GE

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის ვადები და დეტალები ცნობილია – პრემიერის დადგენილება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევა განხორციელდეს 2023 წლის 21 აგვისტოდან 2023 წლის 27 დეკემბრამდე – ვკითხულობთ დღეს, 14 აგვისტოსს გამოქვეყნებულ დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1400-ით.

როგორც დოკუმენტში განმარტებული, საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაიწვევენ 18-იდან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა უწყებების მიხედვით:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 949-ით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 570-ით.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 225-ით.

“18-იდან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის (შემდგომში – თბილისის რაიონი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული) რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით”, – წერია ოირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებაში.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური