GE

უმაღლესი განათლების ეტაპზე გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად ომბუდსმენი განათლების სამინისტროს მიმართავს

სახალხო დამცველი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების ეტაპზე გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად ზოგადი წინადადებით მიმართავს.

მიმართვის წერილი სახალხო დამცველმა 20 ივნისს გამოაქვეყნა.

ომბუდსმენის განცხადებით საქმე ეხება ტრანსგენდერ პირს, რომელიც ვერ ახერხებდა ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებას იმის გამო, რომ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მას მოსთხოვა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. იმის გამო, რომ პირი არის ტრანსგენდერი ქალი და რიგი გარემოებების გათვალისწინებით, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეპოვებინა აღნიშნული დოკუმენტი.

„საქმის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა, რომ არსებული მოწესრიგების შედეგად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, უნივერსიტეტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისთვის ტრანსგენდერ ქალებს ხშირად სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას სთხოვენ“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

მისივე განცხადებით, მართალია ამ სტუდენტის პრობლემა დადებითად გადაწყდა, თუმცა საგანამანათლებლო სისტემაში ხშირია ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, მათ შორის მასწავლებლებში, რაც აღვივებს და ახალისებს ძალადობრივი ფაქტების მიმართ უმოქმედობას. ჰომოფობიური გამონათქვამებისგან დაცლილი არ არის არც უმაღლესი განათლების საფეხური.

„თვალსაჩინოა განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ხაზს უსვამს ისეთი საგანმანათლებლო სისტემის არარსებობის საკითხს, რომელიც თავისუფალი იქნება ჰომოფობიური და ტრანსფობიური წარმოდგენებისგან, არაკეთილგანწყობილი გარემოსგან და ხელს შეუწყობს ადრეული ასაკიდანვე ტოლერანტული ღირებულებების განვითარებას სკოლის მოსწავლეებში. ხშირია ჰომოფობიური განწყობები მასწავლებლებში, რაც აღვივებს და ახალისებს ძალადობრივი ფაქტების მიმართ უმოქმედობას. ჰომოფობიური გამონათქვამებისგან დაცლილი არ არის არც უმაღლესი განათლების საფეხური. საქართველოს საჯარო სკოლებსა და საუნივერსიტეტო სივრცეებში გაბატონებული ამგვარი ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობა და არაკეთილგანწყობილი გარემო აძლიერებს განათლების უფლებით სარგებლობის შეზღუდვას ლგბტ+ თემის წევრებისთვის, ქმნის მტრულ გარემოს და აღნიშნული სივრციდან მათ გარიყვას იწვევს. გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე განათლების სისტემიდან გარიყვა საქართველოში ნორმის სახით ვლინდება“, – აღნიშნულია სახლხო დამცველის „დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე“ ზოგადი წინადადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ აბიტურიენტების/სტუდენტების დაწესებულებებში ჩარიცხვის პროცესში პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული სქესის მიხედვით განსაზღვრული ფორმალური წინაპირობების გათვალისწინების ნაცვლად, დანერგონ მოქნილი მექანიზმები/მიდგომები უმაღლეს განათლებაზე ტრანსგენდერი ქალების შეუფერხებელი წვდომის უზრუნველსაყოფად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური