თბილისის რამდენიმე სკოლაში მთელი ღამის განმავლობაში ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა – სუს-ის განცხადება
თბილისის რამდენიმე სკოლაში 21 აპრილის ღამეს ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. სამართალდამცავების ცნობით, საქმე ეხება გავრცელებულ მუქარის შემცველ ინფორმაციას.
სოციალურ ქსელში, მათ შორის “ტელეგრამ” არხზე, რუსულ ენაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 აპრილს, თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე “იგეგმება თავდასხმა”.
მთელი ღამის განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ აღმოჩენილი არაფერია და ოპერატიულ-სამძებრო ღონისიძიებები გრძელდება:
„მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისიძიებებს“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
მათ შორის, შემოწმდა 146-ე და 98-ე საჯარო სკოლები, ადგილზე მუშაობდნენ კინოლოგებიც და როგორც სუს-ში განმარტეს, ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთ სკოლაში იარაღი ან ბომბი იქნა აღმოჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მშობლების ნაწილის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, დასახელებული სკოლების ადმინისტრაციებმა ისინი გააფრთხილეს, რომ მათ სკოლაში “22 აპრილს სწავლა გადაიდება და ბავშვები სკოლაში არ გაუშვან”.
სასწავლო პროცესის გაუქმება არ დაუდასტურებია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. გიორგი ამილახვარის ტელევიზიებთან აცხადებს, რომ “შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან”.
მშობლების ნაწილი ამბობს, რომ შვილს სკოლაში არ გაუშვებს. ისინი ყველა სკოლის შემოწმებას ითხოვენ.
განცხადება გაავრცელა 146-ე საჯარო სკოლამ, სადაც წერია, რომ სასწავლო პროცესი არ წყდება: „გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შენობა დეტალურად შემოწმდა შესაბამისი უწყების მიერ და ორშაბათიდან სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს“.
98-ე საჯარო სკოლის განცხადებაში კი სასწავლო პროცესის შესახებ არაფერია ნათქვამი: „სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ სსიპ ქალაქ თბისის #98 სკოლაში სამართალდამცველები მუშაობდნენ. შესაბამისმა სამსახურებმა განახორციელეს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა გადაუდებელი და საჭირო ღონისძიება. ინფორმაცია, თითქოს, სკოლის ტერიტორიაზე იარაღი ან ბომბი იქნა აღმოჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება“.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE