრზე ვარ, მაგრამ იყო რამდენიმე პრინციპული შენობა, რომლებსაც უნივერსიტეტს არ აძლევდნენ. მათ შორის ეს ორი გაუბედურებული კორპუსიცაა ბაგებში.
–მთავრობამ ლისის ტბაზე სტუდენტთა საცხოვრებელი კორპუსები ააშენა. ეს კამპუსი ვერ დააკმაყოფილებს სტუდენტთა მოთხოვნებს საცხოვრებელი ფართის მხრივ?
–ვიხსენებ, რომ მთავრობამ ჩემი რექტორობის დროს გააკეთა განცხადება, რომ ლისის ტბაზე იწყებდნენ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელის მშენებლობას თბილისში ჩამოსული სტუდენტებისთვის. ეს უნდა ყოფილიყო ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. აქ დარღვეულია მთავარი პრინციპი. სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი უნდა იყოს იმ საერთო სივრცეში, სადაც არის სასწავლო კორპუსები, და, რაც ყველაზე მთავარია, – ბიბლიოთეკა.
მე, როგორც თსუ-ის რექტორი თბილისის ყოფილ მერს ბ-ნ დავით ნარმანიას ვესაუბრე და დავუსვი ეს კითხვა: უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ არის თავისუფალი ტერიტორია და რატომ არ შეიძლება იქ აშენდეს სტუდნეტთა საერთო საცხოვრებელი და არა ლისის ტბაზე, სადაც არცერთი უნივერსიტეტი არ არის და ყველა უნივერსიტეტი მეტ-ნაკლებად დაშორებულია მისგან? როგორც წესი, სტუდენტები საერთო საცხოვრებლიდან ფეხით უნდა დადიოდნენ სასწავლო კორპუსებში და რაც მთავარია, ბიბლიოთეკაში! ბატონმა დავითმა მიპასუხა, რომ ლისის პროექტი მთავრობის იყო და არა მერიის, ამიტომ ის ვერაფერს გადაწყვეტდა…
ლისის ტბაზე მშენებლობა დასრულდა. სამი კორპუსი გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. დიდი ალბათობით, ამას მოჰყვება არც თუ კარგი გაგრძელება. ვინაიდან ლისზე მდებარე კორპუსები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა, სავარაუდოდ, დააცლევინებენ უნივერსიტეტს იმ ორ გაუბედურებულ საერთო საცხოვრებელ კორპუსს ბაგებში. სტუდენტები გადავლენ და შემდეგ ეს შენობები გავა პრივატიაზაციაზე. საკმაოდ კარგი ადგილმდებარეობაა – ბაგები პრესტიჟული უბანია. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რატომაც ეს შენობები არ გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს!
თბილისის არცერთ უმაღლეს სასწავლებელს საერთო საცხოვრებელი არ აქვს. გამოვა, რომ მხოლოდ თსუ-ს ექნება და ისიც ლისის ტბაზე. მაგრამ იქ ყოველთვიური გადასახდელიც დიდი იქნება, ვიდრე ეს არის ბაგებში და რაც მთავარია, ტერიტორიული დაცილებაა ძალიან დიდი. შედარებისთვის, თუ ბაგების საერთო საცხოვრებელში სტუდენტი თვეში 30 ლარს იხდის, ლისის ტბის საერთო საცხოვრებელში უკვე 150 ლარი ექნება გადასახდელი. თანაც ტერიტორიულად ბევრად დაშორებული იქნება თსუ-ის ბიბლიოთეკიდან და სასწავლო კორპუსებიდანაც.
დრო დაიკარგება უნივერსიტეტამდე მისვლაში. ხომ გინდათ რომ ლისის ტბიდან ქალაქამდე ჩამოხვიდეთ? მესმის, რომ დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ნამდვილად საკმარისი არ არის.
–რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონდეს სწავლისთვის შესაბამისი პირობები, პირველ რიგში, საცხოვრებელი ფართის მხრივ?
–აშკარაა, რომ გადაწყვეტილება, ლისის კამპუსის მშნებელობის შესახებ, მიღებულია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც უნივერსიტეტის რაობა კარგად არ ესმით. ასეთი საერთო საცხოვრებელი, კარგი იქნებოდა, გაკეთებულიყო მაღლივი კორპუსის გვერდით. იქვე არის ბიბლიოთეკა, საგამოცდო ცენტრი და ორი სასწავლო კორპუსი.
უნივერსიტეტის გვერდით, მაღლივის მიმდებარედ, ხიმინჯებს გასდის ვადა. მალე დასანგრევი იქნება, ამიტომ, კარგი იქნება, უფრო გონივრულად თუ გამოიყენებენ. მაშინ ორი დიდი სასწავლო კორპუსის და ბიბლიოთეკის გვერდზე იქნება სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, ან თუნდაც თსუ-ის სტუმრის სახლი, რომელიც მას დღეს საერთოდ არ აქვს.
სავარაუდოდ, გადაწყვეტილება, რომ ლისის კორპუსები გადაცემოდა მარტო თსუ-ს, მოჰყვა უნივერსიტეტში სტუდნეტთა მღელვარებას. როდესაც სტუდენტებისთვის რამე კარგი კეთდება, მე, რა თქმა უნდა, ამას მივესალმები, მაგრამ კარგი იქნება, თუ გასაკეთებელს ცოტა უფრო გონივრულად გააკეთებენ და არა მხოლოდ იმიტომ, მოვალეობა მოიხადონ და თქვან, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი მიეცა.
ვინ და რა პრინციპით შეძლებს ახალი სტუდენტური საცხოვრებლით სარგებლობას ახალი სასწავლო წლიდან
ესაუბრა ცისანა შერგილაშვილი
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი