GE

„თუ განათლების სამინისტროს ჰგონია, რომ სექტემბრიდან მსგავსი ტიპის ბიუროკრატიაში ჩაგვრთავს, ძალიან ცდება!“

სკოლების ავტორიზაციის პროცესის განხორციელებისთვის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ახალი დავალებები მიიღეს, რომელსაც “ზედმეტი ფურცლომანიისა და არაფრისმომცემი შრომის” მიზეზით არ ეთანხმებიან და ამგვარი ბიუროკრატიის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას აანონსებენ.

“ვინმე კომპეტენტურმა ამიხსნას რატომ უნდა გავასიტყვოთ ყველაფერი ავტორიზაციისთვის?

ანუ, კომპლექსური რომ დავგეგმე, დიაგნოსტიკური რომ ჩავატარე, ამის რეფლექსია დავწერე, მერე კომპლექსურის ეტაპების მოდიფიცირება გავაკეთე და კლასს მოვარგე, მერე რომ
გავიარეთ ეს ეტაპები და ბოლოს პრეზენტაცია გააკეთეს ბავშვებმა, ეს ყველაფერი მატრიცაში ეტაპებად და ბავშვების ნამუშევრის სახით ხომ მაქვს. ამის კიდევ გასიტყვება ვინ მოიფიქრა?

მართლა მაინტერესებს სხვა ქვეყნების გამოცდილება, ასე სიტყვა-სიტყვით წერენ ყველაფერს? ასე წლის ბოლოს მიაყრიან ხოლმე იქაც პედაგოგებს უაზრო ტრენინგებს? (სადაც ტრენერებს პრეზენტაციები უდევთ წინ და იმის იქეთ შეკითხვებს ვერ/არ პასუხობენ)!

თუ ავტორიზაციისთვის ამზადებ სკოლებს, რატომ არ იგეგმება წინა წლებში კვლევები, თუ როგორი ტიპის მხარდაჭერა სჭირდება ამა თუ იმ სკოლას? მე თუ მოსწავლის და მშობლის ჩართულობა უნდა მქონდეს კურიკულუმში, სამინისტროს საქმიანობის რა ნაწილში ჩანს ჩვენი ჩართულობა?

რაც დღეს ხდება არის მხოლოდ ტრენერების/ექსპერტების დასაქმების შესაძლებლობა და არანაიარ სარგებელს არ წარმოადგენს მოსწავლე-მასწავლებლისთვის! თუ სამინისტროს ჰგონია, რომ სექტემბრიდან მსგავსი ტიპის ბიუროკრატიაში ჩაგვრთავს, ძალიან ცდება! შეამცირეთ ეს უაზრო ქაღალდომანია და ყველაფრის წერა-ბეჭდვა! დავიღალეთ!

მოდი, მინისტრმა გაასიტყვოს ყოველი შეხვედრა და დაწეროს რეფლექსია. სისტემას მასწავლებლები არ უყვარს! ეს არის ერთადერთი დასკვნა დღევანდელი რეალობიდან!”, – წერს დღეს, 12 ივნისს გამოქვეყნებულ წერილში ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი თამარ ცანავა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური