GE

სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2022 წლის საგაზაფხულო გაწვევის ვადები დადგინდა – დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2022 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ვადები დაადგინა.

18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის (შემდგომში – თბილისის რაიონი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს (შემდგომში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრო) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული) რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ვადები და გასაწვევ მოქალაქეთა ოდენობა უწყებების მიხედვით:

1. მოქალაქეთა 2022 წლის საგაზაფხულო გაწვევა განხორციელდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 30 ივნისამდე.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1400-ით.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 448-ით.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1389-ით.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 210-ით.

6. საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

ირაკლის ღარიბაშვილის დადგენილებაშიი წერია, რომ მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური