სადღეგრძელოში ჩარჩენილი უმაღლესი განათლების სისტემა
ავტორი: გიორგი გაგნიძე, ფინანსისტი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი, ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, მმართველობითი აღრიცხვა
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.
ზედმეტი და მომაბეზრებელია იმაზე საუბარი, რაოდენ მნიშვნელოვანია განათლება კაცობრიობის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. თუ არსებობს ნება ღირსეული ცხოვრების, მაშინ, ბუნებრივია, განათლება მნიშვნელოვანი სფერო უნდა იყოს სახელმწიფოსთვის. მაგალითად ასე გამოიყურება ერთ-ერთი ქვეყნის დამოკიდებულება განათლებისადმი:
“…establishing modern and innovative educational and scientific environment in close cooperation with civil society”. We “advocate freedom of choice, fair competition, equal opportunities, civil integrity, and respect for cultural identity. We promote acquisition and development of knowledge and skills necessary for social success and self-realization”.
ქართული თარგმანი ზემოთ მოყვანილი ტექსტის ასე გამოიყურება:
“…საზოგადოების მონაწილეობით ჩამოაყალიბოს თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემო. ეს გარემო ეფუძნება არჩევანის თავისუფლებისა და თანამშრომლობის, სამართლიანი კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების, სამოქალაქო ერთიანობისა და კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპებს და ხელს უწყობს ადამიანებს, შეიძინონ და განავითარონ სოციალური წარმატებისთვისა და თვითრეალიზებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები”.
ალბათ, რაოდენ ბედნიერი უნდა იყოს ერი, რომელსაც ასეთი ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს განათლებისადმი და რაოდენ წარმატებული უნდა იყვნენ მისი მოქალაქეები.
თუ ვინმემ ვერ იცნო, პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ზემოთ მოყვანილი დამოკიდებულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებული მისიაა (ზუსტად ასე წერია მათ ვებგვერდზე – www.mes.gov.ge). ჩვენი ქვეყნის ყოფა და ეკონომიკური მდგომარეობა ყველამ ვიცით, როგორია და ვგრძნობთ საკუთარი ტყავით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისია და ჩვენი დღევანდელობა დაახლოებით ქართულ სუფრას ჰგავს, როდესაც ლამაზი სადღეგრძელოებითა და გაცხადებული დიადი სურვილებით დახუნძლული საღამოს შემდგომ დღეს, ნაბახუსევის თავის ტკივილი და შეუძლოდ ყოფნა გვაწუხებს.
დავფიქრდეთ შესაძლო მიზეზებზე იმისა, თუ რატომ არის ამხელა სხვაობა ჩვენს “სადღეგრძელოებში” განცხადებულ ნებასა და რეალობას შორის განათლებასთან მიმართებაში.
თუ ჩავთვლით (და ვფიქრობ, რომ სავსებით სამართლიანია ამაზე შეთანხმება), რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკმარისად სწორი მისია აქვს ჩამოყალიბებული, მაშინ რატომ ვართ ასეთ მდგომარეობაში განათლების მხრივ?
დიადი წარსულის ბრწყინვალებით დაბინდული აღქმა დღევანდელობის
დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით 1106 წელს საქართველოში დაარსდა გელათის აკადემია. “დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ. აკადემიის სათავეში იდგა მოძღვართ-მოძღვარი. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტრივიუმის (გეომეტრია — „ქვეყნის საზომლოჲ“, „არითმეტიკა“ — „რიცხუნი“, მუსიკა — „სამოსოჲ“) და კვადრიუმის (ფილოსოფია სამი სახის — „საქმეთი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი“, რიტორიკა სამი სახის — „თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა“, გრამატიკა და ასტრონომია — „ვარსკვლავთმრიცხველობაჲ“) ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა” (წყარო – https://ka.wikipedia.org).
იმ დროს განათლების მიღება შეიძლებოდა ისეთ ადგილებში, სადაც თავს იყრიდა განათლებული ხალხი და მათი ცოდნა. განათლების მიღება რთულ საქმეს წარმოადგენდა. გადაადგილების სწრაფი საშუალებების არქონა და თანამედროვე სასწავლო დაწესებულებების სიმცირე დიდ ლოჯისტიკურ გამოწვევას წარმოადგენდა. განათლების მქონე ხალხის მოძებნა, ერთ ადგილას შეკრება და გარკვეული დროით მათი იქ გაჩერებაც არ იქნებოდა მარტივი საქმე. მონასტრის აშენება და მისი “შენახვაც” არ იქნებოდა მცირე თანხებთან დაკავშირებული. ალბათ, ისეთ პირობებში და იმ დროში განათლება ძვირი სიამოვნება უნდა ყოფილიყო (არ ვსაუბრობთ იმაზე, სტუდენტი ფარავდა ხარჯებს, თუ სახელმწიფო. ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოებას უწევდა ამ ხარჯების დაფარვა ამა თუ იმ სახით).
წარმოიდგინეთ, რომ მოახერხეთ და მიაღწიეთ იმ დროში გელათის აკადემიამდე და იქ არ დაგხვდათ ის ინფორმაცია და განათლების დონე, რომელსაც ელოდით. გამგზავრებამდე შეფასებებს (review) ვერ წაიკითხავდით, ვერ გადარეკავდით მეგობრებთან მათი აზრის გასაგებად სასწავლო დაწესებულების შესახებ.
გაცილებით გვიან, ახლო თანამედროვეობის პირობებშიც კი, იგივე გამოწვევები ახასიათებდა განათლების სისტემას, რა სავარაუდო სირთულეებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.
აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზა ბუნებრივად გამოჩნდა. სახელმწიფოს მიერ შეიქმნა ორგანიზაციები, სამინისტროები, რომლებიც სასწავლო დაწესებულების ხარისხს აკონტროლებდნენ. გარკვეულ მოთხოვნებს უწესებდნენ მათ, მოსწავლეებს, რათა საზოგადოების წევრების განათლების დონე ყოფილიყო ხელმისაწვდომი და შესაბამისობაში მყოფი საზოგადოების იმ დროინდელ მოთხოვნებთან.
ასეთ წიაღში აღმოცენდა ჩვენი დღევანდელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინამორბედი და, ალბათ, სავსებით პასუხობდა მაშინდელ მოთხოვნებს. აღნიშნული სამინისტროს ამოცანა კიდევ უფრო რთული იყო საბჭოთა სივრცეში, როდესაც კერძო უნივერსიტეტები და კონკურენცია არ არსებობდა.
რა უნდა გაეკეთებინა შუასაუკუნეების „განათლების სამინისტროს“ განათლების დონის ასაწევად და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად?
განათლების სამინისტროს შესაბამის უწყებას, ალბათ, შემდეგი რამ უნდა გაეკეთებინა:
- გეოგრაფიული სპეციფიკიდან გამომდინარე დაეგეგმა, სად უნდა ყოფილიყო გახსნილი ახალი სასწავლო “აკადემიები” (განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა);
- გელათის აკადემიაში დაგროვილი ცოდნა გადაეწერა მრავალ სახელმძღვანელოში და აღნიშნული სახელმძღვანელოები გაეშვა საქართველოს ფარგლებში გახსნილ სხვა სასწავლო დაწესებულებებში (სტანდარტიზაციის გზით ხარისხის უზრუნველყოფა)
- უზრუნველეყო მაშინდელი სწავლულების გაგზავნა ბიზანტიასა და სხვა ქვეყნებში, რათა მეტი ახალი ცოდნა ჩამოეტანათ იქიდან (ბაზრის/საზოგადოების მოთხოვნებიდან გამომდინარე განათლების ადეკვატურობის უზრუნველყოფა);
- და რაოდენ ღირებული იქნებოდა, დავითის და თამარის დროს გატარებული რეფორმების და გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაზიარება სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის (მეცნიერების ექსპორტის ბრწყინვალე მაგალითი იქნებოდა. ალბათ ასეც ხდებოდა – ცოდნისა და გამოცდილების გაზრდისთვის პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესება სხვა სასწავლო დაწესებულებებთან).
ზუსტად ზემოთ ჩამოთვლილ საქმიანობებს ახორციელებს განათლების სამინისტრო – იმ საქმიანობებს, რაც აქტუალური იქნებოდა მაშინდელი საქართველოსთვის იმ რეალობიდან გამომდინარე. სავარაუდოდ, უბედურება სწორად იმაშია, რომ აღნიშნული სამინისტრო ახლაც, ტრადიციულად იმას აკეთებს, რაც იმ რეალობისთვის სწორი იყო და დღევანდელობას, ალბათ, არ შეესაბამება.
ცვლილებები
მენეჯმენტის დარგში არსებობს ერთი ცნობილი პიროვნება – იცჰაკ ადიზესი. მისი მიდგომის ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის გარემოში ცვლილებების არსებობა. ცვლილებებზე სწორი და დროული პასუხი ქმნის ახალ შესაძლებლობებსა და პროგრესს, ხოლო უმოქმედობით, ცვლილება იქცევა პრობლემად. ვთანხმდებით, ალბათ, რომ ცვლილებები უამრავი მოხდა დავით აღმაშენებლის ეპოქის შემდეგ და კვლავ ხდება განათლების ფორმებთან და შინაარსთან დაკავშირებით, თუმცა შესაბამისი სამინისტროს მიდგომის გზები ფაქტობრივად უცვლელია. ალბათ, საჭიროა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიდგომებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, გარემოში მომხდარ ცვლილებებზე შესაბამისი პასუხის გაცემა.
განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სივრცეში
XXI საუკუნის უმნიშვნელოვანესი ცვლილებების მიზეზი – ინტერნეტი და მისგან გამოწვეული ცვლილებები იმდენად მასშტაბურია, რომ ყველაზე პასუხის გაცემა ჯერჯერობით ვერ მოხდა.
თუ შუა საუკუნეებში და ბოლო 5-10 წლის წინანდელ პერიოდში განათლების საგანმანათლებლო დაწესებულებაში/ ინსტიტუტში უნდა მივსულიყავით, ახლა განათლება აქეთ გვინგრევს სახლის კარს და ყველგან თავზე გვადგება კომპიუტერებისა თუ მობილური ტელეფონის დახმარებით. უამრავი პლატფორმაა, სადაც, უფასოდ თუ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ყველანაირი სახის ინფორმაციისა და ცოდნის მიღებაა შესაძლებელი.
ტრადიცია, რომ სწავლის მისაღებად სადმე უნდა მივსულიყავით, ალბათ კიდევ გაგრძელდებოდა, რომ არა თავს დამტყდარი მსოფლიო პანდემია, რომელმაც დაგვანახვა, არ არის საჭირო ცხენზე ამხედრება და საცობების გავლა, საპარკინგე ადგილების მოძებნა, რომ ცოდნის ტაძარს ვეწვიოთ. ნებისმიერი ადგილიდან შეგვიძლია მარტივად, ნებისმიერ დროს დავიწყოთ ან გავაგრძელოთ სწავლა.
ცოდნის გაზიარებიდან მიღებული სარგებელი რომ უფრო დიდია, ვიდრე ცოდნის გაყიდვიდან მიღებული თანხა, ამასაც ხვდებიან უნივერსიტეტები და ბევრი ცნობილი დაწესებულება თავის სახელმძღვანელოებს საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის. ახლობლებსა თუ ბიბლიოთეკებში სირბილი რაიმე წიგნისა თუ სახელმძღვანელოს საპოვნელად – სრულებით წარმოუდგენელი და გამოგონილი ამბავი ჰგონია ახალგაზრდა თაობას. შესაბამისი გამოცდილების ადამიანებისგან ცოდნის მისაღებად უამრავი პლატფორმა, ფორუმი, სოციალური ქსელი არსებობს, სადაც ზოგი უფასოდ, ზოგი გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, მზადაა თავიანთი ცოდნა გაგიზიარონ, რჩევები მოგცენ.
ალბათ, ვერ ვიაზრებთ, რაოდენ დიდი ცვლილება მოხდა სამყაროში – ცოდნა და განათლება გაუგონრად ხელმისაწვდომი გახდა. მთავარია ვიცოდეთ, რისი სწავლა გვჭირდება, გავარკვიოთ უამრავი წყაროდან, რომელია ჩვენთვის საუკეთესო და გადავეშვათ ახალი გამოცდილების შეცნობაში.
- იმის მაგივრად, რომ ყოველდღიურობაში შემოჭრილი განათლების სწორ გამოყენებაზე იფიქროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაკავებულია იმით, რომ არსებული ინსტიტუტების აკრედიტაციის საკითხებს განიხილავს, ახლებს მუშაობის დაწყების ნებართვას არ აძლევს, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი ფართის გარკვეული მოცულობა ერთ სტუდენტზე – არადა, დღეს უკვე აღარ არის აქტუალური სადმე ფიზიკურად მისვლა, რომ განათლება მივიღოთ;
- სამინისტრო კრძალავს სტუდენტზე „დიპლომების“ გაცემას, თუ ლექციაზე „ფიზიკური“ დასწრების საათების გარკვეული რაოდენობა არ დააგროვა სტუდენტმა – ამ დროს კი, გაცილებით უკეთესი ცოდნის უფრო მოკლე დროში მიღება შეიძლება ინტერნეტ რესურსების გამოყენებით, ვიდრე ბევრი, განსაკუთრებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უნივერსიტეტი სთავაზობს თავის სტუდენტებს.
განათლების ხელმისაწვდომობა დროში
წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ დავით აღმაშენებლის ეპოქაში, ან თუნდაც მეოცე საუკუნის 90-იან წლებში. მართავთ, ან გეგმები გაქვთ, რომ წამოიწყოთ თქვენი კერძო მეურნეობა. ხვდებით, რომ გაყიდვების უნარი ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია და მარკეტინგის მიმართულებით გჭირდებათ ცოდნის გაღრმავება. დიდი შრომითა და წვალებით მოხვდით გელათის აკადემიაში, ან ამერიკულ თუ ევროპულ უნივერსიტეტში. ამხელა გზა გაიარეთ, ხარჯი გაწიეთ, ისწავლეთ მარკეტინგი, მაგრამ იქ ნახეთ, რომ არის სტრატეგიული მენეჯმენტის, ფინანსების კურსებიც. ხომ იფიქრებთ, რომ ეს კურსებიც შეიძლება დაგჭირდეთ მომავალში და მერე ამ კურსების გასავლელად ხანგრძლივი და ძვირი მგზავრობის გამეორებას, ჯობია, მეტხანს დარჩეთ სასწავლო დაწესებულებაში და ის დამატებითი კურსებიც გაიაროთ, რომელიც შეიძლება ხვალ დაგჭირდეთ, მაგრამ შეიძლება საერთოდაც არ გამოიყენოთ მომავალში. გარისკვად ნაკლებად ღირს, ალბათ ბევრნი დარჩენას და სწავლის გაგრძელებას გადავწყვეტდით.
მაგრამ დღეს, მადლობა ტექნოლოგიურ მიღწევებს, წამებში შეგვიძლია დავუბრუნდეთ სწავლის პროცესს. სწავლაც უფრო ეფექტური ხდება. როცა ვხედავ კონკრეტულ საჭიროებას, იმას უფრო გულმოდგინედ ვსწავლობ, ვიდრე ისეთ რაღაცებს, რომელსაც უბრალოდ მირჩევენ თუნდაც ჩვენზე უფრო გამოცდილი მშობლები, ბებია-ბაბუები, სამინისტროები და სხვები.
რჩევასაც რომ თავი დავანებოთ, სკოლიდან პირდაპირ უნივერსიტეტში მისულ ახალგაზრდას სტრატეგიულ მენეჯმენტს რომ მასწავლიან, ეს ჩემთვის წყლის ნაყვა და დროის ფლანგვაა. სტრატეგიული მენეჯმენტის საჭიროებას ვერ მივხვდები, თუ არ დავინახე მართვის შუა ან ზედა რგოლში რა ამოცანების გადაჭრა დამჭირდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასეთ რეალობაში, ინსტიტუტებს არ აძლევს საგანმანათლებლო სამუშაოს დაწყების უფლებას თუ:
- სწავლების საათების მინიმალური რაოდენობის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს სასწავლებლის პროგრამა
- კონკრეტული საგნები არ შედის სასწავლო პროგრამაში (ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია სამინისტროს მიერ ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფის მხრივ)
ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა
ბუნებრივია, რომ ხარისხიანი განათლება ჯობია, ვიდრე ნაკლებად ხარისხიანი. შეიძლება გვჯეროდეს, რომ განათლების სამინისტროს მოთხოვნები, სასწავლო პროგრამების მიმართ, ადეკვატურია. ან შეიძლება, სამინისტროს კომპეტენცია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც განათლებაა, სათუო საკითხზე მინდობა არ უნდა იყოს ოპტიმალური გამოსავალი.
- სამინისტრო განსაზღვრავს უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში აუცილებელი საგნების და მათზე გამოყოფილი საათების მინიმალურ რაოდენობას
როგორ შეიძლება, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და ინფორმაციის ასეთი ხელმისაწვდომობის პირობებში, ბიუროკრატიულმა სახელმწიფო ორგანიზაციამ ყველაზე კარგად იცოდეს, რას, როგორ და რამდენ ხანს უნდა ასწავლიდნენ უნივერსიტეტები თავიანთ სტუდენტებს, ვიდრე ზოგადად კერძო სექტორმა (კერძო უნივერსიტეტების ჩათვლით) იცის. შეიძლება მისაღები იყოს, რომ სამინისტრომ თქვას, საჯარო მოხელეები მჭირდება, რომლებსაც ასეთი საგნები ექნებათ გავლილიო და საჯარო მოხელეების სასწავლო პროგრამებში ჩაერიოს, ან სამედიცინო განათლების განხრით (ეს საკითხიც კი ძალიან სადავოა). მაგრამ როგორ შეიძლება, რომ, მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელშიც ცვლილებები და სიახლეები ყოველ საათში შემოდის, მძიმე და ნელმა სახელმწიფო ორგანიზაციამ ფეხი აუბას და დროულად იცოდეს, რა ცვლილებებია შესატანი სასწავლო პროგრამაში? აღნიშნული მაგალითი ალბათ მოწმობს, რომ დღევანდელი სწრაფი ცვლილებების სამყაროში, ერთი სამინისტრო უძლური იქნება სასწავლო პროგრამებში განსახორციელებელი დროული ცვლილებების უზრუნველყოფის მხრივ.
განათლების სამინისტროს ახალი როლი
ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნას, თითქოს, განათლების სამინისტროს გაუქმების იდეას ვემხრობოდე. მაგრამ ეს ასე არ არის. უფრო მეტიც, ქვემოთ მოყვანილი მაგალითებით ვეცდები გადმოვცე ჩემი ხედვა განათლების სამინისტროს როლის შესახებ.
უმაღლესი განათლების სისტემის ერთ მხარეს გვყავს სტუდენტი (მის უკან მდგომი ოჯახი და სხვა გულშემატკივრები).
სამინისტრომ სწორი პოლიტიკით უნდა უზრუნველყოს განათლების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპების შეცვლა: შვილმა სკოლის დამთავრების შემდეგ თუ უნივერსიტეტში არ ჩააბარა (თან უფასოზე) და მაგისტრატურაზეც თუ არ ისწავლა, სირცხვილი და თავის მოჭრაა; უმაღლესი შეფასებები თუ არ ჰქონდა, უბედურებაა.
სტატისტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში (სახელმწიფო და კერძო ერთად) სტუდენტების ასაკობრივ განაწილებას:
სტუდენტების 88% არის 24 წლის ან ნაკლები ასაკის. სკოლის დამთავრების შემდგომ ახალგაზრდები, როგორც წესი, 4 წელს და, ძალიან ხშირად, დამატებით კიდევ 2 წელს ატარებენ სასწავლო დაწესებულებებში და ეუფლებიან პროფესიებს, სწავლობენ საგნებს, რომელთა საჭიროების შესახებ, დიდი ალბათობით, ჯერ წარმოდგენაც არ აქვთ. ნუთუ უკვე დასაქმებული და „ასაკოვანი“ ხალხი არ საჭიროებს ცოდნის გაღრმავებას? იმედი დავიტოვოთ, რომ საჭიროებას ხედავენ ხოლმე და კვალიფიკაციას იმაღლებენ უნივერსიტეტის გარეთ ტრენინგებითა და ონლაინ კურსებით.
შევხედოთ სტუდენტების განაწილებას სასწავლო პროგრამების მიხედვით:
ყველაზე დიდი წილი სტუდენტების მოდის სოციალურ მეცნიერებებზე, ბიზნესსა და სამართალზე. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მხოლოდ ბიზნეს მიმართულებაზე მოგიყვანთ მაგალითს:
22 წლის ასაკში ახალგაზრდამ მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. ამ მიმართულებაში შიგნით კიდევ არის უამრავი “სპეციალიზაცია” (ჩემი ღრმა რწმენით, გამოგონილი მარკეტინგული ხრიკი) – ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტურიზმის მენეჯმენტი, ჯანდაცვის მენეჯმენტი და მრავალი სხვა. რა ხნის მერე დაიწყებს ის მუშაობას თავისი სპეციალობით? (შესაბამისი სტატისტიკის არსებობა რომ უზრუნველყოს განათლების სამინისტრომ შესაბამისი კვლევებით, იქნებოდა ფანტასტიკური რამ უნივერსიტეტებს შორის კონკურენციის გასამწვავებლად და მათ ფორმაში მოსაყვანად.) მუშაობას რომ დაიწყებს, რა მოვალეობები იქნება მასზე დაკისრებული პირველ სამუშაო ადგილას? სრული სითამამით შემიძლია ვთქვა (ისევ და ისევ, რიცხვები არ არსებობს აღნიშნულთან დაკავშირებით), რომ კარიერის საწყის ეტაპზე, ასეთი სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა მათზე დაკისრებული ამოცანების ხასიათიდან გამომდინარე, თავს გაართმევდა საქმეს შემდეგი საგნების ცოდნისა და უნარების წყალობით:
- კომპიუტერული პროგრამები – MS Word, MS Excel, MS PowerPoint;
- მიკრო/მაკროეკონომიკა
- ფინანსების საბაზისო კურსი
- უცხო ენა/ენები
უცხო ენებს (და ძალიან ხშირად, ზემოთ მოყვანილ კომპიუტერულ პროგრამებსაც) თუ არ ჩავთვლით, რომლებსაც ახლანდელი ახალგაზრდები და ბავშვები სკოლის პერიოდშივე ითვისებენ, დანარჩენი საგნებისა და დისციპლინების შესწავლას საკმარის დონეზე სჭირდება 2-6 თვე (სრულად ხელმისაწვდომია ინტერნეტ რესურსებზე უფასოდაც კი). 1 წელზე მეტი ხომ ნამდვილად არ სჭირდება? მაგრამ ახალგაზრდებს კიდევ ასწავლიან უამრავ საგანს, რაშიც დროითი და მატერიალური რესურსები იხარჯება. არ ჯობია, რომ ეს რესურსები თუნდაც პოტენციურმა დამსაქმებელმა მიიღოს (სტუდენტისგან ან სახელმწიფოსგან), რომ უღირდეს ზემოთ მოყვანილი საგნებისა და დისციპლინების მცოდნე ახალგაზრდა მიიღოს სტაჟიორად და შესაბამისი დრო დაუთმოს მას, გამოზარდოს გარკვეულ დონემდე მაინც და სარგებელიც მიიღოს? ასეთი ახალგაზრდა უკეთესად დაინახავს სხვა საგნების სწავლის საჭიროებას და მეტი მონდომებით, მარტივად ისწავლის მათ ონლაინ ან რაიმე სასწავლო დაწესებულებაში (ტრანსფორმირებულ უნივერსიტეტში) გაცილებით მოკლე ხანში, ვიდრე ახლა, სამინისტროს მოთხოვნით, უნივერსიტეტში დაეხარჯება (ცალკე დიდი თემაა ბიუჯეტიდან განათლებაზე გამოყოფილი თანხების მოცულობა და მათი ეფექტურად გამოყენების საკითხი – რა უჯდება სახელმწიფოს ერთი სტუდენტისთვის განათლების მიცემა და რა შეიძლება დაუჯდეს ახალი ტექნოლოგიური მიღწევების პირობებში); ან იქნებ, საერთოდ არ მოეწონოს ბიზნესის ადმინისტრირება და სამშენებლო კომპანიაში სტაჟირებისას აღმოაჩინოს, რომ საინჟინრო საქმე უფრო მოსწონს?
ვფიქრობ, ბიზნესის ადმინისტრირების მსგავსად, ასეთი მიდგომა ბევრი სხვა სასწავლო პროგრამისთვისაც იმუშავებს.
უმაღლესი განათლების მეორე მხარეს გვყავს უნივერსიტეტების ერთობლიობა.
ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიოში ბევრი წარმატებული უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა. ბევრიც წარმატებულ „ბიზნესს“ წარმოადგენს (მათ შორის საქართველოშიც) და ტრადიციული გზებით აგრძელებს (ბიზნეს) საქმიანობას. მათი გადართვა ახალ რეალობაზე ბუნებრივად მოხდება, მაგრამ დრო დასჭირდება. სამინისტროს როლი ზუსტად რომ არსებული უნივერსიტეტების უფრო კონკურენტულ გარემოში ჩაგდება და, გამჭვირვალეობის უზრუნველყოფით, მათი ტრანსფორმაციის დაჩქარება უნდა მდგომარეობდეს.
ალბათ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც დღევანდელობის პრობლემას წარმოშობს, არის უნივერსიტეტების წინააღმდეგობა, რომ დათმონ თავიანთი გარკვეულწილად „მონოპოლისტური“ პოზიცია, როგორც განათლების მიმწოდებლებისა და ასევე, შესაძლებლობის არქონა, რომ ფეხი აუწყონ განათლების გლობალურ სისტემაში მიმდინარე მძაფრ ცვლილებებს.
ინტერნეტისა და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით, განათლების სამინისტრომ ცოდნის მიღების ალტერნატიულ საშუალებებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ მეტ კონკურენციაში შევიდნენ ტრადიციულ უნივერსიტეტებთან. თავის მხრივ, უნივერსიტეტებს მისცეს მეტი თავისუფლება და მოძველებული მოთხოვნების გაუქმებით, მოქნილობა მიანიჭოს უნივერსიტეტებს, რომ ცოდნის ახალი ალტერნატიული წყაროები გამოიყენონ, ან სულ მცირე – ხელფეხშეკრულები არ დატოვოს ისინი ახალ ინტერნეტ პლატფორმებთან, რომლებიც კარს გვინგრევენ და შემოდიან ჩვენს ყოველდღიურობაში. რატომ არ უნდა აწარმოოს და არ გაასაჯაროოს სამინისტრომ სტატისტიკა უნივერსიტეტების მიხედვით სტუდენტების დასაქმების, ხელფასების მოცულობის შესახებ და მხოლოდ შეჯიბრებითობის გამწვავებით უზრუნველყოს მათი ხარისხი? ხარისხის უზრუნველყოფა დირექტივების მიცემით აღარ არის ეფექტური დღევანდელი სწრაფი ცვლილებების სამყაროში.
მაგალითზე გეტყვით, რომ ჩემი შვილი როცა აირჩევს პროფესიას, მე ვეცდები, შესაბამისი პროფესიონალები ვნახო, რომ მათ ურჩიონ ჩემს შვილს, რომელი წიგნები წაიკითხოს, რომელ ონლაინ კურსებს გაეცნოს (იმიტომ რომ ეს ონლაინ კურსები უამრავია და ჩაიკარგები მათში შესაბამისის ძებნაში). იდეალური შემთხვევა იქნებოდა, რამდენიმე პროფესიონალმა თვეში 1-2 საათი რომ დაუთმოს მას გავლილი მასალის შესახებ სასაუბროდ, კითხვებზე საპასუხოდ. რატომ არ უნდა შეასრულონ უნივერსიტეტებმა ასეთი პროფესიონალების როლი? რატომ არ უნდა მისცეს სამინისტრომ არსებულ უნივერსიტეტებს საშუალება, რომ ტრანსფორმაცია განიცადონ და გზამკვლევები გახდნენ ინტერნეტ სივრცეში არსებული უამრავი ცოდნისა და განათლების ოკეანეში?
განათლების სამინისტროს და არამარტო მას დამატებით სხვა საკითხებიც აქვს გადასაჭრელი. სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობა – ერთ-ერთი კონტრიბუტორია დაბალი დონის განათლებისა და არამართლზომიერი ხარჯებისა. სწორად სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების გამო „აბარებენ“ ახალგაზრდები „სულერთია“ რომელ უნივერსიტეტში.
ის, რომ ახალგაზრდები და შემდგომი თაობები მეტად გადაერთვებიან ონლაინ სასწავლო რესურსებზე, ეგ ალბათ ცხადია. შეიძლება გაჩნდეს საჭიროება „უნივერსიტეტს გარეთ“ ნასწავლი ახალგაზრდების ცოდნის „დამოწმების“, სერტიფიცირების. ეს როლი შეიძლება იკისროს განათლების სამინისტრომ, ან დასაქმების სააგენტოებმა აიღონ თავის თავზე, ან დამსაქმებლებმა თვითონ უზრუნველყონ.
PS. კარგი ნიშნებისა და დიპლომის აუცილებლობაში დარწმუნებული მშობლებისა და სტუდენტების საყურადღებოდ, ერთ მცირე შენიშვნას დავამატებდი, რომელსაც, ალბათ, დამსაქმებლების დიდი ნაწილი იზიარებს: სამსახურში აჰყავთ ის, ვისაც საკმარისი (და არა ყველაზე მეტი) პროფესიული ცოდნა და გამოცდილება აქვს (და რომლის მიღებაც, კარიერის დასაწყებად, ონლაინ პლატფორმებით სავსებით შესაძლებელია), რამეთუ პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გარდა, დამსაქმებლებს არანაკლებ აინტერესებთ კანდიდატის სხვა თვისებები – კომუნიკაბელურობა, კრეატიულობა, შინაგანი მოტივაცია, მიზანსწრაფულობა, ოპტიმიზმი, ახალი ცოდნის/გამოცდილების ათვისებისა და სტრესთან გამკლავების უნარები. ასეთ საკითხებს უნივერსიტეტებში ნაკლებად ასწავლიან. ამიტომ, პროფესიულ განათლებაში მაღალი შეფასებისთვის ზედმეტი დროის დახარჯვას, აჯობებს მისი მიმართვა პიროვნულ განვითარებაზე.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება