„რუსულენოვანი სკოლების ავტორიზაცია“ – ცნობილია თემები, რაზეც განათლების მინისტრს დეპუტატები დღეს კითხვებს დაუსვამენ
საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ.
როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ცნობილია თემები, რაზეც განათლების მინისტრს დეპუტატები დღეს კითხვებს დაუსვამენ.
„მიხეილ ჩხენკელს, ინტერპელაციის წესით, კითხვებით ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა: ნიკა მაჭუტაძემ, ანა წითლიძემ, დავით ხაჯიშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ, თამარ ჩარკვიანმა, სულხან სიბაშვილმა, ბაჩუკი ქარდავამ და გიორგი ბოტკოველმა მიმართეს. მიხეილ ჩხენკელი პლენარულ სხდომაზე ოთხ კითხვას გასცემს პასუხს. მათ შორის, კითხვები სტატუსშეჩერებული სტუდენტებს, კერძო რუსულენოვანი სკოლების ავტორიზაციას, სკოლების ინტერნეტიზაციას და ტექნიკით აღჭურვის პროგრამას შეეხება“, – განმარტავს პარლამენტი.
წინასწარ ცნობილი კითხვები, რომლებსაც დეპუტატები განათლების მინისტრთან დასვამენ:
- საქართველოში 58 რუსულენოვანი საჯარო სკოლა და სექტორია – 11 სკოლა და 47 სექტორი, რომელთა კონტინგენტი იზრდება. პარალელურად იზრდება რუსული კერძო სკოლების რაოდენობაც. როგორი არის სამინისტროს პოლიტიკა? კერძოდ, გულისხმობს თუ არა იგი რუსულენოვანი სკოლების და სექტორების რაოდენობის ზრდას? თუ გულისხმობს საიდან მოჰყავს პერსონალი? რა პრინციპით ხელმძღვანელობს სამინისტრო კერძო რუსულენოვანი სკოლების ავტორიზაციის მინიჭების დროს?
- სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა კოლოსალურად იზრდება, რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს სამინისტრო ამ პრობლემის გადასაჭრელად მაშინ, როდესაც სტუდენტები განიცდიან უკიდურესად მძიმე სოციალურ სიდუხჭირეს.
- არსებობდა და მიმდინარეობდა სკოლების ინტერნეტიზაციის და სკოლებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის პროგრამა. ახლა ეს პროგრამა შეჩერებულია, აპირებთ თუ არა აღნიშნული პროგრამის განახლებას?
- თქვენ აპირებთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის ბ კორპუსის დემონტაჟს. ეს სკოლა ისტორიულია თავისი ასაკითა და მნიშვნელობით. ნიგოითის სკოლის დაარსებას, თავის დროზე – მეცხრამეტე საუკუნეში, ჰქონდა განუზომელი კულტურული და ეროვნული დანიშნულება მთელი გურიისთვის. რატომ არ ფიქრობთ დემონტაჟის თავიდან ასაცილებლად გამონახოთ ადეკვატური გზები და რატომ არ ზრუნავთ ისტორიული მნიშვნელობის შენობის შესანარჩუნებლად?
საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, თითოეული ინტერპელაციისთვის მაქსიმალური დრო 5 საათი და 25 წუთია განსაზღვრული.
ინტერპელაცია მინისტრის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა, დებატების გამართვას ითვალისწინებს. დებატებში მონაწილეობისთვის რეგლამენტით განსაზღვრული დრო უფრაქციო პარლამენტის წევრებს, საპარლამენტო ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს დაეთმობათ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE