GE

თბილისის სკოლები და ბაღები, რომელთა შემოწმებითაც ტყვიის ნორმა დასაშვებს არ აჭარბებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყება აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები.

ქალაქ თბილისში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად, გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის შემდეგ ლოკაციებზე: დიდი დიღომი, III მიკრო-რაიონი, №192 საჯარო სკოლასთან; დიდი დიღომი, I მკ. რ-ნი, მირიან მეფის ქ.№16ა, სკოლა „იბერია“-სთან; ანდრია აბაშიძის ქ.№12, ბაგა-ბაღი „მაკნატუნა“-სთან; მერაბ ალექსიძის ქ. №8, საბავშვო ბაგა-ბაღთან, ვაჟა-ფშაველას გამზირი N6, N64 საჯარო სკოლასთან; დოლიძის ქ.N3, N61 საჯარო სკოლასთან; ბოჭორიშვილის ქ.N16, საბავშვო ბაგა-ბაღთან ,,ცეროდენა“; ფანასკერტელის ქ. N9, N112 ბაგა-ბაღთან.

“ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში აღნიშნულ ლოკაციებზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას”, – განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი ძირითადად საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ხორციელდება.

როგორც EDU.ARIS.GE – ს გასულ კვირას  გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად ჰაერის სინჯები აიღეს ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N7, საბავშვო ბაგა-ბაღთან ,,ნებიერი“; დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N1, სკოლასთან ,,მთაწმინდელი“; დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N15ა, N198 საბავშვო ბაღთან; დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N9, სკოლასთან ,,ფესვები“. ამ ადგილებშიც ჰაერში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდა.

თბილისის შემდეგ სააგენტო რეგიონებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. აქვე აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტყვიის დონის განსასაზღვრად, საქართველოში 2-დან 7 წლამდე ასაკის 1578 ბავშვი გამოიკვლიეს. მათგან 25%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, 16%-ს კი შედარებით მაღალი მატება დაუფიქსირდა.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური