როგორ დავარეგისტრიროთ პირველკლასელი სწრაფად – პრაქტიკული რჩევები მშობლებს
ათასობით მომავალი პირველკლასელის მშობელს წელს სისწრაფესა და გულმოდგინებაში გამოცდა ელის. მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინრეგისტრაციას გამოაცხადებს, უნდა მოასწროს და შვილი სასურველ სკოლაში დაარეგისტრიროს. როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, წელს პირველ კლასში მისასვლელად საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 55 000–მდე ბავშვი ემზადება.
მოდით, მოარული ხმები იმის თაობაზე, რომ „ჩაწყობა“ აქაც შეიძლება, ბევრი მოსწავლე წინასწარ უკვე დარეგისტრირებულია, პროგრამა შუაღამისას ცოტა ხნით გარკვეული ადამიანებისთვის ირთვება და მათი რეგისტრაციის შემდეგ ისევ ითიშება, ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ. რეგისტრაციაში უკვე გამოცდილი მშობლები თავიანთ მეთოდებს გვიზიარებენ.
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკიც შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ანუ დარეგისტრირდება ყველა ის ბავშვი, რომელსაც სწავლის დაწყების დღემდე უკვე შეუსრულდა 6 წელი. ონლაინ რეგისტრაციაზე მისათითებელი იქნება პირველკლასელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მშობლების პირადობის ნომრები და სასურველი სკოლის ნომერი.
ნატო, პირპელკლასელის მშობელი: კარგია, თუ ზეპირად იცი შვილის პირადი ნომერი და ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია, ამ დროს ბევრად სწრაფად ავსებ მონაცემებს და სხვებისთვის დასწრების შანსიც მეტია.
ეკა, სკოლის მოსწავლის მშობელი: წინა დღეს უკვე ვორდის ფაილში გაქვს ჩამოწერილი ყველა მონაცემი, რომელიც შეაგროვე იმ ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც ქვეყნდება ონლაინრეგისტრაციის დაწყებამდე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ.
გაქვს დაკოპირებული ბავშვის პირადობის ნომერი, იმიტომ რომ ყველაზე რთული მაგ ნომრის ამოწერაა. რეგისტრაციის დღეს კომპიუტერთან ჯდები რეგისტრაციის დაწყების დროსთან შედარებით 20 წუთით ადრე და გიჟივით არეფრეშებ სარეგისტრაციო საიტს, რომ იქნებ სისტემა წუთით ადრე ჩაირთოს და შემდეგ უკვე ხელის ტექნიკის ამბავია. გახსნილი გაქვს საიტთან ერთად ვორდის ფაილიც, სათითაოდ აკოპირებ ჩამოწერილ მონაცემებს და სვამ რეგისტრაციის შესაბამის გრაფაში.
მეგი, სკოლის მოსწავლის მშობელი: ვურჩევ, შეკრიბოს სანათესაო და ვისაც წვდომა აქვს კომპიუტერთან ყველას მაუსზე ედოს ხელი. ეგება და რომელიმემ დაარეგისტრიროს სასურველ სკოლაში.
როგორ გამოიყურება ონლაინსივრცე, სადაც მოსწავლეს არეგისტრირებთ:
რა ეტაპებისგან შედგება პირველკლასელთა რეგისტრაცია:
პირველკლასელთა რეგისტრაცია მხოლოდ ონლაინრეგისტრაციას არ გულისხმობს, ის სამი ეტაპისგან შედგება. I ეტაპის შემთხვევაში რეგისტრაციია განხორციელდება სკოლაში – სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. II ეტაპი არის ონლაინრეგისტრაცია – რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად. III ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება მეორე ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე.
EDU.ARIS.GE გთავაზობთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას
დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ 2017–2018 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ჯერ დადგენილი არ არის.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება