GE

„მასწავლებელი მშობლებში აღვივებს აზრს, რომ „ასეთი“ ბავშვები სპეციალურ სკოლებში უნდა სწავლობდნენ“

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელი სოციალურ ქსელში პედაგოგების სამსჯელოდ საკუთარ ამბავს აქვეყნებს და მძიმე გამოცდილებაზე წერს, რომელიც სკოლის მასწავლებელს უკავშირდება. როგორც მან 4 აპრილს, EDU.ARIS.GE-ს უთხრა, საუბარია ერთ-ერთი რეგიონის საჯარო სკოლის პედაგოგზე.

მოგესალმებით, მე არ ვარ პედაგოგი, ჩემი ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომელიც უშუალოდ პედაგოგს ეხება. გიზიარებთ, რას მეტყვით?

შვილი მყავს, სსსმ მოსწავლეა, (არ დავწერ კონკტრეტულად მის დიაგნოზს). როცა სკოლაში წასვლის დრო მოვიდა(შარშან), ძალიან ვნერვიულობდი მის ადაპტაციაზე გარემოში, ბავშვებთან. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ სულ ტყუილად.

პრობლემა პედაგოგი გახდა, რომელიც არც კი დაინტერესებულა ჩემი შვილის არათუ მდგომარეობით, არამედ მისი შესაძლებლობებითაც. სკოლაში შესვლისას ბავშვი ფლობდა წერის, ასოებისა და რიცხვების ცნობის უნარებს. კითხვა სპეციალურად არ ვასწავლე(მწარედ შევცდი). მასწავლებელს რომ ავუხსენი მისი მდგომარეობა, ასე მითხრა: “მაგი შენ იცი”. იგულისხმა, რომ შენ ასწავლე ყველაფერიო.

პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, ადრეული განვითარების სპეციალისტი. ბავშვებთან დიდი ხანია, ვმუშაობ. ის, რაც ჩემმა შვილმა იცის, ჩვენი თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია(არ არის აგრესიული, და ძალიან თავმოყვარეა) მაგრამ ვთვლი, რომ პედაგოგიკა სხვა სფეროა, რომელთანაც მე, როგორც მშობელს, ხელი ვერ მიმიწვდა რიგი თავისებურებების გამო, რასაც მშობლობა მოიაზრებს. ვფიქრობდი, მასწავლებელი დამეხმარებოდა, რომ ჩემი შვილი მოტივირებული გახდებოდა, ძალიან უყვარს თავის გამოჩენა და ცოდნის დემონსტრირება.

ერთხელაც, დამირეკა (მასწავლებელმა ავტ.) და მითხრა, რომ ბავშვი სკოლაში არ მომეყვანა. მიზეზი: მონიტორინგი ჰყავდა და ხელს შეუშლიდა გაკვეთილის წარმატებულად წარმართვაში. ჩემს მდგომარეობას წარმოიდგენდით!? ეგ არაფერი!

მშობლებში აღვივებს აზრს, რომ “ასეთი” ბავშვები სპეციალურ სკოლებში უნდა სწავლობდნენ!
სკოლის დაწყებისას, სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ბავშვს დანიშნული ჰყავდა და კვირაში ორჯერ მასთან იჯდა გაკვეთილებზე, თავის საქმეს აკეთებდა. მასთან ერთად ყველა საჭირო დოკუმენტაცია გავაკეთე, რომელიც მასწავლებელს გადაეგზავნა ისგ-ის (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა) გასაკეთებლად. რეაგირება ნოლი! დღემდე ადაპტირებული გაკვეთილის და ისგ-ის მაგვარი არაფერი მინახავს.

ჩართულია და საქმის კურსშია შესაბამისი სამსახურები, დირექცია და ყველა ფეხზე დავაყენე… პრობლემა იცით რაშია? მასწავლებელი ჩემთან არ კომუნიცირებს! არ მოვწონვარ. თურმე, ასეთი ამბები რატომ დავათიე და წელიწადნახევარი რომ ვაცადე, ბარემ კიდევ მეცლია 2 წელი და არ შეწუხებულიყო!

და კიდევ, არ დაგიმალავთ: პირადი კონფლიქტი არ მქონია. თუმცა, მშობლების “ჩათში” გული მოვიოხე და ეს “დასქრუნული” სავარაუდოდ აქვს. დღემდე სთხოვს მშობლებს ტელეფონის ჩვენებას და ამბების მიტანას (როგორი ამორალობაა) და ყველას ვეტყვი, რომ ის მასწავლებლის საპატიო წოდებას არ იმსახურებს!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური