GE

სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით 300–მდე მასწავლებლის აპელაცია დადებითად დაკმაყოფილდა – გამოცხადების ვადები

მასწავლებლებისათვის პროფესიული განვითარების სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების თაობაზე შეტანილი სააპელაციო განაცხადებიდან 300–მდე დადებითად დაკმაყოფილდა და 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე ყველა მათგანი სქემაში დაწინაურდება.

გარდა ამისა, დეკემბერში მოხდება იმ მასწავლებლების წარდგენის კიდევ ერთი ეტაპი, რომელთაც 2017-2018 სასწავლო წელს ეცვლებოდა სტატუსი და სხვადასხვა ხარვეზის გამო ვერ დაწინაურდნენ სქემაში.

როგორც EDU.ARIS.GE -ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის კოორდინატორმა, კახა ჟღენტმა განუცხადა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს აპელაციის წერილით 411–მა ადამიანმა მიმართა, საიდანაც კომისიამ ყველა განაცხადი განიხილა.

„განვიხილეთ ყველა განაცხადი ორ ეტაპად, თუმცა აქედან ნაწილი მიჩნეული იქნა აპელაციის საგნად, ნაწილს კი წერილი გაეგზავნება. 15-დეკემბრამდე ჩვენ უკვე ყველას შევატყობინებთ თავიანთ შედეგს. ინფორმაციას ამის შესახებ ყველა ინდივიდუალურად, სკოლის გავლით მიიღებს. დაახლოებით ასამდე განაცხადი სხვადასხვა მიზეზის გამო არ დაკმაყოფილდა. მათ შორის არის ისეთი განაცხადები, სადაც ხარვეზის გამოსწორებაზეა საუბარი და სხვანაირად უნდა მოხდეს ამის გამოსწორება, არა კომისიის ჩართულობით.

„300–მდე ადამიანი შეიცვლის სტატუსს. ძირითადად აპელაციაზე შემოტანილი იყო უფროსის სტატუსის მოპოვებაზე განაცხადები და სულ რამდენიმეა წამყვანი. რაც შეეხება მათი სტატუსის შეცვლას და ასახვას სისტემაში, ეს მოხდება 15 დეკემბრის შემდეგ. ამის საფუძველზე ხელფასის მატება კი იანვრიდან განხორციელდება“, – აცხადებს კახა ჟღენტი.

როგორც კახა ჟღენტმა აღნიშნა, უნდა ითქვას, რომ შეფასების ჯგუფის საქმიანობა არის ხარვეზებიანი და ეს პროცესი ამას მოწმობს.

„ჩვენთან შეფასების ჯგუფის არასწორი გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება. თავად პროცესმა დაგვანახა, რომ მასწავლებლებს გარკვეულწილად სჭირდებათ დახმარება. შესაბამისად, რადგან ეს ყველაფერი ხელფასის გაზრდასთან არის დაკავშირებული, როგორც კი დასრულდება ეს პროცესი, 15 დეკემბრიდან გაიხსნება სისტემა, რათა იანვრამდე, ვისაც 2017-2018 სასწავლო წელს ეცვლებოდა სტატუსი, ანუ უმაღლდებოდა, და როგორც თავისი, ასევე განსაკუთრებით შეფასების ჯგუფის ხარვეზის გამო, ვერ შეეცვალა სტატუსი, მათ მივცემთ საშუალებას, რომ სკოლამ კიდევ ერთხელ გააკეთოს წარდგენა; უკვე სწორად და პროცედურების დაცვით. ეს ეხებათ იმ მასწავლებლებს, რომელთაც სქემის მოქმედების მესამე წელს დაუგროვდათ 19 კრედიტქულა“, – განმარტა კახა ჟღენტმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური