„შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები“ – ზოგადი განათლება 2025 წლის ბიუჯეტში
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და პროგრამებში მეოთხე ადგილს იკავებს განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებით უნდა განხორციელდეს რეფორმის მომდევნო, მრავალმხრივი ეტაპი და შეიქმნას ისეთი განათლების სისტემა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ბავშვების, სტუდენტების, ახალგაზრდებისა და ზრდასრულების, სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვასა და მათთვის პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების გამომუშავებასთან ერთად, უზრუნველყოფს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მათ მიერ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სიღრმისეულად გააზრებას.
ზოგადი განათლების მიმართულებით:
– უზრუნველყოფილი იქნება მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება დაგეგმილი განათლების რეფორმისა და მასწავლებელთა კარიერული სქემის დანერგვის შესაბამისად;
– დამტკიცდება და დაინერგება ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი სტანდარტები და პროცედურები, განხორციელდება მხარდამჭერი ღონისძიებები ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად; 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული/რეორგანიზებული საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაცია;
– შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები;
– გაგრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება; გადამუშავდება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა; დაინერგება ფართომასშტაბიანი სასკოლო შეფასების სისტემა; დაიწყება ელექტრონული რესურსების განვითარება;
– რეფორმის ფარგლებში დაინერგება მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პრინციპები; განხორციელდება ღონისძიებები სკოლებში ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის;
– გაგრძელდება ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი; განახლდება გრიფირების პროცედურები;
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ)/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათზე მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაინერგება და განვითარდება ინკლუზიური განათლების კომპონენტები;
– არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ფართოდ დაინერგება ბილინგვური სწავლების განსხვავებული მოდელი;
– განისაზღვრება განათლების მიღმა დარჩენილი პირების სასწავლო პროცესში ინტეგრაციის პოლიტიკა; მათთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული კურიკულუმი;
– დიასპორის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი; ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციისთვის განხორციელდება ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები;
– სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის შეიქმნება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, აგრეთვე ფსიქოსოციალური მომსახურების მიღების მოქნილი, შედეგებზე ორიენტირებული მექანიზმები; გაიზრდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მომსახურებით მოსარგებლე საჯარო სკოლების რაოდენობა; განხორციელდება მანდატურების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და უსაფრთხოების დაცვის უფლებამოსილების მქონე პირების გადამზადების პროგრამები;
– შემუშავდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესი; განხორციელდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებები მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად;
– გაგრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება; დასრულდება სრულად ადაპტირებული 80 სკოლის მშენებლობა და 850-მდე საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია; განხორციელდება 91 ავარიული საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაცია სსსმ მოსწავლეებისთვის საჭირო გარემოს შექმნის მოთხოვნების გათვალისწინებით;
– უზრუნველყოფილი იქნება საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლაპატრონობის ფუნქციის წარმატებით შესრულება;
– ეტაპობრივად დაიხვეწება სწავლების დისტანციური და ჰიბრიდული მეთოდოლოგია.
განათლების ნაწილში ბიუჯეტით განმარტებულია, რომ ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური და საზოგადოებრივი წინსვლის უმთავრესი წინაპირობა ადამიანური კაპიტალის განვითარებაა.
მთავრობა პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას დეკემბერში წარუდგენს. მომავალი წლის ბიუჯეტს უკვე ახალი მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.
ამავე თემაზე:
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება 25 დეკემბერი, 2024
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება 24 დეკემბერი, 2024
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება 24 დეკემბერი, 2024