GE

სკოლის მოსწავლეებს შინაური ცხოველების შესახებ გაკვეთილებს ჩაუტარებენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სკოლების მოსწავლეებს და პედაგოგებს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, გაკვეთილებს ჩაუტარებს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტის მიზანი, მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება და სოციალური პასუხისმგებლობის წახალისებაა.

გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა;  რა უფლებები აქვს ცხოველს;  მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები; რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;  რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე; რა პასუხისმგელობა აქვს ცხოველის პატრონს; როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში; ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები; მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები. გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეები მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნახავენ და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ.

სააგენტო სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ცხოველების კეთილდღეობისათვის სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებენ,  სერტიფიკატებს გადასცემს და ,,ცხოველების მეგობრის“ სტატუსს მიანიჭებს.

დედაქალაქის სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილები სკოლის მოთხოვნის შესაბამისად უკვე მიმდინარეობს.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური