GE

„სახელმძღვანელოების გრიფირების სფეროში არსებული პრობლემების გამო, მოსწავლეებმა შესაძლოა ბევრი კარგი სახელმძღვანელო დაკარგონ“

„როგორ უნდა შევარჩიოთ სასკოლო სახელმძღვანელოს“ – ამ სათაურით 21 ივნისს  სოციალურ ქსელში პოსტს განათლების სპეციალისტი, ფილოლოგი გია მურღულია აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე დაფიქრებაა საჭიროა. ავტორი თავის მოსაზრებას იმ კითხვების ირგვლივ აყალიბებს, რომელიც დაინტერესებულ პირს სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესში შეიძლება გაუჩნდეს. წერილიდან ირკვევა ისიც, რომ გია მურღულია გრიფირებაზე გატანილი ერთ-ერთი სახელმძღვანელოს თანაავტორიც იყო, რომელსაც გრიფი არ მიენიჭა:

„როგორ არჩევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოებს?
ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებულნი და რა ხარისხით ასრულებენ მათზე დაკისრებულ სამუშაოს? როგორია მათი კომპეტენცია – როდის, სად ან რით დაამტკიცეს, რომ საზოგადოება მათ უნდა ენდოს? რა კრიტერიუმებსა და პრინციპებს ეყრდნობიან გადაწყვეტილებათა მიღებისას? – ამ თემებზე საუბარი საკმაოდ რთულია, რადგან პროფესიული მსჯელობა შესაძლოა „მასობრივი ყურისთვის“ გაუგებარიც დარჩეს და უინტერესოც, ხოლო დეტალების გარეშე ლაპარაკი ზოგჯერ სათქმელს მკაფიოობას ართმევს“, – წერს გია მურღულია.

მურღულიას მიაჩნია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ის ჯგუფი, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოებს არჩევს ამ მისიისთვის მზად არ არის, რადგან:

„ამ ადამიანებმა (ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად) უცილობლად დაადასტურეს, რომ ნაკლებად ესმით, რა არის მხატვრული ლიტერატურა, წარმოდგენა არ აქვთ ზოგადი სასკოლო განათლების ფუნქციებსა და დანიშნულებაზე, არ შეუძლიათ სრულად წარმოიდგინონ სასწავლო პროცესის მთავარი ტრიადა – მოსწავლე, მასწავლებელი და სახელმძღვანელო; ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ სწავლებისა და აღზრდის მეთოდოლოგიაზე; კრიტიკულად ვერ იაზრებენ მათი მოსაზრებების საწინააღმდეგო არგუმენტებს; გასახსენებელი აქვთ აკადემიური და კორექტული საუბრის არსი და მნიშვნელობა; კარგად გასააზრებელი აქვთ, რომ ისინი არავის დაუნიშნავს ქართველ (და უცხოელ) მწერალთა, საგანმანათლებლო რესურსების ავტორთა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა „უფროსებად“, „ღმერთებად“, ჭკუის დამრიგებლებად და ბედის მწერლებად“, – აცხადებს გია მურღულია.

ავტორი გამოქვეყნებულ ტექსტში თავისი მოსაზრებების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2021 წელს გამომცემლობა „საქართველოს მაცნემ“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსოდ წარუდგინა ავტორთა ჯგუფის (გ. მურღულია, ლ. დათაშვილი, ხ. თოდუა. ლ. ჩიკაშუა, ქ. რეხვიაშვილი ) მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს (ქართული ენა და ლიტერატურა, მე-9 კლასი) სრული კომპლექტი (მოსწავლის, წიგნი, მასწავლებლის წიგნი, ენის სწავლების წიგნი), რომელზეც, კონკურსის მეორე ეტაპზე გადაყვანის შემდეგ, მიიღო შესაბამისი დასკვნა და რეკომენდაციები.

„ჩვენ მათ გავეცანით და დავინახეთ, რომ, ზოგიერთ მართებულ შენიშვნასთან ერთად (ისინი გავითვალისწინეთ), შემოთავაზებული იყო ისეთი მოთხოვნები და ცვლილებები, რომლებსაც ვერაფრით დავეთანხმებოდით და გავიზიარებდით. ამის შესახებ გრიფირების კომისიას პირდაპირ განვუცხადეთ ორჯერ ხანგრძლივი ონლაინ შეხვედრისას და ჩვენი მოსაზრებები დავასაბუთეთ კიდეც. უკვე ჩასწორებული სახით წარდგენილი სახელმძღვანელო სამინისტრომ კომისიამ სულ ახლახან უარყო და გრიფი არ მისცა. ეს არ არის გამოსარჩევი ამბავი (არც იდეალური სახელმძღვანელოები არსებობს და არც კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე უარის თქმაა გამორიცხული) და არც ჩვენთვის იქცევა ტრაგედიად, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა „საფუძვლებზე“ დაყრდნობით უარყო კომისიამ წიგნები, რომლებსაც, ძალიან ბევრი ადამიანის მოსაზრებით, შეეძლო სარგებლობა მოეტანა საქართველოს განათლების სისტემისთვის“, – წერს გია მურღულია.

მისი აზრით, კომისია სამინისტროსთან ერთად ფიქრობს, რომ საქართველოს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა მოზრდილი ნაწილი დღეს არ არის მზად თანამედროვე სახელმძღვანელოთი ასწავლოს ბავშვებს და ამიტომ ამ რესურსში დაწვრილებით (და ყველა შემთხვევაში) უნდა იყოს აღწერილი ყველა აზრი თუ სასწავლო დანიშნულების ქმედება – ეს პრინციპი უპირობოდ უნდა ბატონობდეს სახელმძღვანელოს ყველა გვერდზე, როგორც ახალი მასალის ახსნის, ისე დავალების მიცემის სეგმენტში.

„მოკლედ: პედაგოგთა დაბალი კომპეტენცია, ამ ადამიანთა აზრით, სრულად უნდა დააკომპენსიროს ათასი დეტალითა თუ ინსტრუქციით „გაბერილმა“ სახელმძღვანელომ.
ასეთი მიდგომა პირდაპირ გულისხმობს გარკვეული სტანდარტების, სქემებისა და კლიშეების გაბატონებას სკოლაში, ზოგადად დეკლარირებული აკადემიური და შემოქმედებითი „თავისუფლების“ მკვეთრ შეზღუდვასა და ფაქტობრივ იგნორირებას. ასევე, სრულიად ნათელია, რომ ამ ჯგუფისა და, ზოგადად, სამინისტროს მიერ გაფეტიშებულია ე.წ. „ინსტრუქციების“ დანიშნულება, მნიშვნელობა და ფუნქცია სასწავლო პროცესში, რაც სახელმძღვანელოს „წონას“ არსებითად ზრდის, ხოლო მასწავლებლისა და მოსწავლის მონაწილეობის მნიშვნელობას პრინციპულად აკნინებს“, – აცხადებს გია მურღულია.

რაც შეეხება კომისიის მიერ დაწუნებულ სახელმძღვანელოს, გია მურღულია აცხადებს, რომ დასკვნაში პრაქტიკულად ვერ ვხვდებით პოზიტიურ შეფასებას, რაც გასაკვირია, რადგან არსებითად გაუგებარი რჩება, სახელმძღვანელოს რა კონკრეტული ღირსებები დაინახა შეფასების ჯგუფმა, რომელთა საფუძველზეც მისი მომდევნო ეტაპზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

„ზოგი რეკომენდაცია უკიდურესი ჩაძიებისა და დაწვრილმანების მოთხოვნას ჰგავს. ჩვენ სკოლაში მიზნად ვერ დავისახავთ ლიტერატურისმცოდნის ჩამოყალიბებას – მხოლოდ ნორმალური მკითხველის აღზრდა მოგვეთხოვება. აი, რამდენიმე მოთხოვნა:

  • „უნდა გათვალისწინებული იქნას არა მარტო ისტორიული, არამედ არამედ კულტურული, მსოფლმხედველობრივი, სოციალური, შინაარსობრივი და სხვა კონტექსტები“
  • „სახელმძღვანელოს ყოველ ბლოკში უნდა ჩაემატოს ცნება სტრატეგიის (კითხვა, წერა, ზეპირმეტყველება) დასამუშავებელი კითხვები, დავალებები, აქტივობები, ინსტრუქციები. ცნებასთან დაკავშირებული საკითხები/მაგალითები უნდა აღიწეროს დეტალურად, მოსწავლისათვის ხელშესახები ნიუანსების დონეზე.“ – საინტერესოა, წარმოდგენილი თუ აქვთ შეფასების ჯგუფის წევრებს, რას ითხოვენ სახელმძღვანელოს ავტორთაგან? ან ის – ამ ავტორებმა ეს მართლა რომ გააკეთონ, როგორ გაიზრდება და რას დაემსგავსება სახელმძღვანელო? ნუთუ მათ ჰგონიათ, რომ კარგი მკითხველის აღზრდა და ჩამოყალიბება ასეთი გამოწვლილვითი „დეტალიზებითა“ და „ნიუანსებით“ შესაძლებელი ან აუცილებელია?
  • ყველგან ჩანს მოთხოვნა, რომ პუბლიცისტურ წერილებს (ყველას, რომლებიც შეტანილია სახელმძღვანელოში) ახლდეს ინსტრუქცია მათი კომპოზიციური და სტრუქტურული თავისებურებების გასააზრებლად. აქაც ე.წ. „ტოტალურ მიდგომასთან“ გვაქვს საქმე – თითქოს ერთხელ ამ საკითხებზე მსჯელობა საკმარისი არ არის და გარდაუვალი აუცილებლობაა, ყოველ ჯერზე თეორიული წიაღსვლები. ხანდახან ადამიანს შეიძლება ეჭვი შეეპაროს – შეფასების ჯგუფის წევრებს ბოლოს როდის აქვთ ჩატარებული გაკვეთილი სკოლაში და რამდენად ახსოვთ, როგორ მუშაობს სახელმძღვანელო საკლასო ოთახში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ, შეფასების ჯგუფის თვალსაზრისით, სახელმძღვანელოში უნდა აისახოს პრაქტიკულად ყველაფერი, რაც წარმოადგენს სასწავლო პროცესს, მაშინ როდესაც, გარდა სახელმძღვანელოსი, ამ პროცესს განაპირობებს და წარმართავს მასწავლებლის კომპეტენცია და მოსწავლის აკადემიური ჩართულობა – არ არის აუცილებელი, ყველა ნაბიჯი დაწვრილებით გაწერილი იყოს – საორიენტაციო ნიმუშთა მითითება, ჩვენი აზრით, სავსებით საკმარისია, მაშინ როდესაც ყველა მიმართულებით დაწვრილებითი ინსტრუქციების მიცემა ძალიან გადატვირთავს სახელმძღვანელოს და მოსწავლისათვის ზედმეტი და უინტერესო დეტალებით აავსებს.

უცნაურია, რომ დასკვნაში პრაქტიკულად არ არის ნახსენები და შეფასებული სახელმძღვანელოსთვის ტექსტების შერჩევის, განხილვისა და ინტერპრეტაციის კულტურა, რაც ნებისმიერი სასწავლო წიგნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – რაზედაც სახელმძღვანელოს შემოქმედებითმა ჯგუფმა ყველაზე მეტი დრო, ენერგია და მონდომება დახარჯა, სამინისტროს კომისიას პრაქტიკულად ერთი სიტყვითაც არ უხსენებია და აღუნიშნვს.

შეფასების ზოგადი ტონალობა ზოგჯერ სცდება კორექტულობის ფარგლებს, რაც აკადემიურ სივრცეში (ისევე როგორც ყველგან) დაუშვებელია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეფასების ჯგუფის ცალკეული წევრები ზედმეტად თავისუფლად ინტერპრეტირებენ სახელმძღვანელოს ავტორებთან დამოკიდებულების საჯაროდ მიღებულ პრინციპებს, რაც ზოგჯერ არათუ კორექტულობის, არამედ ზრდილობის ფარგლებსაც სცდება. მაგალითად:

  • ორჯერ (მეოთხე და მეხუთე გვერდებზე მითითებულია რომ მოსწავლეთათვის შეთავაზებული ცალკეული საკითხები (დასახელებულია „ვაჟა და დავითი“ და „გურამიშვილი და მისი პოეზია“) „სადისერტაციო თემას ემსგავსება“. ასეთი ირონია სავსებით მიუღებელია. კონტექსტს მეტი გათვალისწინება სჭირდება – იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმძღვანელოს შემფასებლებს მისი არაფერი მოსწონთ – პრაქტიკულად არც ერთ გვერდზე არ ვხვდებით თუნდაც ერთ პოზიტიურ დასკვნას ან მოსაზრებას (ამ კონტექსტში კვლავ გაუგებარია, რატომ შეფასდა კონკურსის პირველ ეტაპზე სახელმძღვანელო დადებითად). მაგალითად:
  • „მოცემული თავის მიზანი სიყვარულის შესახებ მსჯელობაა, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორებს სურთ ამ მიზანს მხოლოდ ამ თემატიკის გარშემო შექმნილი სხვადასხვაგვარი ტექსტების მექანიკური თავმოყრით მიაღწიონ, თუმცა ამ ტექსტების შერჩევის პრინციპი ბუნდოვანია“.
  • „ზოგადად, სახელმძღვანელოში თითქმის არ ვხვდებით ისეთ ტექსტებს, რომლებიც ამ ასაკის, თანამედროვე თაობის მოსწავლეებისათვის შეიძლება იყოს საინტერესო და მიმზიდველი“.
  • „ქართული ლიტერატურის მოცემული სახელმძღვანელო არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მას აქვს ერთიანი, მწყობრი კონცეფცია და, თუნდაც ერთსა და იმავე თავში დაჯგუფებული, ტექსტების ურთიერთდაკავშირების ნათელი ლოგიკა“.

ამ „მოსაზრებებს“ არანაირი საფუძველი არ აქვს. მაგალითად, როგორ ან რით დაასაბუთებენ კომისიის წევრები მეორე „მსჯელობას“ („…სახელმძღვანელოში თითქმის არ ვხვდებით ისეთ ტექსტებს, რომლებიც ამ ასაკის, თანამედროვე თაობის მოსწავლეებისათვის შეიძლება იყოს საინტერესო და მიმზიდველი“), როდესაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეთა წიგნში შეტანილია უბრწყინვალეს ავტორთა საყოველთაოდ აღიარებული ტექსტები? აღარაფერს ვამბობ ავტორთა შრომის დაფასების ელემენტარულ შეგრძნებაზე, რომლის არარსებობაც ასე თვალსაჩინოა.

რეკომენდაციათა ერთი ნაწილი პირდაპირ ეხება ავტორთა ჯგუფის მეთოდოლოგიურ ხედვას და ცდილობს მის შეცვლას, რაც აკადემიური თავისუფლებას პირდაპირი ხელყოფაა. მაგალითად, გვიწერენ:

„შიმონ პერესის საჯარო გამოსვლის (გვ.162) განხილვის ნაცვლად მოსწავლეებს კითხვებისა და დავალებების სახით უნდა მიეცეთ მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ელემენტებზე დაკვირვების შესაძლებლობა. თუნდაც ინფორმაცია, თუ რაზეა დამოკიდებული საჯარო გამოსვლის ეფექტიანობა“.

პატივცემულებო, ვინ გეკითხებათ თქვენ, ავტორები რა შინაარსობრივი მომენტების აქცენტირებას მიიჩნევენ მნიშვნელოვნად?! ასეთი რჩევები საკუთარ თავს მიეცით, როდესაც სახელმძღვანელოს დაწერას თავად გადაწყვეტთ (დაბეჯითებით არ გირჩევთ ამას).
ამ ტიპის შენიშვნები მთელ დასკვნაში ძალიან სიმპტომატურია. შეფასების ჯგუფი კატეგორიულ აქცენტს აკეთებს არა იმაზე, თუ რა არის ტექსტის მთავარი სათქმელი ან მისი შინაარსის არსებითი კონტურები და მნიშვნელობა, არამედ ის, თუ რა სტანდარტულ ჟანრულ თუ, ზოგადად, თეორიულ გამოვლინებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამას, ცხადია, თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტორთა ჯგუფს კატეგორიულად ვუკარნახოთ და მოვთხოვოთ მართლა მთავარი მომენტის „ნაცვლად“ აქცენტი სხვა რამეზე დავსვათ. შიმონ პერესის სიტყვა კიევში 2013 წლის სექტემბერში საჯარო გამოსვლის კლასიკად მიიჩნიეს წარმოთქმისთანავე და მსოფლიო მასმედიამ აიტაცა. ძნელია, გადაჭარბებით დავინახოთ ამ სიტყვის სწავლების, გააზრებისა და შეფასების მნიშვნელობა და მის „ნაცვლად“ სხვა აქტივობის მოთხოვნა ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელია.

ასეთი „რეკომენდაციები“ სცდება შეფასების ჯგუფის დანიშნულებასა და ამოცანებს და აღიქმება შემოქმედებით პროცესში უაპელაციო ჩარევის მცდელობად.

კომისიის წევრები მიგვითითებენ:

„ბერტოლდ ბრეხტის ტექსტი(„ღონისძიება ძალადობის წინააღმდეგ“), რომელსაც არანაირი კითხვა არა აქვს დასმული, თუ რა კონტექსტში უნდა გაიაზრონ მოსწავლეებმა ტექსტი.“ ასევე: „მოსწავლის წიგნში გვ.106 არის ფრანც კაფკას ტექსტი („კანონის წინაშე“), რომელსაც არანაირი კითხვა არა აქვს დასმული, თუ რა კონტექსტში უნდა გაიაზრონ მოსწავლეებმა ტექსტი“.
თავი დავანებოთ იმას, რომ შეფასების ჯგუფი ერთი სიტყვითაც არ ახსენებს ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის ასეთი შესანიშნავი ტექსტების შემოტანისა და დამკვიდრების მნიშვნელობას და ვიკითხოთ: ნუთუ ამ ჯგუფის წევრებს საერთოდ არაფერი სმენიათ ე.წ. „თავისუფალი ტექსტების“ შესახებ, რომლებიც, როგორც დამატებითი მასალა აისახება ხოლმე ამა თუ იმ სახელმძღვანელოში? აქაც კვლავ უნდა შევნიშნოთ, რომ, ჩვენი „რეკომენდატორების“ აზრით, სასწავლო პროცესში თურმე მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რა წერია სახელმძღვანელოში (ამიტომ მასში თურმე ყველაფრის დეტალურად წარმოჩენაა საჭირო) და პრაქტიკულად არ უნდა ვითვალისწინებდეთ, როგორ იყენებს ან ავსებს მასწავლებელი სახელმძღვანელოს და როგორ ერთვებიან საკუთრივ მოსწავლეები ტექსტის აღქმა-გააზრებაში.
ახლა – მეტი კონკრეტიკა:

  • „იმისათვის რომ დაცულ იქნას ქრისტიანი მოსწავლეების უფლებები, სახელმძღვანელოდან უნდა ამოიღონ მარკ ტვენის „ადამ და ევას დღიურები“. ასევე ასაკობრივი ინტერესების გათვალისწინებით, ამოსაღებია და ჩასანაცვლებელია სხვა ტექსტით რ. ინანიშვილის „ჩიტუნიას ლოცვა“, „მუხა“, „განთავისუფლება“ (გვ.244)“.
    მარკ ტვენი, ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ მისი მსუბუქი ირონიით გაჟღენთილი ტექსტი თანამედროვე ქართველ ექსპერტებს ასე მძაფრად ააღელვებდა. ვერც რევაზ ინანიშვილი აკადრებდა ამ ექსპერტებს იმის შეგონებას, რომ ნებისმიერი ტექსტის სწავლება შეიძლება ნებისმიერ საფეხურზე – ინტერპრეტაციისა და მიზანდასახულობის გათვალისწინებით.
  •  „მოსწავლის წიგნში – გვ. 158 და სხვაგანაც არის გალაკტიონის „ფერადი“ ნახატები, ის კალმითა და ფანქრით ხატავდა მხოლოდ და შავ-თეთრი იყო მისი ჩანახატები“.
    იმას რომ დავეხსნათ, ფანქრები ფერადიც რომ არსებობს, როგორც ჩანს, შემფასებლებს თვალით არასდროს უნახავთ გალაკტიონის აკადემიური მრავალტომიანი გამოცემა, რომელშიც ფერად ნახატებს ნამდვილად ვხვდებით.
  • „გვ.95 – რუბრიკაში „ჯგუფური მუშაობა“ – ვკითხულობთ: „პავლე მოციქული ადამიანის ბედნიერად ცხოვრებისათვის უფლისა და მოყვასის რწმენის, იმედისა და სიყვარულის აუცილებლობას ქადაგებდა“. გაუგებარია, რას ნიშნავს უფლისა და მოყვასის რწმენის აუცილებლობა“.
    იმას ნიშნავს, რომ პავლე მოციქული ასე ფიქრობდა: კარგი იქნება, თუ ადამიანი ირწმუნებს ღმერთს და ირწმუნებს ადამიანის სიკეთესაც. მოსწავლეებს ასეთი მარტივი ამბები ხანდახან უკეთესად ესმით, ვიდრე უფროსებს ან თუნდაც რომელიმე კომისიის წევრებს.
  •  „99-ე გვერდზე მოცემული დავალება არაეთიკურია და სხვა დავალებით უნდა ჩანაცვლდეს. ბრბო-საზოგადოება დაპირისპირების თემა შეუსაბამოა თანამედროვე დისკურსისთვის და ახლებურ გააზრებას საჭიროებს“.
    საინტერესოა, როდესაც ტექსტში ვასწავლით ამ ადგილს, მაშინ ეთიკურია? „ბრბოს“ ცნება რომ არსებობს, ამას მოსწავლეები სხვა ტექსტებითაც ეცნობიან და, ზოგადადაც, საზოგადოების ერთი ნაწილი რომ შეიძლება სახესა და ლოგიკური თუ ზნეობრივი აზროვნების უნარს კარგავდეს, ეს ფსიქოლოგიაშიც, ლიტერატურაშიც და ისტორიაშიც ცნობილი მოვლენაა. რა არის აქ არაეთიკური, მითუმეტეს, რომ სიტყვები მხატვრული ტექსტიდან არის დამოწმებული? საოცარია, რომ შემფასებლები უაპელაციოდ ამტკიცებენ, ეს თემა შეუსაბამოა თანამედროვე დისკურსისთვისო. როგორც ჩანს, ცნებათა გააზრებაზე კონცენტრირებულ ქართულ „ახალ სკოლაში“ შეიძლება ცალკეული ცნებები დააპატიმრონ, აკრძალონ ან გარიყონ კიდეც ცნობიერებიდან. ამას კომისიის წევრები გადაწყვეტენ და არც არაფერს აგიხსნიან – ასეა საჭირო და ამიტომ.
  • „გვ.17, გვ.35, გვ. 37, გვ. 95: შესაბამის წინადადებებში უფლის ნაცვლად – ღმერთი…“ აქ ვკითხულობთ: „სიტყვა „უფალი“ მორწმუნის ღმერთისადმი პერსონალური დამოკიდებულების ფორმაა, რომლითაც ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრები თავიანთი ღმერთის უზენაეს არსებად აღიარების რწმენას გამოხატავენ. სახელმძღვანელოს რელიგიური თვალსაზრისით ნეიტრალური ენა რომ შევინარჩუნოთ, „უფლის“ ნაცვლად „ღმერთი“ უნდა დავწეროთ“.
    როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც სიტყვის („უფალი“) დაპატიმრებასა და უარყოფასთან გვაქვს საქმე. რომელ ლექსიკონს ეყრდნობიან კომისიის წევრები, ჩვენთვის უცნობი დარჩა – შესაძლოა, მათთვისაც.
  •  „გვ.24 – აკაკის დღიურებში ნახსენებ თათრებს სქოლიოში, გარდა იმ განმარტებისა, რაც აქვს, ასევე უნდა მიენიშნოს, რომ დღეს ამ ეთნონიმის გამოყენება, მით უმეტეს ნეგატიური მნიშვნელობით, თურქებთან და აზერბაიჯანელებთან ან მუსლიმ ქართველებთან მიმართებით, მცდარია სამეცნიერო თვალსაზრისითაც და სოციალური მნიშვნელობითაც…“
    სქოლიოში განმარტებულია აკაკი წერეთლის მიერ ნახსენები სიტყვა: „თათრები – სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრები თურქული მოდგმის ხალხი“ და ეს სავსებით საკმარისად მიგვაჩნია. შემფასებელთა ლოგიკას რომ გავყვეთ, ლიტერატურის სახელმძღვანელო ერთ დიდ ეგზეგეტიკურ (განმარტებით) წიგნს დაემსგავსება, რომელშიც ყველა ძველი სიტყვისა თუ გამოთქმის მნიშვნელობა თანამედროვე ვითარებაში სრულად უნდა იქნეს წარმოდგენილი. ასევე გაუგებარია, სად ან რით დაინახეს „ნეგატიური მნიშვნელობა“. აქ უთუოდ გაგვახსენედება ერთი ძველი და ცნობილი გამოთქმა: „ყველა საკუთარი სიწამხდრით აფასებს“.
  •  „ოთარ ჭილაძის ესედან „ბედნიერი ტანჯული“ – „არსებობს ფრიად გულსაკლავი მაგალითი თურქეთის წილხვედრი საქართველოს სახით“. წინადადება ამოსაღებია, თუმცა თავად ტექსტიც შეუსაბამოა თანამედროვე ახალგაზრდა მკითხველისთვის“. ასევე, „დასაბუთებაში“ ზემოთქმულს დამატებულია ასეთი მსჯელობაც: „ამგვარი მინიშნებები კიდევ უფრო აძლიერებს დღეს არსებულ, ისედაც ძლიერ, თურქოფობიურ განწყობებს“.
    აქ საქმე, ჩვენი აზრით, კიდევ უფრო სერიოზულ ახირებასა თუ უვიცობასთან გვაქვს. ტექსტიდან წინადადების ამოღება კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია – ეს როგორც პიროვნული, ისე შემოქმედებითი ისტორიის ნაწილია! თუ მაინცდამაინც ვინმეს სადმე აქცენტის დასმა სურს, ეს შესაძლოა კომენტარითაც მოახერხოს. ამ ადამიანებმა ახლა სიტყვების დაპატიმრების შემდეგ ფრაზების დაპატიმრებაც მოინდომეს.
  • ნამდვილად გასაკვირია, რას ერჩიან კომისიის წევრები ოთარ ჭილაძის სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ტექსტებს! მისი „ადამიანი გაზეთის სვეტში“, მათი აზრით, თურმე პანამის კრიზისის ამსახველი (და თანაც „მოძველებული“!) ტექსტი ყოფილა და ამ ისტორიულ მოვლენაზე დაწვრილებითი ინფორმაციის ჩართვა მოგვთხოვეს. ამის მთქმელს რაიმე წარმოდგენა აქვს ან ოთარ ჭილაძეზე და ან ლიტერატურაზე საერთოდ?!
  • შემდეგი შენიშვნა თუ მოთხოვნა, კურიოზულთან ერთად, აღმაშფოთებელიც არის: „ლამაზი გოგონა და მამაცი ბიჭი ამოსაღებია“ – ეს სიტყვები, მათი აზრით, გენდერული სტერეოტიპების დამკვიდრებას უწყობს ხელს.
    წარმოუდგენელია ყოვლად უწყინარ განსაზღვრებებზე ასეთი „ნადირობა“. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ვიღაც საკუთარ შიშებს სხვათა ფიქრში ებრძვის. ამგვარი მოსულელო აკრძალვები საღ აზრსაც სცდება და ელემენტარულ ზრდილობასაც.
  • ახლა სულხან-საბას ჯერი დგება: „გვ. 199 – ოთხი ყრუს იგავთან საჭიროა სარედაქციო სახის განმარტება, რომ სულხან-საბას იგავში იგულისხმება ადამიანების შინაგანი მდგომარეობა, როდესაც მათ ერთმანეთის გაგება არ ძალუძთ. რაც შეეხება ყრუ ან სმენის დარღვევის მქონე ადამიანებს თანამედროვე სამყაროში, მათ აქვთ სხვადასხვა საშუალება – ჟესტური ენა, სმენის აპარატი და სხვა – რაც მათ კომუნიკაციასა და სოციალიზაციაში ეხმარება“.
    ბევრი ვიფიქრეთ, რა კომენტარი დაგვერთო ამ შენიშვნისთვის, მაგრამ ამის სერიოზულად გაკეთება პრაქტიკულად გამორიცხულია, ხოლო ირონიის ადგილი (თანაც – მძაფრის)
    აქ, ალბათ, ნაკლებად არის. ერთს მაინც ვიტყვით: ადამიანი, ალბათ, საგანგებოდ უნდა დაფიქრდეს, რომ ასეთი სისულელე თქვას – მოუმზადებლად შეიძლება გაუჭირდეს კიდეც.
  • შემდეგ: „…ამ თავში არასაკმარისადაა განმარტებული პავლე მოციქულის ეპისტოლეების შინაარსობრივი და ისტორიული მნიშვნელობა, მოცემული თავიდან მოსწავლეს გაუჭირდება გაიგოს, ვინ არიან კორინთელები და რატომ უგზავნიდა მათ პავლე წერილებს. არ არის განმარტებული, რატომ არის შესული ეს ტექსტები ახალ აღთქმაში. არ ჩანს კავშირი სახარებისეულ სიყვარულის კონცეფციასა და პავლეს ეპისტოლეებს შორის. არ არის დაკავშირებული ქრისტიანული მოყვასის ცნების გაგება სხვა რელიგიებთან…“
    ძნელია, თვალებს ენდო, როცა ამნაირ „შენიშვნას“ კითხულობ. იმიტომ არ არის, რომ ამოცანად არ მივიჩნიეთ! ყველაფერ ამის განმარტება კონკრეტულად ამ სახელმძღვანელოს მიზანი და დანიშნულება ვერ იქნება – ასე შესაძლოა ეს წიგნი ათასგვერდიან გამოცემად იქცეს. დავიმოწმეთ მხოლოდ ერთი ციტატა პავლეს ეპისტოლედან, რომელიც სრულიად ნათლად გამოხატავს მთლიან კონტექსტს. ასე ვინმემ ვეფხისტყასოსნის ერთი აფორიზმი რომ დაიმოწმოს, მთელი პოემის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაც უნდა მოვთხოვოთ? ხსენებულ თავში ლაპარაკია სიყვარულზე და დამოწმებულია მხოლოდ ერთი ციტატა პავლეს პირველი წერილიდან კორინთელთა მიმართ. მაინცდამაინც აუცილებელია, ამას მოვაყოლოთ „კავშირი სახარებისეულ სიყვარულის კონცეფციასა და პავლეს ეპისტოლეებს შორის”? ხუმრობთ, ქალბატონებო?! პავლეს ეპისტოლეებსა და სიყვარულის სახარებისეულ აღქმასა თუ გამოხატვაზე ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს საათობით შეგვიძლია ვისაუბროთ და შეიძლება მოსაწყენი არც იყოს, მაგრამ ყველაფერი ეს მაინცდამაინც მეცხრე კლასის სახელმძღვანელოში უნდა მოვათავსოთ?
    პირდად ჩემთვის თქვენი „მოსაზრებები“, „დასკვნები“ და „შეფასებები“ არაფერს ნიშნავს – სულ არაფერს. არც თქვენს ეჭვებს ვანიჭებ იმაზე მეტ მნიშვნელობას, ვიდრე, მაგალითად, იმას, ჭიამაია (მშვენიერია და არაფერს ვერჩი) რომ მიდის თავისთვის გზაზე. გაცილებით მნიშვნელოვანია წლებისა და ათწლეულთა განმავლობაში ასობით და ათასობით იმ მოსწავლეთა და მასწავლებელთა გამოხმაურება, რომელთათვისაც რამე მისწავლებია და შესაცნობად შემითავაზებია. ყველა ის ტექსტი, რომლებიც თქვენ დაიწუნეთ ან ნაკლებად არსებითად მიიჩნიეთ, იმაზე მეტად მნიშვნელობს საკლასო ოთახში, ვიდრე ოდესმე კარგი განზრახვითაც წარმოიდგენთ. რატომ ვამბობ ასე? იმიტომ, რომ ჩვენმა შეხვედრებმა და „განხილვებმა“ ერთმნიშვნელოვნად და უთუმცაოდ დამარწმუნა, რომ თქვენი ლიტერატურული თუ პედაგოგიკური ცოდნა, ხედვა და შეფასების კულტურა ტრაგიკულად შეზღუდულია. სწორედ ამიტომ უფლება, რომელიც ამჟამად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოგანიჭათ, თქვენს შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობის განცდასთან შეუთავსებელია“, – წერს გია მურღლია.

საჯარო პოსტს ექვსპუნქტიანი დასკვნაც ერთვის, რომელშიც ავტორი კიდევ ერთხელ საუბრობს სახელმძღვანელოების გრიფირების პრობლემაზე.

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელმძღვანელოთა გრიფირების საკითხი სერიოზულ შესწავლასა და შეფასებას მოითხოვს, რადგან ვერ უზრუნველყოფს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას;

2. ამის გამო, ქართულმა საგანმანათლებლო სივრცემ, ბავშვებმა და მასწავლებლებმა შესაძლოა კარგი სახელმძღვანელოები დაკარგონ;

3. გრიფირების კომისიის წევრთა შერჩევა, როგორც ჩანს, დახვეწას მოითხოვს – ცალკეულ ადამიანთა კომპეტენცია და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ბუნდოვნად გამოიყურება;

4. ე.წ. შეფასების პრინციპები, სტანდარტები და ინსტრუქციები უკიდურესი ცენტრალიზების შთაბეჭდილებას ტოვებს და უხეშად ეხება სახელმძღვანელოს ავტორთა თუ მასწავლებელთა აკადემიურ თავისუფლებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია – მითუმეტეს დეკლარირებული განცხადებების ფონზე;

5. განათლების სფეროში ნეობოლშევიკური „ენერგიების“ შემოტანა და “სავალდებულო”დამკვიდრება ვერაფრით გახდება საქართველოს მიზანი – ლიტერატურა თავისუფლების დიდი მასწავლებელია და არა ცალკეული, ხშირად ხელმოცარული და საზოგადოებისთვის კატეგორიულად უინტერესო ინდივიდების ახირებათა განხორციელების სივრცე.

6. არავინ ინტერესდება და აფასებს, როგორ მუშაობს სკოლაში ესა თუ ის სახელმძღვანელო – შესაბამისი გადაწყვეტილების მთელი სიმძიმე დაფუძნებულია მავანთა კომპეტენციასა და პასუხისმგებლობაზე, რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით პასუხგაუცემელ კითხვებს ბადებს;

დასასრულს, კიდევ ერთხელ ვაცხადებ: არაფერს ვიტყოდი, ეს რომ მხოლოდ ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის საკითხი იყოს. საქმე საზოგადო მნიშვნელობის პრობლემას ეხება, რომელიც, უკვე წლებია, მოუგვარებელია და მის გადაწყვეტას არც უჩანს პირი.

და, სულ ბოლოს:

კვლავ ვამბობ, რომ აბსოლუტურად სრულყოფილი სახელმძღვანელოები არ არსებობს და არც ჩვენია ასეთი – მასაც აქვს ნაკლოვანებები, რომელთა მეტ-ნაკლებად გამოსწორება შეიძლებოდა, მაგრამ სამინისტროს საკონკურსო ჯგუფის წევრები მაინცდამაინც კარგი და შედეგიანი სამუშაოთი ვერ არიან დაკავებულნი, როდესაც ქართული სკოლისა და ბავშვებისთვის აშკარად სასარგებლო წიგნს ბლოკავენ და უხეიროდ ცდილობენ, მაინცდამაინც მე მიკარნახონ, როგორ ვასწავლო ბავშვებს ლიტერატურა – ამის მცდელობა აშკარად, გამოკვეთილად და, რიგ შემთხვევაში, თავხედურადაც ჰქონდათ პირისპირ შეხვედრის დროსაც. ცხადია, სათანადო პასუხებიც მიიღეს – ჩვენი ჯგუფის არცერთი წევრი არ დაბადებულა მაინცდამაინც მათი არასწორად მოტივირებული სიმპათიების მოსახვეჭად.

თუ ძალიან მთხოვენ, როცა მათთვის მოვიცლი, შეიძლება 1-2 გაკვეთილი ჩავუტარო იმის გასარკვევად, თუ რა არის მასწავლებლობა, სახელმძღვანელო და, ზოგადად, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ისე, რომ ერთ მშვენიერ დღეს, თუ ამის უნარი შემორჩება, სირცხვილი არ ჭამოს.

კარგი სახელმძღვანელო განაჩენი კი არა, შესაძლებლობაა!“, – აცხადებს გია მურღულია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური