GE

საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის რა პაკეტით ისარგებლებენ პენსიონერი პედაგოგები?

სკოლებიდან საპენსიო ასაკის პედაგოგების გაშვების სქემის პრეზენტაციის დროს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ დამსახურებული პედაგოგები ანაზღაურების სახით მიიღებდნენ ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას და ამასთან, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს სიცოცხლის ბოლომდე.

წინასწარი მონაცემებით ცნობილია, რომ სისტემდან გასვლის სურვილი 6000-მდე პედაგოგს აქვს. პირველი ეტაპის განცხადებების წარდგენის ვადა დღეს იწურება და ახლო მომავალში უკვე ცნობილი იქნება კონკრეტულად რამდენმა მასწავლებელმა გამოთქვა ჯილდოს აღების სურვილი და რა თანხა უნდა გაიცეს მათი ანაზღაურებისთვის. ფინანსური საკითხები ასე თუ ისე გარკვეულია, რადგან არსებობს ინსტრუქცია თუ როგორ უნდა მოხდეს ჯილდოს ოდენობის გამოთვლა, მაგრამ  ამასთან ერთად საინტერესოა რას მოიცავს ჯანდაცვის პაკეტი, რომელიც პედაგოგს სიცოცხლის ბოლომდე უნდა შეუნარჩუნდეს? და რა უპირატესობას მისცემს ის პედაგოგს სხვა რიგით პენსიონერთან შედარებით?

პედაგოგების ნაწილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ჯანდაცვის პაკეტებში კარაგად გარკვეულები არ არიან და არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას აქვთ თუ არა ამ კუთხით რაიმე უპირატესობა სხვა მოქალაქეებთან შედარებით.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, ძალიან კარგად არის განმარტებულ თუ რომელი კატეგორიის ადამიანები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის რა პაკეტით სარგებლობენ, მაგრამ ამ ჩამონათვალში კონკრეტულად პედაგოგი არსად არ გვხვდება.

პედაგოგი ნახსენებია განცხადებაში, სადაც საუბარია, რომ 2017 წლის პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. იქვე აღნიშნულია, რომ სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრივი სპეციალური სერვისების მოცულობა უცვლელად უნარჩუნდებათ, მაგრამ კონკრეტულად რა იგულისხმება პედაგოგებისთვის ამ მიზნობრივ სერვისებში, ამის გარკვევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

სპეციალურ ცხრილებში, სადაც ზემოთნახსენები პირების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროცენტებია განსაზღვრული, კონკრეტულად პედაგოგი არსად არ გვხვდება, არის მაგალითად პენსიონერი, სტუდენტი, 1000 ლარზე ქვემოთ შემოსავლის მქონე პირი, და ა.შ. მაგრამ პედაგოგი – არსად.

კითხვაზე, რა განსხვავებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პაკეტით სარგებლობენ საპენსიო ასაკის პედაგოგები ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ პედაგოგები, დევნილები, სოციალურად დაუცველები და სხვა არიან მიზნობრივი პაკეტით მოსარგებლეები, მიზნობრივი პაკეტი არის უფრო უკეთესი, ვიდრე სხვა, ამიტომ პენსიონერი პედაგოგები უკეთესი პირობებით ისარგებლებენ, ვიდრე რიგითი საპენსიო ასაკის პირები ჩვენს ქვეყანაში.

თუმცა როგორც აღმოჩნდა ასე სულაც არ არის, EDU.ARIS.GE-ს სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, რომ პენსიონერი პედაგოგები სარგებლობენ ზუსტად იგივე საყოველთაო ჯანდაცვის პირობებით, რითაც საქართველში მცხოვრები სხვა დანარჩენი პენსიონერები. თუ პედაგოგს აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი (სარეიტინგო ქულა 70 ათასზე  ნაკლები) მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება განსხვავებული შეღავათები.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად ქალბატონებს 60 და მამაკაცებს 65 წლიდან სახელმწიფო 100%-ით უფინანსებს შემდეგ მომსახურებებს:

ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე.  ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები;  ოჯახის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით ექიმ-სპეციალისტების მომსახურება ენდოკრინოლოგი; ოფთალმოლოგი; კარდიოლოგი; ნევროლოგი; გინეკოლოგი; ოტორინოლარინგოლოგი; უროლოგი; ქირურგი

ექიმის დანიშნულებით ინსტრუმენტული გამოკვლევები:

ელექტროკარდიოგრაფია; საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად); შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად); გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია; ძვლების რენტგენოგრაფია.

ექიმის დანიშნულებით კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები:

სისხლის საერთო ანალიზი; შარდის საერთო ანალიზი; გლუკოზა პერიფერიულ სისხლში; კრეატინინი; ქოლესტერინი სისხლში; შრატში ლიპიდების განსაზღვრა; განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე; პროთრომბინის დრო; ორსულობის ტესტი;  ღვიძლის ფუნქციური სინჯები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა;

სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტის გაცემა, გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა.

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება; ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა;450-ზე მეტი გადაუდებელი მდგომარეობა განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად. ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა. გეგმური ქირურგიული ოპერაციები წლიური ლიმიტი 15 000 ლარი.

ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია. წლიური ლიმიტი 12 000 ლარი.

სამკურნალო საშუალებების ხარჯები–სამკურნალო საშუალებათა ნუსხის მიხედვით.(თანაგადახდა 50%) ლიმიტი 50 ლარი. ლიმიტი 200 ლარი.

ინფექციური დაავადებების მართვა.

ინფექციური დაავადებები ნუსხის მიხედვით; ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური