„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვის სივრცეების შექმნაზე“ – გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალება, რომ მოზარდების დაკითხვისთვის შესაბამისი სივრცეების შექმნაზე იზრუნოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა უფრო სწრაფად და სისტემურად მოქმედება მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით.
პრემიერისგან დავალებები კიდევ ერთხელ მიიღეს სხვა სამინისტროებმაც, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით გარკვეული ვალდებულებები აკისრია. მათ შორის იყო განათლების სამინისტროც, რომელსაც პრემიერის თქმით, აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პროაქტიულად და პრევენციულად იმ პრობლემების აღმოჩენის მიმართულებით, რომლებიც სკოლაში მოზარდების ყოველდღიური ცხოვრებში შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული.
„დარწმუნებული ვარ სახლემწიფო აპარატის სამსახური სრულად გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ სამქეს ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში. შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან. თუმცა ჩვენ ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები და უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვების და აი ამ სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. განათლების სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებებთან ერთად, უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ყველა იმ სახლმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან. ასევე, იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ როცა მათ სამართალდამცავ სისტემასთან აქვთ შეხება და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემებზე, რომლებიც მოზარდებთან ფსიქოლოგიურად მუშაობას ეხება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური შეხვედრა გაიმართება ამ პრობლემაზე სასაუბროდ, რომელშიც მონაწილეობას დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ.
„დღეს ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ამ პრობლემატიკაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს როგორც დარგის სპეციალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენლები. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როდესაც ჩვენ კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ა.წ.
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE
-
სკოლის მანდატურის სამსახური ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ეძებს – კონკურსის პირობები და ხელფასი
by ინფოLIFE
-
აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა იზრდება, „ენის პოპულარიზაცია“ კი ქრება – რა წერია ბიუჯეტში
by ინფოLIFE