GE

„რთული წელი ფინანსურად“ – აბიტურიენტების მშობლები სკოლაში მიღებულ ცოდნასა და გამოწვევებზე ქუთაისიდან

„ემზადებოდა?“, „რამდენ საგანში?“, „რამდენ ხანს?“… – ეს კითხვები, რომლებსაც 2026 წლის აბიტურიენტების მშობლები ქუთაისის საგამოცდო ცენტრების წინ ერთმანეთში ცვლიან, თითქოს შვილებთან ერთად, მათი განვლილი წლის შეჯამებაც არის. მომენტი, როცა რთულ გზას კულმინაციად გამოცდა ერთვის. ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ აბიტურიენტები და დიახ, მათი მშობლები. მათზეა ყველაზე დიდი ფინანსური და მორალური ტვირთი, შვილები გამოცდებისთვის მოამზადონ და მშობლის ღვაწლით კმაყოფილება იგრძნონ.

მეტწილად ეს იკითხება საგამოცდო ცენტრებთან დილის რვა საათიდან შეკრებილი აბიტურიენტების დედების, მამებისა თუ ბებია-ბაბუების სახეებზე – კარგი შედეგის მოლოდინი.
მშობლებს EDU.ARIS.GE-მ ჰკითხა, რამდენად დიდი ფინანსური ტვირთია აბიტურიენტი შვილის რეპეტიტორებთან მომზადება ოჯახის ბიუჯეტისთვის და აძლევს თუ არა სკოლა ახალგაზრდას იმ ცოდნას, რაც საკმარისია ეროვნულ გამოცდებზე მომზადების გარეშე გასასვლელად.

პირველი, ვისაც ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრთან ვესაუბრეთ, აბიტურიენტის დეიდაა.

გამოსაცდელის დედა ემიგრანტია უცხო ქვეყანაში. ამიტომ, დისშვილზე პასუხისმგებლობა ახალგაზრდა დეიდამ, თინიკომ აიღო. გვიყვება, რომ მისი დისშვილი სამ საგანს აბარებს, შესაბამისად სამივე საგნის რეპეტიტორთან ემზადებოდა.

„ფინანსურად ნამდვილად რთული წელი იყო, მორალურად არც ისე, ვამხნევებდით ერთმანეთს და ასე მოვედით აქამდე. სკოლიდანაც წამოიღო ბავშვმა ცოდნა, მაგრამ მომზადება მაინც დასჭირდა. ვფიქრობ, ისე ვერ შეძლებდა ჩაბარებას. გამოსავალი შეიძლება იყოს სწავლის დონის ამაღლება, დამამთავრებელ კლასებში განსაკუთრებით. რომ შემეძლოს, განათლების მინისტრს ვკითხავდი, მიმდინარე რეფორმებით თავად თუ ხართ კმაყოფილი?!… თუმცა, რაკი ახორციელებთ, ალბათ, ხართ კიდეც“, – ამბობს თინიკო.

ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში დაამთავრა სკოლა თამარ თაბუკაშვილის ვაჟმა. დედა გვიხსნის, რომ მისი ბიჭი ეროვნულებს სკოლის ცოდნით აბარებს და რეპეტიტორებთან არ უვლია. მარტოხელა დედისთვის დამატებით მომზადება რთული ფინანსური გამოწვევა აღმოჩნდა.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, უნივერსიტეტის შერჩევისას რამდენად გადამწყვეტი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა, ასე გვპასუხობს:

„ერთ-ერთი ფაქტორი ნამდვილად ის იყო, რომ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა უფასო გახდა, მეც იქ ვსწავლობდი და ახლა ჩემი შვილიც ჩემი პროფესიის გაგრძელებას აპირებს, ისტორიულზე აბარებს. სკოლამ მისცა თუ არა სათანადო განათლება, ვერ გეტყვით, დამთავრდება გამოცდები, დაიდება შედეგი და გამოჩნდება“, – გვეუბნება ქალბატონი თამარი.

თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებს მაკა ონიანის შვილი. დედა მუშაობს, მაგრამ არ მალავს, რომ სამ საგანში აბიტურიენტის მომზადება მაინც რთული იყო ოჯახის ბიუჯეტისთვის:

„რეპეტიტორებს თანხას ყოველთვიურად ვუხდიდი, ამიტომ, ამ ფაქტმა ცოტა გამიიოლა მდგომარეობა. სკოლა ვერ აძლევს ბავშვებს სათანადო განათლებას, რაც პირველ რიგში ისევ ჩვენი, მშობლების ბრალია. მეთორემეტე კლასში თითქმის არ უვლია ჩემს შვილს სკოლაში.
ჩვენს კითხვაზე, რას შეცვლიდა განათლების სისტემაში, ასე გვიპასუხა: „დამამთავრებელ კლასში უნდა იყოს საგნების არჩევის საშუალება, ვისაც რა საგანი სჭირდება, ის გაიაროს გაძლიერებულად. მეცადინეობაც უნდა იყოს იმის მსგავსი, როგორ ტესტებსაც გამოცდებზე აბარებენ. აი, მაშინ არავინ გააცდენს სკოლას და იქნება სწავლაც. ეს ყველაფერი კი სახელმწიფომ უნდა მოაწესრიგოს. მათი პასუხისმგებლობა დიდია“.

საკუთარ შეხედულებას უზიარებს EDU.ARIS.GE-ს ნინო ნებიერიძე, რომლის შვილმაც მიმდინარე წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მარტოხელა, ქირით მცხოვრები დედისთვის აბიტურიენტის სამ საგანში მომზადება სერიოზული ფინანსური ტვირთი აღმოჩნდა, ამიტომ შვილის განათლება მთლიანად ქუთაისის ერთ-ერთ სკოლას მიანდო.

„საქმის კურსში ჩავაყენე სკოლის მასწავლებლები, მათ სრული მზაობა გამოხატეს და ნამდვილად პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ჩემი შვილის საგამოცდოდ მეცადინეობას. მეთორმეტე კლასში სრული დატვირთვით სწავლობდა სკოლაში ქართულს, ისტორიას და ინგლისურს. სამივე საგანში საუკეთესო ქულები მიიღო. თვითონ იყო ძალიან მონდომებული. ხშირად მხოლოდ ჩემი შვილისთვის ტარდებოდა გაკვეთილები ყოველ დღე. მოსწავლეები არ დადიან მეთორმეტე კლასში, რადგან რეპეტიტორებთან ემზადებიან. მშობელმა უნდა მიიყვანოს ბავშვი სკოლაში და მოითხოვოს მასწავლებლისგან მხარდაჭერა. განათლების სამინისტროს ბრალიც არის, რატომ ეძლევა საშუალება მოსწავლეს საპატიოდ ჩაეთვალოს სავალდებულო მე-12 კლასის საგაკვეთილო პროცესის გაცდენა?!“, – კითხულობს მშობელი.

ნინო ფიქრობს, რომ დღე სკოლის მასწავლებელიც გაუფასურებულია თავისი ფუნქციით. აბიტურიენტი კი მოსამზადებელი ჯგუფის მასწავლებლის იმედად არის დარჩენილი.

„მშობელს არ სცალია, რადგან ფული უნდა იშოვოს ამ მასწავლებლებისათვის სოლიდური თანხის გადასახდელად, თუმცა არც ეს არის იმის გარანტია, რომ შვილი სტუდენტი გახდება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ არიან მასწავლებლები სკოლებში, რომლებიც გაკვეთილებზე დიდ ენერგიას არ ხარჯავენ, მოსწავლემაც და მშობელმაც იცის, რომ ამ მასწავლებელთან უნდა მოემზადოს, თუ ნიშანი და განათლება სჭირდება“, – ასეთია ნინო ნებიერიძის პოზიცია.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. ვუსურვებთ, ყველა მშობელს შვილის სასურველი შედეგით ეზეიმოს.

ესაუბრა სალომე ჩუბინიძე

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური