GE

„შემდეგი დიდი რეფორმა საქართველოში იქნება განათლებაში“ – მამუკა ბახტაძე

მთავრობის 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ 2019 წელს განათლებაში სამჯერ უნდა გაიზარდოს ინვესტიციები. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერს არც ერთი კონკრეტული რეფორმისა თუ ინიციატივის შესახებ არ უსაუბრია, განაცხადა, რომ განათლების სექტორის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის 10–11% გახდება.

„მე მისვამენ კითხვას, რა იქნება შემდეგი დიდი რეფორმა საქართველოში. შემდეგი დიდი რეფორმა საქართველოში იქნება განათლება. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის შემდეგ ყველაზე დაბალი დაფინანსება იყო განათლებისთვის, რაც ძალიან უარყოფითად აისახა ეკონომიკაზე. 2019 წელს ჩვენ დავიწყებთ რეფორმას, რომელითაც სწორედ განათლების სექტორი გახდება დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში. რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების სექტორს ექნება მინიმუმ 10–11%–იანი წილი მთლიან შიდა პროდუქტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სამჯერ უნდა გავზარდოთ ინვესტიციები განათლებაში. ჩვენ გამოვყავით 5 დონე: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა ამ ხუთივე დონეზე ხარჯავდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 10–11%–ზე მეტს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს რეფორმა იქნება ყველა ძირითადი პრობლემის დაძლევის გზა. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტის თვალსაზრისით, თუმცა ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური