GE

რა ცვლილებები და სიახლეები ელოდებათ მოსწავლეებს სკოლაში – განათლების მინისტრი გეგმებზე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ სკოლის მოსწავლეებისათვის დაგეგმილ ცვლილებებზე 23 აპრილს, პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ცნობილი გახდა, რომ საგნის – კომპიუტერული ტექნოლოგიები სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება და ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.

“აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა”, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

EDU.ARIS.GE-მ მინისტრის საუბრის გათვალისწინებით შეკრიბა ის სიახლეები, კიდევ რა ცვლილებებს გეგმავს 4 წლის განმავლობაში განათლების სამინისტრო:

– მათემატიკის, როგორც საგნის გაძლიერებული სწავლება – ყველა საჯარო სკოლაში მათემატიკის და ფიზიკის გაძლიერებული პროგრამა შეიქმნება. შესაძლოა, ამ საგანს პირობითად მექანიკა დაერქვას და თავდაპირველად მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში შევა.

– მეათე კლასიდან სკოლის მოსწავლეს საშუალება მიეცემა აირჩიოს – თუ მას სურს აკადემიური მიმართულებით გაძლიერებული სწავლა, იყოს ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, ხოლო თუ პროფესიული მიმართულებით სწავლის გაგრძელება ენდომება, სამინისტროს სურვილია, რომ უკვე 2025 წლის სექტემბრისთვის 100-მდე საჯარო სკოლაში შესაძლებელი იყოს პროფესიული ინტეგრირებული პროგრამის არჩევა.

– დაგეგმილია სკოლებში “სტემ კლუბების” შეტანა. მოეწყობა სპეციალური ლაბორატორიები და სასკოლო საათების დასრულების შემდეგ, ნებაყოფლობით, სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ სტემ კლუბი ისევე, როგორც სპორტული ან სახელოვნებო კლუბები.

ტექნოლოგიური მიმართულების გარდა, მოსწავლეებისთვის ჰუმანიტარული მეცნიერების თვალსაზრისითაც არის სიახლეები:

– მოსწავლეებისთვის სასკოლო კლუბები შეთავაზებული იქნება ჰუმანიტარული მიმართულებით, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებითაც.

“ჰუმანიტარული სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის მშობლიური ენის და ჩვენ შემთხვევაში, გაძლიერებული იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება. პირველად 2025 წლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება მოხდება ცალ-ცალკე. შემუშავდა ორი სტანდარტი, გაიყო – ცალკე ქართული ენის და ცალკე ქართული ლიტერატურის”, – განაცხადა ალექსანდე წულაძემ.

ამავე თემაზე:

განათლების მინისტრს ზოგადი განათლების ახალი ხედვა აქვს – რა შეიცვლება მიმართულებაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური