GE

„სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება“ – ახალი ცვლილებები „თავდაცვის კოდექსის“ პროექტში

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსის“ და მისი თანმდევი 45 კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაასრულა და მიიღო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პროექტში ცვლილებები კიდევ განხორციელდა და ახალი გადაწყვეტილებით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება. „თავდაცვის კოდექსის“ თავდაპირველი პროექტის მიხედვით მოსაკრებლის ოდენობა ერთი წლის გადავადებისთვის 10 000 ლარით იყო განსაზღვრული და მისი გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლებოდა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რა შეიძლება გახდეს სამხედრო სამსახურში გადავადების საფუძველი, საუბარია საჯარო უწყებაში მომუშავე პირებზე. კერძოდ, იმ შემთხვევებზე, როცა პირი მუშაობს სამინისტროში ან იუსტიციის სამინისტროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებში. იგულისხმება პენიტენციური სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურები.

ასევე, ცვლილებების თანახმად, მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს შეეძლებათ თავი აარიდონ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდას. სხვა რელიგიურ უმცირესობებს კი ასეთი შესაძლებლობა არ ექნებათ, რაც ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, დისკრიმინაციულია.

თავდაცვის სამინისტრო: სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური არ შეეხებათ

მუხლობრივი განხილვისას, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონის პროექტის შესაბამის მუხლში, სასურველია, ხაზი გაესვას, რომ სტუდენტები სარგებლობენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებით და გაიწვევიან პირადი სურვილის შემთხვევაში.

„გვქონდეს ჩამოყალიბება შემდეგი რედაქციით, მოცემული სამხედრო სამსახურის სახეებიდან, სამსახურის შეხედულებისამებრ არჩევის უფლება აქვს ამ კოდექსის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გადავადების უფლების მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელმაც გამოთქვა სურვილი, გაიაროს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ, რომელსაც წინადადების გათვალისწინებისა და პროექტში ასახვის თანხმობა მისცა სხდომაზე მყოფმა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

საკანონმდებლო ორგანოს განმარტებით, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტით წესრიგდება: სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან, წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები.

მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, „თავდაცვის კოდექსი“ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტია, რომლითაც შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ეფექტიანი მექანიზმი.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა ახლა უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გაიმართოს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური