GE

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ნებისმიერი ბავშვის „ფაიზერით“ აცრა დასაშვები გახდა

„იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ბავშვების ვაქცინაციას „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ბავშვების ვაქცინაციის პროცესში აუცილებელია მშობლის თანხმობა.

“რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს, ფაიზერის ვაქცინის ორი დოზით, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც გახლავთ აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში. 12- დან 15- წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და ფაიზერით აიცრან”, – თქვა გაბუნიამ.

იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებითვე, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება.

დღემდე, 12-დან 15 წლამდე ასაკის, მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ბავშვების აცრა იყო შესაძლებელი, რომელთაც კონკრეტული ქრონიკული დაავადებები აქვთ.

9 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 33,4%.

ასევე იხილეთ:

საუბარია, რომ მშობლის სურვილის შემთხვევაში, აიცრას ყველა 12-დან 15 წლამდე ბავშვი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური