როგორ მივაღწიოთ ბავშვზე ორიენტირებულ განათლების სისტემას და აღმოვფხვრათ სოციალური უთანასწორობა
განათლების სისტემას რომ ცვლილება და დახმარება სჭრიდება, ეს არავისთვის არ არის სიახლე, “ყველა პრობლემა ქვეყნის შიგნით, ეკონომიკური, მენტალური და ემოციური განათლებასთან არის კავშირში და არაერთხელ გვსმენია, როგორც განათლების სისტემის ექსპერტების, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდან ფრაზა: პრობლემის სათავე განათლებაშია!”, – წერს საკუთარ წერილში განათლების ექსპერტი ნინო ელბაქიძე, რომლის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ წერილსაც: ბავშვზე ორიენტირებული განათლების სისტემა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა, EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ.
ავტორი ნინო ელბაქიძე, განათლების ექსპერტი
ბავშვზე ორიენტირებული განათლების სისტემა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა
(იდეის მონახაზი)
როდესაც გაუმჯობესების გზებზე ვფიქრობთ, ერთი მთავარი ორიენტირი და მთავარი მიზანი, რომელიც თვალწინ უნდა გვქონდეს, ეს არის ქვეყნის ყველაზე მთავარი რესურსი, მთავარი ძალა და მთავარი პოტენციალი: ბავშვი! და ბავშვის საუკეთესო ინტერესი. მისთვის განათლების მიღების უზრუნველყოფა, მიუხედავად იმისა, რომელ რეგიონში, როგორ სოციალურ პირობებში დაიბადება ბავშვი, მას სახელმწიფომ უნდა მისცეს განვითარების საშუალება და ამაში ჩადოს მთავარი რესურსები. ინვესტირება ბავშვში არის ინვესტირება მომავალში, უკეთესი ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან არც არსებობს. რადგან ხვალ, როდესაც ის ბავშვი გახდება ზრდასრული, მან სრულფასოვნად შეძლოს საკუთარი პოტენციალის გამოყენება, თავად დაეხმაროს სახელმწიფოს გაძლიერებაში და შანსი მისცეს სხვა ბავშვებს, იზრდებოდნენ კეთილდღეობაში. ეს ერთვარი ზრდის ჯაჭვი მოშლილია საქართველოში ბევრი მიზეზების გამო. ამ მიზეზთაგან ერთერთი მთავარი არის სოციალური უთანასწორობა ქვეყანაში. სოციალური უთანასწორობის გამო ძლიერები უფრო ძლიერდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი იღებენ სრულფასოვან განათლებას ჯერ საქართველოში, შემდეგ საზღვარგარეთ, ხოლო სუსტები უფრო სუსტდებიან, რაც ასევე იმას ნიშნავს, რომ ბავშვები ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას, ხანდახან პროფესიასაც კი და შრომის ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი, არასტაბილური ცხოვრებით ცხოვრობენ. რაც ასუსტებს თავად ადამიანს და ასუსტებს ქვეყნის ეკონომიკას. ეს ფაქტი იწვევს საზოგაოდების მენტალურ და ეკონომიკურ პოლარიზებას.
სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა და ბავშვის ინტერესების მთავარ პრიორიტეტად დასმა კომპლექსურ და თანმიმდევრულ ღონისძიებებს საჭიროებს. ამ ღონისძიებათაგან ზოგი უკვე ხორციელდება, ზოგიერთი კი განსახორციელებელია. მთავარი სიახლე ამ ინიციატივისა არის ის, რომ მოხდეს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი პრიოტეტების იდენტიფიცირება და თანმიმდევრულად დაგეგმვა და განხოციელება აუცილებელი ღონისძიებების.
ბავშვის მთავარი ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი ნომერ პირველი უფლება – სიცოცხლის უფლება. სახელმწიფოს არ აქვს თანმიმდევრული ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი სკოლის ასაკის ბავშივი შედის სკოლაში ნამდვილად და არ რჩება განათლების მიღმა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ პუნქტში საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოს აღრიცხული ჰქონდეს ბავშვების დაბადებისა და სკოლაში მისვლის კონტროლი. მაგალითად, გერმანიაში, ბავშვის დაბადებიდან სასკოლო ასაკამდე არსებობს რამდენიმე სავალდებულო ვიზიტი პედიატრთან ბავშვის განვითარების შესახებ. თუ მშობელი ამ ვიზიტს გააცდენს, სახელმიწფო იძევს ინფორმაციას იმაზე, თუ სად არის ბავშვი, რატომ ვერ უზრუნველყო მშობელმა მისი კონტროლზე მიყვანა პედიატრთან. სკოლის ასაკში, საბაზო განათლების დასრულების ჩათვლით, ასევე აღრიცხულია ბავშვების ფიზიკური ყოფნა სკოლაში. თუკი მშობელი გამოხატავს ნებას, რომ ბავშვი არ ატაროს სკოლაში, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მშობლის ნებაზე დამოკიდებული. ბავშვის განათლების მიღების უფლება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და არა მხოლოდ მშობლის. ბავშვების სიცოცხლისა და სავალდებულო განათლების უფლება გაკონტორლებული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ.
სახელმწიფომ ასევე უნდა აღიაროს, რომ ყველა ბავშვი არ იმყოფება უსაფრთხო გარემოში საკუთარ ოჯახში. ბავშვისათვის შესაძლებელია, სწორედ ოჯახური გარემო იყოს ყველაზე მეტი ხიფათის შემცველი. სოციალურ ფენას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი არ აქვს. ემოციური და ფიზიკური ძალადობა ბავშვზე ყველა სახის ოჯახში შეიძლება შეგვხვდეს. როდესაც სახელმწიფო ახორციელებს ბავშვზე ორიენტირებულ განათლების სისტემას, ის ასევე ქმნის ბერკეტებს ბავშვის უსაფრთოხებაზე ოჯახში. (მშობლების კონსულტირება, პედიატრების გადამზადება, მასწავლებელთა გადამზადება ბავშვის უსაფრთხოების საკითხებში და სხვა).
მასწავლებელთა მიერ ბავშვების დისკრიმინაციის აღმოფხვრა. მასწავლებლები დღესაც სისტემატურად არღვევენ მასწავლებლის ეთიკის კოდექსს. საგნის ცოდნა და სწავლების მეთოდები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მასწავლებელი მაღალკვალიფიციური იყოს. მასწავლებლების მიერ მოსწავლის შეურაცხყოფის ფაქტები მინიმუმდე უნდა იყოს დაყვანილი. ასევე სოციალური ნიშნით ბავშვების გამორჩევა. ყველანაირი ნიშნით ბავშვების ფავორიტიზირება მასწავლებლების მხრიდან არ უნდა იქნას დაშვებული. ბავშვი ყველა თანასწორია – ამ პრინციპით უნდა მოხდეს სწავლაც და სწავლებაც. ბავშვზე ორიენტირებული სახელმწიფო მთავარ გზავნილად მასწავლებლებს უგზავნის ისეთ მესიჯებს, რომლებიც ბავშვთა თანასწორობაზე და მათი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაზეა ორიენტირებული.
სასკოლო აქტივობები. სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის არ არის ხელმისაწვდომი არასასკოლო აქტივობებების შეთავაზება შვილებისთვის. სკოლებში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა წრეების, შეჯიბრებების, სპორტული სახეობებისა და აკადემიური თამაშების შეთავაზება ამცირებს სოციალურ დისტანციას მოსწავლეებს შორის. სკოლების სტიმულირება ამგვარი ღონისძიებების დაგეგმვისათვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაში. რეპეტიტორობის ინსტიტუტის შემცირება და მასწავლებლებისთვის საკუთარი მოსწავლეების მომზადების შეზღუდვა, რომელიც ეთიკის კოდექსით არის რეკომენდირებული, მაგრამ პრაქტიკაში ყოველთვის არ ხორციელდება, ასევე შეამცირებს ფავორიტიზმსა და სოციალურ დიფერენციაციას მოსწავლეებს შორის.
სკოლების აღჭურვა სასწავლო და სხვა სახის რესურსებით. სწავლა ძვირი ჯდება, მაგრამ უსწავლელეობა ქვეყანას უფრო ძვირად უჯდება, ამიტომ სკოლების აღჭურვა სხვადასხვა სასწავლო და არასასწავლო რესურსებით, რომლებიც მნიშვნელვნად გააფართოებს მოსწავლეების თვალსაწიერს, ინტერესს და ცნობისმოყვარეობას, ბევრ სიკეთეს მოიტანს ბავშვების შესაძლებლობების გამოვლენაში.
მშობლების პედაგოგიზაცია: მშობლები მინიმუმ 20 ან 30 წლის წინ იყვნენ მოსწავლეები და მათ საკუთარი წარმოდგენა აქვთ სასკოლო სისტემის შესახებ, რომელიც შესაძლებელია, ახლოსაც არ იყოს დღევანდელ სტანდარტებთან. მშობელთა ინფორმირება და პერიოდული შეხვედრები სკოლისთვის აუცილებელი სავალდებულო აქტივობა უნდა იყოს. მშობლებს ესაჭიროებათ მხარდაჭერა ასევე აღზრდის საკითხებში და თუკი მშობელმა იცის, რომ მასწავლებელი მისი მოკავშირეა და მისი შვილის კეთილდღეობა აქვს მიზნად, ასეთი მშობელი ენდობა მასწავლებელსაც და სკოლასაც. ნდობის ჩამოყალიბება აუცილებელი პირობაა ასევე სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაში.
სკოლების დამეგობრების პროგრამა. საერთაშორისო კვლევებში (PISA PEARLS) საქართველოს წიგნიერებასა და რაოდენობრივ აზროვნებაში ერთერთი ბოლო ადგილი უჭირავს მსოფლიოში, თუმცა კვლევას თუ კარგად გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ საქართველოს რიგ რეგიონებში წიგნიერების დონე საკმაოდ მაღალია და რიგ რეგიონებში უკიდურესად დაბალი. საერთაშორისო კვლევის შედეგების საფუძველზე შესაძლებელია ამოქმედდეს სკოლების დამეგობრების პროგრამა, რაც გულისხმობს, მაღალრეიტინგული და შედარებით დაბალრეიტინგული სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებს ქვეყნის შიგნით. ამგვარი დამეგობრების მაგალითები იძლევა საუკეთესო შედეგებს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლების კუთხით, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციების გაძლიერებისთვის. სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრის თვალსაზრისით ამგვარი პროგრამები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების ხარისხის ამაღლებაშიც.
მოსწავლეთა მხარდაჭერის პროგრამა. ზოგიერთ სკოლებს აქვთ ფსიქოლოგის ინსტიტუტი დამკვიდრებული. ვინაიდან მშიბლებისათვის არ არის სასიამოვნოდ მოსასმენი ფსიქოლოგთან ბავშვის ვიზიტის შესახებ, ამიტომ უნდა მოხდეს ამ სერვისის ჩანაცვლება „მოსწავლეთა მხარდაჭერის სამსახურით“ ბავშვები სხვადასხვა პრობლემებით მოდიან სკოლაში, სხვადასხვა ოჯახს განსხვავებული პრობლემები აქვს, ზოგს ემოციური, ზოგს ფიზიკური და მატერიალური. ბავშვებს სჭირდებათ მოსმენა და თანადგომა. საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება სხვადასხვა სერვისებზე. ბავშვის მხარდაჭერის პროგრამა ასევე დაეხმარება სოსტემას ბავშვზე ორიენტირებული განათლების უზრუნველყოფაში.
მასწავლებელთა მხარდაჭერის პროგრამა. მასწავლებლებმა ბოლო წლებში ბევრი გამოცდა, იმიჯის შერყევა, კრედიტების დაგროვება გადაიტანეს. ერთი საკითხია საგნის არასაკმარისად ცოდნა, მაგრამ მეორე უფრო მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მხარი დაუჭიროს და არა დააზიანოს ბავშვის ისედაც ფაქიზი ბუნება. ის მასწავლებლები, რომლებიც მაღალკვალიფიციურად ასრულებენ თავიანთ საქმეს, მხარდაჭერას უნდა იღებდნენ სისტემისგან. არა კრედიტების მოგრივების მარათონით მხოლოდ, არამედ სხვა უფრო მნიშვნელოვანი აქტივობებით, როგორიცაა იგივე გაცვლითი პროგრამები, ან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის დამატებითი აქტივობების შეთავაზება და სხვა.
საქართველოში უამრავი ბავშვი იზრდება რომელიმე მშობლის გარეშე. ემიგრაციაში წასული დედების შვილები ერთერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან იდენტიფიცირებულიც კი არ არის. ასეთი ბავშვები მუდმივად არიან მხარდაჭერის აუცილებლობის წინაშე. ასევე, როგორც წესი, ამგვარი ბავშვები სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან არიან. სოციალური თანასწორობისთვის და ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით ამგვარი ბავშების იდენტიფიცირება და მხარდაჭერა აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსთვის.
ბავშვების კვებით ურუნველყოფის პროგრამა. არცერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს ხარისხიანი განათლების მიღმა. ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა სასწავლო სახელმძღვანელოებზე, ინტერნეტზე, შესაბამის მოწყობილობაზე, რათა დაესწროს გაკვეთლებს ონლაინ რეჟიმში, არ ციოდეს და არ შიოდეს. ეს ბავშვის კონსტუტუციური უფლებაა და სახელმწიფოს ვალდებუულება. ისეთი ბავშვების გამოკვება, რომელთაც ამის პირობები სახლში არ აქვთ, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე. ეს პოლიტიკა ფრთხილად არის გასატარებელი, რათა ბავშვებს შორის სოციალური უფსკრული კიდევ უფრო არ გაიზარდოს. ხვალ ეს ბავშვები ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდებიან ან შემდგარი და წარმატებული ადამიანების სახით, ანდა სოციალურად დაუცველი ან არაკონკურენტიანრიანი მოქალაქეების სახით, რომელიც ისევ სახელწიფოს დააწვება ტვირთად. გაჩერების დრო არ არის, უნდა ვიმოქმედოთ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
ასევე იხილეთ: