GE

პირველი უარის შემდეგ პარლამენტში 3 000-მდე მშობლის ხელმოწერა შევიდა, რომლებიც შვილების პირველ კლასში მიღებას ითხოვენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 3 000-მდე მოქალაქემ მიმართა და ითხოვენ 2026-2027 სასწავლო წლის მსგავსად, 6 წელს მიუღწეველი ბავშვები პირველ კლასში 2027-2028 სასწავლო წელსაც ჩარიცხონ.

საუბარია პეტიციაზე, სახელწოდებით – „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში გარდამავალი დებულების (საგამონაკლისო წესის) შენარჩუნება 2027/2028 სასწავლო წლისათვის“, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ ნოემბრის თვეში ხელმოწერების მიზეეზით დაახარვეზა.

ახალი წერილი  საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 24 ნოემბერს დარეგისტრირდა, მას ხელს აწერს 2 834 მშობელი და როგორც EDU.ARIS.GE-ს პეტიციის ავტორი, ანი ლომიძე უხსნის, განმეორებითი წერილი კონკრეტული წინადადებით, რომელიც მომავალი მოსწავლეების უფლებების დაცვაზეც იქნება ორიენტირებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც გაეგზავნება.

6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვის მოთხოვნა პარლამენტის კომიტეტმა ხელმოწერებთან დაკავშირებული მიზეზით დაახარვეზა

შალვა პაპუაშვილის მიმართ გაგზავნილ მეორე წერილში ვკითხულობთ:

“ბატონო თავმჯდომარევ, ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი მოქალაქეები, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის საფუძველზე, განმეორებით მოგმართავთ პეტიციით.

აღნიშნულ საკითხზე 2026 წლის 6 ნოემბერს წარდგენილი პეტიციის (№1-10660/26) განხილვაზე საქართველოს პარლამენტის ბიურომ 2026 წლის 16 ნოემბრის №180/11-XIმპ გადაწყვეტილებით უარი გვითხრა. გადაწყვეტილება ეფუძნება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2026 წლის 16 ნოემბრის №2-15679/26 დასკვნას, რომლის თანახმადაც მხარდამჭერთა ხელმოწერები რეგლამენტის 227-ე მუხლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.

გამოვლენილი ხარვეზი აღმოვფხვერით: ხელმოწერები ხელახლა შევაგროვეთ წერილობითი ფორმით, რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. თითოეულ ხელმოწერას ერთვის მხარდამჭერის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი, ხოლო ყოველი პირის მხარდაჭერა მხოლოდ ერთხელაა დაფიქსირებული. პეტიციას 2 834 მხარდამჭერი ჰყავს (264 ფურცელი). რეგლამენტი პეტიციის წარდგენისთვის 300 მხარდამჭერს მოითხოვს, ჩვენ კი მატერიალური ფორმით, სულ რაღაც ერთ კვირაში, ამაზე თითქმის ათჯერ მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად ბევრ ოჯახს ეხება ეს საკითხი. შესაბამისად, რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, პეტიცია აღირიცხოს შესაბამის რეესტრში და გადაეცეს პარლამენტის ბიუროს.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს უსრულდება 15 სექტემბრის ჩათვლით.“ ეს რედაქცია 2026 წლის 4 თებერვლის №1353-Vმს-XIმპ კანონით დადგინდა. მანამდე მშობლის გადაწყვეტილებით სკოლაში შესვლა შეეძლო ბავშვს, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებოდა.

2026 წლის 1 აპრილის №1468-Vმს-XIმპ კანონით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს დაემატა 6312 მუხლი, რომლის საფუძველზეც 2026-2027 სასწავლო წელს სწავლა მშობლის გადაწყვეტილებით დაიწყეს ბავშვებმა, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებოდათ. ამით სახელმწიფომ პრეცედენტი დაადგინა. 2027-2028 სასწავლო წლისთვის კი ანალოგიური ნორმა კანონში არ არის, ამიტომ ზუსტად იმავე თვეებში დაბადებული, ერთი წლით უმცროსი ბავშვები ამ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან, თუმცა სკოლაში შესვლისას იმავე ასაკში იქნებიან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2026 წლის 11 ნოემბრის №9-2384 წერილით მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ასეთი ბავშვების რაოდენობა ორივე წელს დაახლოებით 13 600-დან 13 700-მდე მერყეობს.

2026-2027 სასწავლო წლის გამონაკლისი იმით აიხსნებოდა, რომ ცვლილება დაგვიანებით მიიღეს და ოჯახებს მისთვის მომზადების დრო არ ჰქონდათ. იგივე გარემოება 2021 წელს დაბადებულ ბავშვებსაც ეხება. როცა ეს ბავშვები სკოლამდელ განათლებას იწყებდნენ, კანონი მშობელს 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვის სკოლაში შეყვანის უფლებას აძლევდა. ოჯახებმა შვილების მომზადება სწორედ ამ წესის მიხედვით დაგეგმეს, ცვლილება კი 2026 წლის თებერვალში, ბავშვების სკოლამდელი მომზადების ბოლო ეტაპზე მიიღეს. შესაბამისად, ამ ოჯახების კანონიერი მოლოდინი შარშანდელი ოჯახების მოლოდინისგან არ განსხვავდება.

სასწავლო წელი 15 სექტემბერს, თვის შუა რიცხვებში იწყება, ამიტომ მოქმედი ზღვარი ერთსა და იმავე თვეში დაბადებულ ბავშვებს ერთმანეთისგან მიჯნავს. 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვი სკოლაში თითქმის შვიდი წლისა მივა და ერთ კლასში აღმოჩნდება 10-15 სექტემბერს დაბადებულ ბავშვებთან, რომლებზეც თითქმის ერთი წლით უფროსია.

ამავე დროს, დაბადების თარიღი მზაობის გარანტიას არც ზღვრამდე დაბადებული ბავშვისთვის იძლევა. სასკოლო მზაობა ბავშვის ფსიქოემოციური, შემეცნებითი, სოციალური და მოტორული განვითარების ერთობლიობაა და ის ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. ბავშვი, რომელსაც საჭირო უნარები უკვე აქვს, სკოლამდელ საფეხურზე უმცროს ბავშვებთან ერთად კიდევ ერთი წლით რჩება, რაც მის მოტივაციასა და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

მოქმედი რეგულირება სოციალურ უთანასწორობასაც ქმნის. ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სკოლები 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს მზაობის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე იღებენ, თუმცა ამ სკოლებში წლიური საფასური 14 000-დან 28 000 აშშ დოლარამდეა. შედეგად, ბავშვის მზაობის გათვალისწინება მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვისაა ხელმისაწვდომი, საჯარო სკოლაში კი ბავშვის სასწავლო გზას მხოლოდ დაბადების თარიღი განსაზღვრავს. ამის გამო განათლების ხელმისაწვდომობა ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე ხდება დამოკიდებული.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2026 წლის 18 თებერვლის №757/4-2/26 წერილის თანახმად, ცვლილება UNICEF-ის 2011 წლის კვლევას ეფუძნება. UNICEF-ის საქართველოს ოფისმა, ჩვენი მიმართვის საპასუხოდ, 2026 წლის 12 ნოემბრის წერილით განმარტა:

„…განხილული კვლევა არ ადგენს და არ გვირჩევს სკოლაში მიღების კონკრეტულ ასაკს ან 15 სექტემბრის ზღვრულ თარიღს. გარდა ამისა, ასაკობრივ ჯგუფებს შორის დაფიქსირებული განსხვავებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს კონკრეტული ასაკის ყველა ბავშვს სასკოლო მზაობის ერთნაირი დონე ჰქონდეს“.

ჩვენი მოთხოვნა ეყრდნობა შემდეგ ნორმებს:

ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია“, და 27-ე მუხლის პირველ პუნქტს: „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“;

ბ) საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაც ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ენიჭება, რომლებიც თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება;

გ) გაეროს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესობის პრინციპს ადგენს, და 28-ე მუხლს, რომლითაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, განათლების უფლება თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე უზრუნველყოს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ასაკობრივი ზღვრის გაუქმებასა და ყველა ბავშვის ავტომატურ ჩარიცხვას არ ვითხოვთ. საუბარია სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მექანიზმზე, რომლითაც სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ იმ ბავშვს, რომლის მშობელიც ამას გადაწყვეტს და რომლის მზაობაც ინდივიდუალური შეფასებით დადასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ:

1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს 2027-2028 სასწავლო წლისთვის დაემატოს 6312 მუხლის ანალოგიური გარდამავალი დებულება („საგამონაკლისო წესი“), რომელიც 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობას მისცემს;

2. ჩარიცხვა განხორციელდეს მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებითა და ბავშვის სასკოლო მზაობის ინდივიდუალური, ობიექტური შეფასების საფუძველზე. შეფასება ჩატარდეს ერთიანი მეთოდოლოგიით, სახელმწიფოს კონტროლით, სპეციალიზებულ ცენტრებში, რაც ყველა სკოლაში დამატებით შტატებს არ მოითხოვს;

3. უზრუნველყოფილ იქნეს განათლებაზე თანასწორი ხელმისაწვდომობის პრინციპი, რათა ბავშვები ოჯახის სოციალური ან ფინანსური მდგომარეობის გამო არათანაბარ პირობებში არ აღმოჩნდნენ;

4. პეტიციის განხილვას შესაბამის კომიტეტში დაესწროს პეტიციის ავტორი და მშობელთა 2-3 წარმომადგენელი, რათა საკუთარი არგუმენტები უშუალოდ წარადგინონ.

გთხოვთ, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოთ ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესობის პრინციპით და არ დაუშვათ ბავშვების კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა ფორმალური რეგულირებით, ხოლო საკითხი 2027-2028 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყებამდე გადაწყდეს”.

ამავე თემაზე:

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე 6 წელს მიუღწეველი ბავშვების საკითხზე მშობლებს მიმართავს – „ამ ბავშვებს შევუნარჩუნოთ ბავშვობა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური