GE

განათლების კომიტეტმა უფასო სასკოლო კვების კანონპროექტის განხილვა გადაავადა – ახალი თარიღები პარლამენტის ბიურომ დაადგინა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 24 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს მიმართა და უფასო სასკოლო კვების კანონპროექტის განხილვის გადავადება 90 დღით მოითხოვა. თავის მხრივ ბიურომ განხილვის ახალი ვადები განსაზღვრა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის მიერ ხელმოწერილ მიმართვის წერილში ვკითხულობთ:

“საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს მოგვმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული 25000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N370/5-XIმპ, 14.09.2026) კანონპროექტის განხილვის ვადის გადაწევის შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და საკითხების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 90 დღით”.

აღსანიშნავია, რომ განათლების კომიტეტისადმი წარდგენილ წერილში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კნონპროექტის განხილვის ვადის გადაწევას 30 დღით ითხოვს და არა 90-ით.

საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან, საჯარო სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას და შესაბამისად, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებას ითხოვს.

რა ახალი ვადები დაადგინა პარლამენტის ბიურომ როგორც წამყვანი განათლების კომიტეტის, ისე სავალდებულო, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის:

“საქართველოს პარლამენტის ბიურო ადგენს: დადგინდეს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანოის პროექტის (N370/5-XIმპ, 14.09.2026) I მოსმენით განხილვის ახალი ვადა: წამყვანი კომიტეტის სხდომაზე – არაუგვიანეს 02.06.2027-ისა სავალდებულო კომიტეტების სხდომებზე – არაუგვიანეს 20.05.2027-ისა”.

შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება უფასო სასკოლო კვების კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებაზე, სადაც წამყვან კომიტეტად განათლების კომიტეტი განსაზღვრა, ხოლო სავალდებულო კომიტეტად საფინანსო-საბიუჯეტო. იქამდე კანონპროექტი პარლამენტისგან ორჯერ დახარვეზდა და ინიციატორებს დაუბრუნდათ, ახლა კი განხილვის დაწყების ვადები გადაწიეს.

ასევე იხილეთ:

„ამოქმედდეს უფასო სასკოლო კვების პროგრამა“ – მოქალაქეების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური