GE

„შებოჭილი უმაღლესი განათლების სისტემა ჩემთვის საინტერესოს ვერაფერს მთავაზობდა“ – 2008 წლის აბიტურიენტის სათქმელი

„სტანდარტული განათლების ფორმა ჩემთვის სრულიად მიუღებელი და გაუგებარი აღმოჩნდა, სკოლიდან დაწყებული, უნივერსიტეტით დამთავრებული“, – ამის შესახებ დღეს, 1-ელ თებერვალს გამოქვეყნებულ საკუთარ წერილში 2008 წლის აბიტურიენტი და დღეს უკვე საკუთარ საქმეში წარმატებული ოთო ზაკალაშვილი წერს, რომელიც როგორც აბიტურიენტებს, ისე სტუდენტებს მიმართავს და თავის მაგალითზე არწმუნებს, რომ წარმატება მათ ხელშია და მთავარი საკუთარი თავის რწმენაა:

„2008 – ში, როცა აბიტურიენტი ვიყავი, მეგონა, რომ პროგრამირებას ვერ ვისწავლიდი. გავრცელებული სტერეოტიპების გავლენით ვფიქრობდი, რომ ჩემთვის არ იყო ეს საქმე და ვერ შევძლებდი. ამიტომ ბიზნესზე ჩავაბარე. თავდაჯერებულობის ნაკლებობამ შემდგომშიც არაერთხელ წამომიდო ფეხი.

ESM – ში მინდოდა მაგრამ CSB – ში მოვხვდი, რადგან საკმარისი ნებისყოფა არ მქონდა, რომ გამოცდებისთვის კარგად მემეცადინა + გულრწფელად არც მჯეროდა, რომ იმ ESM – ში მოხვედრას შევძლებდი, რომელიც მაშინ მგონი პოპულარობის პიკში იყო(ახლა სასაცილოდაც არ მყოფნის, როცა ვიხსენებ, მაშინ რა ფიქრებით ვმოძრაობდი).

CSB – ში 2 წელი დავკარგე და მხოლოდ მერე მივხვდი, რომ სადღაც არასწორ ადგილას მოვხვდი. მეგონა, ფაკულტეტი და მიმართულება არასწორად ავრჩიე და ეს იყო ჩემი წარუმატებლობის მიზეზი და ნაწილობრივ ასეც იყო. თუმცა, იმდენად დაბნეული ვიყავი, რომ არ ვიცოდი რა მექნა, ბოლოს სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, მხატვრული ლიტერატურის კითხვა მიყვარსთქო ვთქვი და მოდი, რამე შესაბამის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გადავალთქო, კინაღამ გადავედი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში საბუთებს ვაორგანიზებდი უკვე რომ გადავსულიყავი. ბოლო მომენტში მივხვდი, რომ თავს ვიტყუებდი ისევ კომფორტის ზონას ვეძებდი, მიზეზს, რომ არაფერი მეკეთებინა და ხანდახან ის მხატვრული ლიტერატურა მეკითხა, რაც დამაინტერესებდა და ეს უსაქმურობა იმით “გამეპრავებინა”, რომ აი, ხომ ვკითხულობ წიგნებს, მეტი რა ვქნა.

ბევრი არასწორი ცხოვრებისეული გადაწყვეტილების შემდეგ, მაინც მივადექი ტექნოლოგიების სამყაროს. საუნივერსიტეტო და სასწავლო პროცესი დიდად სახარბიელო და სასარგებლო არც აქ ყოფილა, თუმცა შემდგომში, რამოდენიმე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გავიცანი და მათთან ურთიერთობით რაღაც გზაზე დავდექი. ეს ადამიანები ძალიან დამეხმარნენ პროგრამისტობაში პირველი ნაბიჯების გადადგმისას.

უნივერსიტეტში კიდევ 2 წელი დავკარგე მანამ, სანამ ბოლომდე გავიაზრე, რომ სისულელეს ვშვებოდი იქ დროისა და ფულის ყრით. ამას ის მადლიც დაემატა, რომ ჯარში წასვლა არ მინდოდა და შედეგად კიდევ 4 წელი ვინარჩუნებდი სტუდენტის სტატუსს.

შეიძლება, თავი დავიმშვიდო და ვთქვა, რომ იმდენი საგანი იმიტომ მეტენებოდა, რომ ჯარში წასვლა არ მინდოდათქო (და არის სიმართლის მარცვალი ამაშიც), მაგრამ საქმე იმაშია, რომ სტანდარტული განათლების ფორმა ჩემთვის სრულიად მიუღებელი და გაუგებარი აღმოჩნდა, სკოლიდან დაწყებული, უნივერსიტეტით დამთავრებული. შებოჭილი “უმაღლესი” განათლების სისტემა ჩემთვის საინტერესოს ვერაფერს მთავაზობდა და 8-9 წლიანი წარუმატებელი სტუდენტობის შემდეგ, ისე გადავწყვიტე დიპლომის პერსპექტივის მიტოვება, რომ თითქმის ბოლოში ვიყავი გასული, 3-4 საგნის დასრულება მეყოფოდა მგონი. მაგრამ სანამ მივხვდებოდი, რომ დიპლომი არ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, მანამ, ყოველ წელს თავს ვიტყუებდი, რომ აი, ახლა გავაკეთებ სადიპლომო ნაშრომს, აი, წელს მოვრჩები უუუეჭველი!!! მერე ტყუილად ავიღებდი რამოდენიმე საგანს, უაზროდ გადავყრიდი ფულს(მაშინ უკვე ჩემით ვშოულობდი სწავლის საფასურისთვის სამყოფ ფულს და კიდევ კაი, მშობლების ფულს მაინც აღარ ვფლანგავდი) და შემდეგ მთელი სემესტრი ისე გავიდოდა, რომ პროგრამირების სწავლის საკუთარ ბილიკზე მდგარს, მოსაწყენ საუნივერსიტეტო საგნებზე დროის დახარჯვის აზრიც კი მზარავდა და ყველა საგანში ვიჭრებოდი. მაგრამ ის სტერეოტიპი, რომ დიპლომი მჭირდებოდა, მაინც მძლავრობდა ჩემს განწყობაში, იმის მიუხედავად რომ ვხედავდი ფულს ვყრიდი და არაფერს ვაკეთებდი, რომ სწავლის პროცესი დამესრულებინა.

ალბათ, თითქმის 9 წელი გავატარე ამ საუნივერსოტეტო ვაქხანალიაში და სულ მიკვირდა იმ ხალხის, ვინც სტანდარტულ წესრიგს მიჰყვებოდა და ჩემზე 4-5 წლით ადრე დაასრულეს სწავლის პროცესი. სამწუხაროდ, მათ მართლა დაასრულეს ეს პროცესი მაგრამ ჩემთვის მათი “წარმატება” სახარბიელო პერსპექტივად სულაც არ გამოიყურებოდა და არც არის. კურსელები დამცინოდნენ როცა იგებდნენ, რომ 4 წლის მერე ისევ უნივერსიტეტში ვიყავი. ობიექტურად დასაცინიც ვიყავი, რაში ვხარჯავდი დროს და ფულს დღემდე არ ვიცი.

დღეს საქართველოში ყველაზე დიდი სასწავლო ორგანიზაციის დამფუძნებელი ვარ, ათასობით ადამიანს ვასწავლი პროგრამირებას, 12 დღის წინ ჩატარებულ ლექციაზე 300+ სტუდენტი მესწრებოდა და Youtube – ზე ამ ლექციის ჩანაწერს უკვე 11 ათასზე მეტი ნახვა აქვს მაშინ, როცა მიმდინარე რეგულაციებით, არცერთ უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობის უფლება არ მაქვს.

აქ მოსული ადამიანების გაურკვეველ და შეშინებულ სახეებს რომ ვხედავ, მახსენდება ჩემი თავი, მახსენდება, რამდენი წარუმატებლობის სიმწარე დამჭირდა, რომ აქამდე მოვსულიყავი და დღეს შეიძლება უკეთ ვიცი, რა მინდა და კარგად გამომდის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, მაგრამ მარტივად არც ახლა მიიღწეცა რამე. მუდმივი ბრძოლის პრიცესია, პირველ რიგში საკუთარ ეგოსთან ბრძოლის.

ამ პოსტის მიზანი ისაა, გითხრათ – კი, ნორმალურია ყველა ის შიში, რაც გაწუხებთ. კი, ძალიან ბევრჯერ წაიტეხთ ცხვირს. კი, ძნელი იქნება. კი, ძალიან ბევრს იწვალებთ. მაგრამ ალტერნატივა ის გაქვთ რომ დიპლომის აღებაზე დახარჯოთ დრო და თავი დაიმშვიდოთ, რომ ეს კარგია, რადგან დედას უხარია, ნათესავებში ამაყობს რომ დიპლომი გაქვთ, ესე იგი “წარმატებული” ხართ და არაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ მართლა გაუგოთ გემო წარმატებას. ნუ დაკარგავთ წლებს სისტემის კლანჭებში წარმატების ბილიკის ძებნით, თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის საბრძოლველი მოედანი იქ არ არის. ბიუროკრატებად ან საბჭოთა ცეხავიკი ბიზნესმენების დაქირავებულ თანამშრომლებად “მოწყობა” თუ წარმატებად მიგაჩნიათ, მეტი ამბიციის შეძენას გისურვებდით რადგან თანამედროვე სამყარო ისეთი შესაძლებლობებითაა სავსე, რომ თქვენ მხოლოდ უნდა გაბედოთ, თვალი გაახილოთ და აღარასოდეს მოიხედავთ უკან სინანულით. საკუთარ თავს ეტყვით მადლობას, რომ გაბედეთ.

სწავლა და ბრძოლა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური