GE

სპეციალური სასწავლო ცენტრი სუს-ის თანამშრომლების მოსამზადებლად იქმნება

პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფს აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, სუს-ის თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის სპეციალური სასწავლო ცენტრი უნდა შეიქმნას. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა უნდა განიხილოს.

ინიციატივის ავტორები საქართველოს პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, გია ბენაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე და ლევან გოგიჩაიშვილი არიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე აქამდე შსს აკადემია ზრუნავდა, თუმცა ინიციატივის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე საჭიროება მოითხოვს გადამზადების ცენტრი თავად უსაფრთხოების სტრუქტურაში არსებობდეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმის შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაუქმდა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი რიგი სტრუქტურული დანაყოფები და შეიქმნა სრულიად ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სამსახური ფუნქციონირებს 2015 წლის 1 აგვისტოდან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის, მისი ფუნქციონირების გარდამავალ ეტაპზე, აუცილებელი იყო, ესარგებლა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგი სერვისების გამოყენებით, მათ შორის, სსიპ – შსს აკადემიაში სპეციალური პროფესიული განათლების მიღებით. კერძოდ, შსს აკადემიას კანონით დაევალა, რომ განეხორციელებინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება“.

„ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისა და კონსტიტუციური სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა სახელმწიფოში პროფესიული და კარგად აღჭურვილი უსაფრთხოების ორგანოების არსებობა, რომელთაც მკაფიოდ გამოკვეთილი მიმართულებები გააჩნიათ. ამ ეტაპზე საჭიროება მოითხოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში შეიქმნას და განვითარდეს ცვალებად გარემოსთან შესაბამისობაში მყოფი, უსაფრთხოების სისტემისთვის მაღალკვალიფიციური პერსონალის უწყვეტად მომზადება/გადამზადების განმახორციელებელი სპეციალური მომზადების ცენტრი. კანონპროექტი თავისი არსით ხელს შეუწყობს, მაღალკვალიფიციური კადრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაკომპლექტებას. კანონპროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავად განახორციელოს შესაბამისი კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან ცენტრის დაარსებისთვის ერთჯერადი თანხის გამოყოფა არ იქნება აუცილებელი, რადგან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უკვე არსებობს. სასწავლო ცენტრის ყოველწლიური ფუნქციონირებისთვის კი 235 000 ლარი იქნება საჭირო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტრუქტურული ერთეულის სპეციალური მომზადების ცენტრის ფუნქციონირებისთვის 2019-2022 წლებში ყოველწლიურად გათვალისწინებულია 190 000 ლარი. ცენტრი 22 სხვადასხვა კურსის ფარგლებში ყოველწლიურად ამზადებს 280-300 მოსამსახურეს (ერთი მოსამსახურის გადამზადება საშუალოდ 630 ლარი)“.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცენტრის შესაქმნელად ერთჯერადი ხარჯის გაღება არ იქნება საჭირო, ვინაიდან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არსებობს. ცენტრის ფუნქციონირებისთვის ყოველწლიურად საჭირო იქნება 235 000 ლარი, რომელიც დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში 20 01 პროგრამული კოდიდან. საშუალოვადიან პერიოდში (2020-2022 წლებში) იგეგმება უსაფრთხოების სამსახურის სპეციფიკაზე მორგებული სასწავლო კურსების დამატება და ცენტრის მიერ ყოველწლიურად 400 მოსამსახურის გადამზადება (ერთი მოსამსახურის გადამზადება საშუალოდ 588 ლარი)“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

თ.ვ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური