საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა – დეტალები
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ და საქართველოში სწავლის გაგრძელება სურთ, რეგისტრაცია 13 იანვრის 10:00 საათიდან დაიწყება და 24 იანვრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ვის აქვს გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება?
გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).
სად და როგორ გავაკეთოთ განაცხადი?
აპლიკანტმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსოს განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.
რა უნდა ერთვოდეს თან განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე?
- გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რა არის გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური?
გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის დასრულებამდე, აღნიშნული თანხა აპლიკანტს სრულად დაუბრუნდება.
სად გადავიხადოთ გამოცდის საფასური?
1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. “საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. “საქართველოს ბანკის” ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
დეტალები ტესტიტირების შესახებ
ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
იხილეთ ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან:
წაკითხულის გააზრება – 7 დავალება;
ლოგიკური მსჯელობა – 7 დავალება;
რაოდენობრივი მსჯელობა – 7 დავალება.
გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებლად გექნებათ 15 დავალება. ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისაგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში აპლიკანტს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კალმით და სხვა საჭირო ნივთებით.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
რა შეიძლება იქონიოს თან აპლიკანტმა ტესტირების მიმდინარეობისას?
- წყალი (პოლიეთილენის ბოთლით);
- პირადი ჰიგიენის ნივთები;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები, ცენტრის თანხმობით.
გამოცდის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრი გამოაქვეყნებს: იმ აპლიკანტების სიას, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდა; იმ აპლიკანტების სიას, რომელთაც ვერ ჩააბარეს გამოცდა.
შენიშვნა! – გამოცდაში მონაწილე ვალდებულია რეგისტრაციის პროცესში მიუთითოს იმ სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები და სხვა), რომელიც ცენტრის მხრიდან საჭიროებს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს/პირობების შექმნას და შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) წარმოადგინოს ცენტრში 31 იანვრის 18:00 საათამდე.
გამოცდის თარიღისა და ჩატარების ადგილის თაობაზე ინფორმაცია რეგისტრაციის დარულების შემდეგ გამოქვეყნდება. დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცედურებისა და საგამოცდო პროცესის შესახებ იხ. ბმულზე.
- გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი და სკოლების სია – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- 2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის by აბიტურიენტებისათვის