GE

საქართველოში, ბოლო 9 წელიწადში, 4000-ზე მეტი თინეიჯერი დამნაშავე გამოვლინდა

2010 წლიდან დღემდე განრიდების პროგრამაში 4000-ზე მეტი 21 წლამდე ახალგაზრდა ჩაერთო, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი კი დაბალია. ამის შესახებ, განრიდების და მედიაციის პროგრამის შედეგების და გამოწვევებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ისაუბრეს, სადაც იუსტიციის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვა 2010 წელს დაიწყო, როდესაც განრიდებისა და მედიაციის პროგრამა ამოქმედდა, სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც პროკურორი ან მოსამართლე გადაწყვეტს არ გამოიყენოს არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ამავდროულად არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი და დაზარალებულის ინტერესი რეაგირების გარეშე. განრიდება ახალგაზრდას აძლევს შანსს პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების პირობებში განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის და სასჯელის გარეშე და დაუბრუნდეს საზოგადოებას, როგორც სრულუფლებიანი წევრი.

2010 წლიდან დღემდე განრიდების პროგრამაში 4000-ზე მეტი 21 წლამდე ახალგაზრდა ჩაერთო. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2015 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებამ კიდევ უფრო გაამყარა არასრულწლოვანთა და ახალგაზრდა კანონდამრღვევების მიმართ აღდგენითი მართლმსაჯულების გამოყენების შესაძლებლობები.

აღდგენითი მართლმსაჯულების მიზანია დაეხმაროს დამნაშავეს, გააცნობიეროს საკუთარი ქმედების შედეგები, გაუჩნდეს თანაგრძნობა დაზარალებულის მიმართ. აღდგენითი მართლმსაჯულება არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებული ზიანი, საჭიროებები, პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. ზიანის გამოსწორებისა და ურთიერთობების აღდგენის პროცესი მოიცავს მხარეთა ჩართულობას, როგორც კანონდამრღვევის და დაზარალებულის, ასევე სახელმწიფოს, საზოგადოების და თემის მხრიდან.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამების ზოგად მენეჯმენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, საერთო სასამართლოების, საქართველოს პროკურატურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით ახორციელებს.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური