GE

სასკოლო აქტივობებში ჩართული პედაგოგი საათში მაქსიმუმ 10 ლარს მიიღებს – საკონკურსო პირობები ცნობილია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობის პერიოდში ამოქმედებული თავისუფალი გაკვეთლები” ახალი პროგრამით  ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჩხენკელის ამ ახალი პროგრამის ფარგლებშიც მასწავლებლის შრომის ანაზღაურება კვლავაც მიზერულია და ერთ აკადემიურ საათში 10 ლარს არ აღემატება.

განათლების მინისტრმა “სასკოლო აქტივობების ხელშწყობის პროგრამა” დაამტკიცა და უკვე გამოსცა ბრძანება საკონკურსო პირობების შესახებ. ბრძანებით განისაზღვრა სკოლების პროექტების საკონკურსო პირობები, ვადები და დაფინანსები წესი.

როგორც ცნობილი ხდება, კონკურსში მონაწილე საჯარო სკოლებმა პროექტი ისე უნდა შექმნან, რომ ის მორგებული იყოს იმ მოსწავლეების ინტერესებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ირიცხებიან მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში.

სკოლამ დაფინანსების მოსაპოვებლად შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის გავლით (საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის – eflow – საშუალებით) სამინისტროში უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შევსებული განაცხადის ფორმით. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 12 სამუშაო დღის განმავლობაში გაგრძელდება (განაცხადების მიღების შემდგომი ეტაპები გამოცხადდება დაფინანსების ფონდის ამოწურვამდე).

საკონკურსო განაცხადის ფორმა

სკოლამ პროექტი უნდა დაგეგმოს შემდეგი მიმართულებების ფარგლებში:

  1. სპორტი;
  2. კულტურა/ხელოვნება;
  3. ინტლექტუალურ-შემეცნებითი.

ბრძანების თანახმად, სკოლის მიერ მოთხოვნილი თანხა პროგრამისთვის 1000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

პროექტის განხორციელებაში უპირატესად ჩართული უნდა იყოს სკოლის მასწავლებელი, რომელიც არ წარმოადგენს სკოლის დირექციას. გამონაკლისი კი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი და სჭირდება მოწვეული სპეციალისტის აყვანა. გამონაკლისის დაშვებაზე გადაწყვეტილებას იღებს პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისია. ასეთ დროს, მოწვეულ სპეციალისტზე ანაზღაურებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება და პირის ანაზღაურება სკოლასთან შეთანხმებით განისაზღვრება.

“პროექტის ფარგლებში სახელფასო ფონდის არსებობის შემთხვევაში მასწავლებლის შრომის ანაზღაურებისთვის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთ აკადემიურ საათში 10 ლარს, დირექცია/ადმინისტრაციის წარმომადგენლის (გარდა სკოლის დირექტორისა) ანაზღაურებისთვის მოთხოვნილი თანხა – 1 აკადემიურ საათში 10 ლარს. აღნიშული რეგულაცია ვრცელდება ისეთი აქტივობების შემთხვევაში, რომლებიც მასწავლებლის მხრიდან ითვალისწინებს საგაკვეთილო, საწრეო, სალექციო, საკონსულტაცია და მსგავის ტიპის საქმიანობას. იგი არ ვრცელდება გასვლით გაკვეთილებზე ორიენტირებულ პროექტებზე (მაგ.: საგანმანათლებლო/შემეცნებითი ექსკურსია, კულტურ ღონისძიებებში მონაწილეობა და სხვა), ასეთ შემთხვევაში სკოლა აქტივობის სპეციფიკისა და ორგანიზება/განხორციელების სირთულის გათვალისწინებით თავად ადგენს ჩართული პირის ან პირების ანაზღაურების პრინციპს და ოდენობას” – ვკითხულობთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში.

პროგრამის ფარგლებში განაცხადების განხილვა და დაფინანსების გაცემა 2018 წლის 28 დეკემბერს დასრულდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური