სკოლა, რომელიც თანამედროვე და უსაფრთხო გარემოს გთავაზობთ
კვალიფიციური პედაგოგები, სწავლების თანამედროვე მეთოდები, კომფორტული და ოჯახური გარემო, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რასაც სკოლა „ჰელიოსი“ თავის მოსწავლეებს სთავაზობს. როგორც EDU.ARIS.GE-სთან სკოლის დირექტორი ქეთევან ვეშაპიძე აღნიშნავს, მათი მთავარი მიზანია, აღზარდონ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნებები, რომელებსაც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება ექნებათ; სკოლა “ჰელიოსი” ზრუნავს მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
– რატომ უნდა აირჩიოს მოსწავლემ, მშობელმა სკოლა „ჰელიოსი“?
-ქეთევან ვეშაპიძე: სკოლის პირველი უპირატესობა მოსწავლეთა მცირე კონტინგენტია. ჯერჯერობით 101 მოსწავლე და 26 მასწავლებელი გვყავს. მოსწავლეთა მცირე რაოდენობა საშუალებას გვაძლევს სკოლაში შევქმნათ ოჯახური გარემო და გვქონდეს დეტალური ინფორმაცია თითოეულ მოსწავლეზე, მათი მიღწევების, ინტერესების, სურვილებისა და შესაძლებლობების შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში უცხო ენები და საბუნებისმეტყველო საგნები გაძლიერებულად ისწავლება. გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები და გახანგრძლივებული სწავლების გრაფიკი. ჩვენს მოსწავლეებს სკოლაში ყოფნა საღამოს ექვს საათამდე შეუძლიათ.
ასევე, მუდმივად ვაკონტროლებთ სწავლის ხარისხს. სწორედ ამ მიზნით ხშირად ვატარებთ ღია გაკვეთილებს, რომელსაც ჩემთან ერთად სასწავლო ნაწილი და მოსწავლეთა მშობლები ესწრებიან.
მეხუთე კლასიდან კი მოსწავლეებს სისტემატური ტესტირებები უტარდებათ. ეს საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლის შედეგი. დავინახოთ, თუ როგორ ითვისებენ მოსწავლეები ამა თუ იმ პედაგოგის ახსნილ მასალას.
– რა არის სკოლა „ჰელიოსის“ მიზანი?
– გულწრფელად რომ გითხრათ, როგორც ჩემი, ისე სკოლის პედაგოგების მთავარი მიზანია, ჩვენი მოსწავლეები ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. დიახ, ჩვენ ვზრუნავთ მათ განათლებაზე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანურობაა.
გამომდინარე იქიდან, რომ სკოლა მხოლოდ მეორე წელია ფუნქციონირებს, ჩვენ არ გვყავს უფროსკლასელები. ამის უმთავრესი მიზეზი კი ის არის, რომ გვსურს, თავად გამოვზარდოთ მოსწავლეები. მოგეხსენებათ, რთულია, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების შეცვლა, ამიტომ, გადავწყვიტეთ, მაღალი კლასის ბავშვები არ მიგვეღო, რომ ჩვენს სკოლადამთავრებულებზე სრული პასუხისმგებლობის აღება შეგვძლებოდა.
მეტი ინფორმაცია სკოლის შესახებ
– რაც შეეხება სასკოლო აქტივობებს, ამ მხრივ რას სთავაზობს „ჰელიოსი“ მოსწავლეებს?
– სკოლაში გვაქვს კლასიკური ქართული და თანამედროვე ცეკვის ჯგუფები, ჭადრაკის წრე, ფოლკლორული სიმღერის, ხელგარჯილობისა და მეტყველების განვითარების გაკვეთილები. ამასთან, გვაქვს ოლიმპიური ჯგუფები, სადაც გაძლიერებულ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებს ვასწავლით.
მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ხელოვნების სხვადასხვა დარგებში. ვდგამთ სპექტაკლებს, ვაწყობთ გამოფენებს, ექსკურსიებს. მაგალითად, გვქონდა საგაზაფხულო გამოფენა „ფერადი აქცენტები“, სადაც ჩვენი მოსწავლეების მხატვრული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ასევე, მეოთხე-მეშვიდე კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში შემეცნებითი კოსტიუმირებული პერფორმანსი „ნიღბების თეატრი“ გაიმართა. წარმოდგენა ეხებოდა თეატრის ისტორიის ეტაპების ანტიკური ხანიდან კომედია დელ არტეს ჩათვლით.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს სკოლაში ჩავატარეთ რუსული ენის კვირეული. ღონიძიების ფარგლებში გაიმართა კალიგრაფიის და მხატვრული კითხვის კონკურსები, ვიქტორინა უფროსკლასელებს შორის, საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია რუსული ხალხური ზღაპრების შესახებ, ხოლო უფროსკლასელებმა – წარმოადგინეს პროექტი – „რუსი მწერლები საქართველოს შესახებ“.
სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო წლის დასრულებამდე იგეგმება კიდევ ერთი უცხო ენის – ინგლისურისა და მშობლიური ქართული ენის კვირეულების ჩატარება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ხალისიანი, საინტერესო და მიმზიდველი გავხადოთ.
- ცნობილია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტირების ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- ზოგი უცხო სიტყვის დაწერილობის პრობლემები ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტების შედგენისას და არამხოლოდ by გრამატიკული ცნობარი