სამი საჯარო სკოლის მოსწავლეთა ალტერნატიულ სკოლებში ტრანსპორტირებაში 395 600 ლარი დაიხარჯება
თბილისის სამი საჯარო სკოლის მოსწავლეთა ალტერნატიულ სკოლებში ტრანსპორტირებისთვის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 395 600 ლარის დახარჯავს – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სატენდერო დოკუმენტაციაშია ნათქვამი.
ინფრასტრუქტურის სააგენტომ ტენდერი სკოლებში სწავლის დაწყების მეორე დღეს, 16 სექტემბერს გამოცხადა. დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში დაგეგმილი შენობის რეაბილიტაციის გამო, უსაფრთხოების ზომების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, დაგეგმილია სკოლის შენობაში არსებული კონტინგენტის განთავსება ალტერნატიულ ფართში – ახლომდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, კერძოდ, თბილისის 31-ე და 36-ე საჯარო სკოლებში.
სკოლის შენობის რეაბილიტაცია დაგეგმილია ასევე თბილისის 212-ე საჯარო სკოლაში. ამ სკოლის მოსწავლეები 211-ე საჯარო სკოლაში ივლიან. 84 საჯარო სკოლის შენობა კი ავარიულია და უსაფრთხოების ზომების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსწავლეთა განთავსება მოხდა 86-ე საჯარო სკოლაში.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, დამდგარი შედეგის გამო, სამივე საჯარო სკოლა საჭიროებს „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამაში ჩართვას.
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის რომ დროულად განხორციელდეს ახალი შესყიდვა, მიზანშეწონილია იმ მიმართულებებზე, რომელზეც ყველა ინფორმაცია დაზუსტებულია, გამოცხადდეს ცალკე შესყიდვა – ჯამური ღირებულებით 395 600 ლარი“, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ამ საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისათვის 2022 წელს გათვალისწინებულია 349 600 ლარი, ხოლო 2023 წელს – 46 000.
ასევე იხილეთ:
დეპუტატი: განათლების მინისტრს დავუსვამ ამ კითხვებს, როცა პარლამენტში მოვა
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE