GE

როგორ აღმოფხვრის მთავრობა ახალგაზრდების დასაქმების არასათანადო პრაქტიკას – ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია 2020-2030 დამტკიცდა

საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დამტკიცდა „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“. მთავრობას დაევალა, რომ 2021 წლის 1-ლ აპრილამდე შეიმუშაოს „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი ღონისძიებები და მათი განხორციელებისთვის პასუხისმგებელი დაწესებულებები.

დადგენილებაში არაერთი მიმართულებაა განსაზღვრული, რა კუთხითაც ახალგაზრდების პირობები, ყოფა და სხვა საკითხები უნდა მოგვარდეს ან გაუმჯობესდეს.

მათ შორის, ჩამოყალიბებულია მოსალოდნელი შედეგი ამ კონცეფციის სწორი მოქმედების შემთხვევაში ახალგაზრდების დასაქმების კუთხით:

მოსალოდნელი შედეგი 4.4. ახალგაზრდების დასაქმებისა და სამუშაოზე მიღების არასათანადო პრაქტიკა შემცირებულია:

განსაკუთრებული გამოწვევაა ახალგაზრდების დასაქმების არასათანადო პრაქტიკა. ამაზე მიუთითებს ის, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს დამსაქმებელთან წერილობითი კონტრაქტი დადებული არ აქვს და მათი სამსახურებრივი ურთიერთობა ფორმალიზებული არ არის. ბევრი ახალგაზრდა არასრულ განაკვეთზე მუშაობს ან დროებით დასაქმებულია. ამასთანავე, ხშირად სტაჟირება არ ანაზღაურდება.

ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკის კუთხით საგულისხმოა, რომ მათი სამუშაოზე მიღების მთავარი გზა არაფორმალური არხებია. 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ახალი კადრების უმთავრეს წყაროს დამსაქმებელთა ნათესავები, მეგობრები და ნაცნობები შეადგენენ (44.9%).

ახალგაზრდებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნის უზრუნველსაყოფად საჭიროა დასაქმების სტრუქტურული გაუმჯობესება, კერძოდ, იმ სექტორების ხელშეწყობა, სადაც ახალგაზრდები სამსახურში არაფორმალური გზით ნაკლებად აჰყავთ და ღირსეულ, მათთვის მორგებულ სამუშაოს სთავაზობენ.

იხილეთ კონცეფცია დეტალურად

კონცეფციით გათვალისწინებული მიზნები მიღწეული უნდა იქნეს 2030 წლამდე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური