GE

შს მინისტრის მოადგილე: საგზაო მოძრაობის მიმართულებით სკოლებში განათლების შეტანა გვჭირდება

სკოლაში ამ მიმართულებით განათლების შეტანა გვჭირდება – ამის შესახებ 5 ოქტომბერს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, სადაც ის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობდა.

შსს-ს მაღალჩინოსანმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე საუბრისას განაცხადა, რომ კვლევების მიხედვით, ჩვენს ქვეყანას ევროპაში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ამ მხრივ.

სკოლებში ჩატარებულ კამპანიაზე დარახველიძემ ოპოზოციონერი დეპუტატის, ხატია დეკენოიძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. დეკანოიძემ იკითხა, რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს და როგორია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომა ამ მიმართულებით.

„არაერთი კამპანია გვქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს… შევდივართ სკოლებში, ბავშებს ვუხსნით. ასევე, არაერთი სოციალური კამპანია გვქონდა, არაერთი ვიდეორგოლი იქნა გადაღებული ამის თაობაზე და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეიძლება არა რეპრესიული, არამედ პრევენციული მექანიზმებით შევუწყოთ ხელი. თუმცა, სამწუხაროდ, ამას არ აქვს ის ეფექტი, რაც უნდა ჰქონდეს. ალბათ, ეს რაღაც სხვა საკითხებზე მიგვანიშნებს და სხვა მიმართულებით გვაქვს სამუშაო ყველას ერთად, რომ ცნობიერება იყოს მაღალი. ახლა, მაგალითად, ჩემი შვილების შემთხვევაში, როდესაც შეხედავენ წითელს, აუცილებლად მეუბნებიან, რომ აქ უნდა გაჩერდე, არ შეიძლება წასვლა, მარტო მწვანეზე გაქვს უფლება. ალბათ, სჭირდება სკოლაში განათლების შეტანაც ამ მიმართულებით და სხვა კუთხითაც გვაქვს მეტად სამუშაო, ვიდრე ის, რომ მხოლოდ ერთჯერადი კამპანიები ვაწარმოოთ… ძალიან კარგი პროგრამაა „ემეგობრე პოლიციას“, როცა კონკრეტულად სკოლებში მოსწავლეებს ვუხსნით საგზაო მოძრაობის წესებს, იმ ცუდ შედეგებს, რაც შეიძლება მოჰყვეს წესების დარღვევას და ა.შ.“, – თქვა შს მინისტრის მოადგილემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური