GE

საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება – 2018 წლის სასკოლო არდადეგების განრიგი 

საგაზაფხულო არდადეგები საქართველოს საჯარო სკოლებში 2018 წლის 8 მარტს დაიწყება. ამის შესახებ EDU.ARIS.GE -ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

ჩვენ მიმდინარე წლის, მინისტრის ბრძანებით დადგენილი, სასკოლო არდადგების განრიგიც მოვიპოვეთ, რომელშიც წელს ცვლილება არ განხორციელებულა. განრიგი წელიწადის დროების მიხედვით ასე გამოიყურება:

ზამთრის არდადეგები –  30 დეკემბერი – 15 იანვარი

საგაზაფხულო არდადეგები –  8 მარტი -15 მარტი

ზაფხულის არდადეგები  – 15 ივნისი – 15 სექტემბერი

რაც შეეხება სააღდგომო არდადეგებს, მოსწავლეები წინა წლებისგან განსხვავებით მხოლოდ 4 დღეს დაისვენებენ – 6, 7, 8 და 9 აპრილს. რაც იმას გულისხმობს, რომ დიდ ხუთშაბათს, 5 აპრილს, სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად ჩატარდება.

რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს, სხვადასხვა საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის, განსხვავებულია. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. ამ შემთხვევაში განსაზღვრულია, რომ თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს. მე–2–დან მე–11 კლასის ჩათვლით კი სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს.

EDU.ARIS.GE-მ სწავლის დასრულების ზემო აღნიშნული თარიღები, უქმე დღეების გათვალისწინებით, შეაადარა 2018 წლის კალენდარს, რომლის თანახმადაც პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 2018 წლის 25 მაისს დასრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის – 2018 წლის 18 მაისს.

როგორც ცნობილია, ახალი სასწავლო წლის დაწყებაც ბრძანებით არის განსაზღვრული და ყოველწლიურად ახალი სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს იწყება. თუმცა კანონით ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია, რომ თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს. შესაბამისად, 2018-2019 სასწავლო, წელი 2018 წლის კალენდრის თანახმად, 17 სექტემბერს დაიწყება, ვინაიდან 15 და 16 სექტემბერი დასვენების დღეებს ემთხვევა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური